კარი პირველი „აქ, მთვარის ქვეშ, ყველაფერი
მოკვდავია“.
ხორხე ლუის ბორხესი
თავი I
ოთახის კარი ისე იყო შეღებული, რომ ბავშვების ხმის გაგონება შეიძლებოდა. ათი მცირეწლოვანი ერთმანეთის მიყოლებით ცდილობდა თავის წარდგენას. ტუტტო-ტუდოს აღმზრდელები თვლიდნენ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი იყო, რაც ბავშვს ბაღის ასაკიდანვე უნდა შეესწავლა. მშობლები ოდნავ შეღებულ კართან იდგნენ და შვილების რიგს მოუთმენლად ელოდნენ. მილოსტიც ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. პირველი აღსაზრდელი, რომელმაც საკუთარი თავის წარდგენა თამამად დაიწყო, სწორედ მისი ქალიშვილი ლალუნა იყო.
- მე ლალუნა...
- ძვირფასო, ჯერ მოგვესალმე, - შეაწყვეტინა აღმზრდელმა.
- გამარჯობათ!
- კარგია, ოღონდ გამარჯობათ არასწორია, გამარჯობა უნდა ვთქვათ.
- გამარჯობა!
პედაგოგმა თავი დაუქნია და გოგონამაც განაგრძო:
- მე ლალუნა დერმონდი ვარ. სამი წლის.
- კარგი, ახლა ის თქვი, ყველაზე მეტად რა ან ვინ გიყვარს?
- გამარჯობა, მე ლალუნა დერმონდი ვარ, სამი წლის და ყველაზე მეტად მამიკო მიყვარს, - ამ სიტყვებზე აღმზრდელსაც და კარს უკან მდგომ მილოსტისაც გაეღიმათ.
- მშვენიერია, ახლა დავამატოთ - რისი გაკეთება გიყვარს ყველაზე მეტად და რისი არა.
- მე ძალიან მიყვარს მთვარის ყურება და არ მიყვარს პატარა ოთახები და რძე.
- შესანიშნავია! ისიც მითხარი, რომ გაიზრდები, პროფესიით ვინ უნდა იყო?
- მთვარეზე მოგზაური უნდა გამოვიდე! - წარმოთქვა აღტაცებით.
- ჰოდა, დიდი გოგო რომ იქნები, შენს თავს ასე წარადგენ - გამარჯობა, მე ლალუნა დერმონდი ვარ და მთვარეზე ვმოგზაურობ. ხომ ასე იქნება?
- დიახ, მასწავლებელო!
აღმზრდელი გოგონას მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:
- ყოველთვის ყველას უთხარი, რომ ოცნებებს აიხდენ! - ლალუნას გაეღიმა და ორივე ლოყაზე ფოსო გამოესახა.
- კარგი, ახლა სხვებზე გადავიდეთ. ბავშვებო, როგორც ლალუნამ მოგვიყვა თავის თავზე, ყველა ასე უნდა მოიქცეთ. ჰალეი, მოდი, შემდეგი შენ იყავი.
- გამარჯობა, მე ჰალეი ვარ, გვარად ტუნგუსკი. 5 წლის. მეც ძალიან მიყვარს მთვარე, - ბიჭმა ლალუნას გახედა, - მეც უნდა ვიმოგზაურო მთვარეზე, მაგრამ მანამდე ბევრი უნდა ვიფრინო.
ჰალეის არ ჰყავდა ის, ვინც კარს მიღმა გაიღიმებდა.
- მასწავლებელო, მე ხომ ყველაზე დიდი თვალები მაქვს? - იკითხა მოულოდნელად ლალუნამ.
- შენ ძალიან დიდი და ლამაზი თვალები გაქვს! მაგრამ ახლა სხვებს ვაცადოთ საუბარი, კარგი?
- კარგი, მასწავლებელო.
ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ სახელებსა და გვარებს. კითხვაზე - ვინ/რა გიყვარს ყველაზე მეტად, ზოგს ოჯახის წევრი, ზოგს კი საყვარელი სათამაშო ახსენდებოდა.
ოთახიდან გამოსულ ლალუნას მამა დიდი სიყვარულით შეეგება. ჰალეის კი ნაკლები სითბოთი, თუმცა მაინც, ბიძა მიეახლა. ზოგს - ბებო, ზოგს - დედა, ზოგსაც უბრალოდ, ძიძა ხვდებოდა. ლალუნა მუდამ მამას გამოჰყავდა ბაღიდან. ეს ოჯახის ერთგვარი ტრადიცია და რუტინა იყო.
პატარა, მუდამ მოღიმარ გოგონას მშობლებზე მეტად არავინ და არაფერი უყვარდა, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა მამასთან ჰქონდა. მილოსტი იყო მისთვის მთელი სამყაროს ყველა წერტილი.
თავის წარდგენამ ლალუნას, ისევე როგორც ყველა სხვას, ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ მოუწია და, თუ ეს არ იყო ოფიციალური წარდგენა, მის სიტყვებში მხოლოდ ასაკი იცვლებოდა. ის იყო ლალუნა დერმონდი, რომელსაც უყვარდა მთვარე და მამა და ვერ იტანდა პატარა სივრცეებსა და რძეს.
ლალუნამ იმ ბაღში მხოლოდ ერთი თვე იარა, მაგრამ მოისმინა ფრაზა, რომელიც შემდგომში მუდამ აძლიერებდა: „ყოველთვის ყველას უთხარი, რომ ოცნებებს აიხდენ!“
ნელ-ნელა ავიწყდებოდა აღმზრდელის გარეგნობა, ჩაცმულობა, ხმა, სურნელიც კი, თუმცა არაფრით ავიწყდებოდა ეს ექვსი სიტყვა.
თავი II
ოდესმე გიფიქრიათ, რომ ბავშვობის ერთი მორიგი სიზმარი შესაძლოა ზღაპრულ რეალობად ქცეულიყო? ალბათ ამაზე ფიქრსაც მხოლოდ ოცნებებში ბედავდით.
რატომ გვეშინია ზრდასრულობაში ოცნების?
არცთუ ისე იშვიათად, ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, გაუგონარ, წარმოუდგენელ სამყაროში ხდება. იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომლის შესახებაც ცოტამ იცის, სასიამოვნოა. ტუტტო-ტუდო ის ქვეყანაა, რომლის მნახველიც ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება. აქ ყველა თავისებურია, ისევე, როგორც ყველგან. უბრალოდ, ამ ქვეყანაში ხედავენ და აფასებენ ამ უჩვეულობას.
ის წელიწადი, რომლიდანაც ჩვენი ამბავი იწყება, ბევრისთვის აღმოჩნდა ოცნებების ასრულების. ჰალეი ტუნგუსკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ელოდა, რომ ის წელი საოცნებო რეალობად ექცეოდა. ბავშვობის ერთ უდარდელ ღამეს დაესიზმრა, თუ როგორ ეშვებოდა პარაპლანით მიწაზე. მაშინ სულ არ იცოდა, რა იყო პარაპლანი. მაგრამ ეს ამაღელვებელი წამები და საოცნებო გარემო გონებიდან არ ამოსდიოდა. მას მერე კი ეს სიზმარი უდიდეს ოცნებად ექცა, რომელზე ფიქრსაც არასდროს წყვეტდა.
ყოველი ქვეყნის თითოეულ კუთხეს აქვს რაღაც გამორჩეული, რაც მას, ადრე თუ გვიან,