ადრესატი
მისწერე, რომ გიყვარს.
მისწერე საჯაროდ
(რა საჭიროა დახურული წერილები),
უთხარი ტელეეკრანიდან,
გამოუცხადე რადიოთი,
გაავრცელე სოციალურ ქსელში
(ამ უკანასკნელს აქვს თვისება
„დაგილაიქოს“).
გამოგეხმაურებიან,
მოგწერენ პასუხს მის მაგივრად.
ის დუმილს არჩევს
(როგორც ყოველთვის),
მოთმინებით,
ნაჩვევი სიყვარულის გამოცხადების უცნაურ ხერხებს.
ნუ დაიზარებ, მისწერე,
მერე რა, რომ აღარ გიყვარს წერილების წერა.
უთხარი
რომ სინათლეს არ ეყო დრო,
ჩვენამდე მოეღწია.
რომ თავისუფლება მარტოხელების საქმეა.
რომ ღირსება სიცოცხლის თვისებაა
(სიკვდილს ის არ აქვს),
რომ უხერხულობა
(როცა დიდი ხნის უნახავები
ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებს)
ზერელე მოკითხვებით შემოიფარგლება.
მისწერე
რომ ის მხოლოდ მაშინ გახსოვს,
როცა სხვა ადრესატი არ გყავს,
როცა გინდა ვინმეს მისწერო.
გაუმხილე
რა ძნელია სინამდვილეში იქ,
სადაც ასე ჩუმად გვიყვარს ერთმანეთი.
სადაც უბრალოდ შემოდგომაა,
როცა უბრალოდ სამშობლოა.