Pro et Contra (მცირე მინაწერი პირველი რუბრიკისთვის)
დავით წერედიანის ჩანაწერების კითხვისას („თემა და ვარიაციები“/„ინტელექტი“/2018 წ.) ერთი ასეთი მოსაზრებაც ამოვიკითხე: „გალაკტიონი მწვერვალია, მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა და დღემდე ახდენს, მაგრამ თუ მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას ერთიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მას არსებითად გალაკტიონის გზით არ უვლია.
გალაკტიონი ფორმის გენია იყო, მაგრამ პოეზია მხოლოდ ფორმა არ არის, ხოლო ფორმის იქით, გალაკტიონის გავლენა ნაკლებ საჩინოა და არასოდეს გადამწყვეტი.
შეუძლებელიც იყო, მთელი პოეზიის მთავარი მაგისტრალი წმინდად ინტუიტიურ საწყისზე გასულიყო, სიზმრისეულ ჩვენებებზე, ბგერათა და ფერთა განუწყვეტლივ ლივლივზე, როცა მთავარი სათქმელი დიდ შემთხვევაში აზრით მოუხელთებელია“.
ამ, ერთი შეხედვით საკამათო (და ვიცი, ბევრი „ოლოგისთვის“ სასტიკად მიუღებელი) თვალსაზრისის ჭეშმარიტებაში რამდენიმე წლის წინ დაბეჭდილი ანთოლოგიების გაცნობის დროსაც დავრწმუნდებით (იხ. 1. „ქართული ლექსი XX საუკუნე“/შემდგ. ზვიად რატიანი/ „დიოგენე“. 2015 წ. 2. „მასალები ქართული პოეზიის სხვა ანთოლოგიისთვის – მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი“/შემდგ. დათო ბარბაქაძე/„მერწყული“. 2018 წ.).
საერთოდ, პოეზიის მოყვარული მკითხველისთვის (გემოვნებიან მკითხველს ვგულისხმობ და არა კერპთაყვანისმცემლებს) ისედაც ცხადზე უცხადესია ფაქტი, რომ მხოლოდ ერთი პოეტი (მიუხედავად იმისა, რომ ეს პოეტი გენიოსია და თან ყველაზე მეტი შედევრის ავტორი) მთელი მეოცე საუკუნის საპირწონე ვერ იქნება.
ამდენად, უცნაურია ზოგიერთ მკვლევართა აგრესიული (აგდებულიც კი) დამოკიდებულება, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის პოეტების მიმართ. რეალურად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არც იცნობენ სამოციანელთა, სამოცდაათიანელთა და მით უფრო, ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედებას.
მაშ რა ვუყოთ იმ შედევრებს, რომლებიც გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ დაიწერა? (და იწერება) რა ვუყოთ ელა გოჩიაშვილის „შაბიამანს“, თემურ ჩხეტიანის „უნგრულ რაფსოდიას“, ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია-ყელსაბამს“, ტარიელ ჭანტურიას „ხატაურას“, ზვიად რატიანის „ნეგატივს“, დავით წერედიანის „ფოთოლცვენას“, ნიკა ჯორჯანელის „ბირთვული იარაღის იავნანას“?
სწორედ პოსტგალაკტიონელთა შემოქმედების მრავალფეროვანი და მრავალგვაროვანი ბუნება იგულისხმა დავით წერედიანმა ამ სამართებელივით ბასრი ფრაზის წერისას: „მთელი მეოცე საუკუნის პოეზია, „გალაკტიონის გამოკლებითაც დიდი პოეზიაა“.
სხვათა შორის, გალაკტიონის პოეტიკის ე.წ. დიქტატურისგან გაქცეული სამოციანელებისგან, თანამედროვე ქართული პოეზიის ჩათვლით, ავტორები გადავთვალე, მივცხრილ-მოვცხრილე და ჯამში ორმოცი პოეტი მივიღე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სია ინდივიდუალურ, მკითხველის გამოცდილებაზეა მიბმული, თუმცა ის მაინც ჩანს, როგორი ევოლუცია განიცადა ქართულმა ლექსიმა, პოეტიკის მაკონსტრუირებელი ელემენტებისა და მსოფლმხედველობრივი ცვლილებების გათვალისწინებით.
პოსტგალაკტიონელები:
ტარიელ ჭანტურია
ვახტანგ ჯავახაძე
ოთარ ჭილაძე
გივი გეგეჭკორი
ლია სტურუა
ბესიკ ხარანაული
დავით წერედიანი
თედო ბექიშვილი
მურმან ლებანიძე
შოთა ჩანტლაძე
თემურ ჩხეტიანი
კარლო კაჭარავა
გიორგი ეკიზაშვილი
ზვიად რატიანი
ბათუ დანელია
გიგი სულაკაური
ნიკა ჯორჯანელი
შალვა ბაკურაძე
კატო ჯავახიშვილი
ანა კალანდაძე
ბელა ჩეკურიშვილი
დათო ბარბაქაძე
ლელა სამნიაშვილი
ეკა ქევანიშვილი
ჯარჯი ფხოველი
ანდრო ბუაჩიძე
დიანა ანფიმიადი
გაგა ნახუცრიშვილი
ნუგზარ ზაზანაშვილი
ჯუანშერ ტიკარაძე
თამაზ ბაძაღუა
ბადრი გუგუშვილი
ვახუშტი კოტეტიშვილი
რენე კალანდია
ესმა ონიანი
თამაზ ჩხენკელი
იზა ორჯონიკიძე
გივი ალხაზიშვილი
ზაზა თვარაძე
ელა გოჩიაშვილი
პ. ს. სიის შედგენისას კონკრეტული სტრატეგია არ მქონია. ქაოსურად, არათანმიმდევრულად ჩამოვწერე მხოლოდ ის პოეტები, ვინც მომწონდა (და დღემდე მომწონს).