არავითარი პოეზია არავითარი პოეზია... ცა... მთვარის შუქი...
არავითარი შეკრებები მეტეხთან, მტკვართან.
არც ბიბლიიდანბოძებული კვირა დღე-უქმე,
არავითარი მზის სხივები, არამედ ქართა
ზუზუნი, დელგმა, იანვარი და ელვის ზოლი.
გაშრა ქალაქიც, როგორც ერთგან მშრალია ხიდი:
გახუნებულიჟან ჟაკ რუსო და ემილ ზოლა,
დიდრო, ვერლენი – გაყიდული და გასაყიდი
გდია მიწაზე. და მიწიდან ამოდის ორთქლი,
დგანან სულები წარსულების – გრანელის, გალლას.
არავითარი პოეზია. ქაოსი. შფოთი,
ერთი პოეტის ერთი ლექსიც არ სცხია ქალაქს.
ვიბრძვით ლუკმისთვის, შვილებისთვის,
გვეღვრება ოფლი,
ნელ-ნელა გვაჭერს საფეთქლებთან პაოლოს თოფი...
არავითარი პოეზია!