ავტორისაგან
გამიმართლა, რომ ჩემმა მეგობარმა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიათა გამხატვრულება მთხოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის ექვსი შემოქმედის ამბავი ნამდვილი ფაქტებისა და მოვლენების დაცვით უნდა დამეწერა. დაუფიქრებლად დავთანხმდი, სულსწრაფი სიხარულით. ფიქრი თანხმობის შემდეგ დავიწყე. აღმოჩნდა, რომ გამხატვრულება იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე გამომიცდია მხატვრული ტექსტის შექმნისას. დავკარგე გამოგონების თავისუფლება, მაგრამ მუშაობის პროცესში რაღაც სხვა, უფრო დიდი თავისუფლება მოვიდა. ეს იყო დროში გადაადგილების, წარსულში დაბრუნების და მომავლის ორიენტირთა ამოცნობის, იმ ნამდვილ ადამიანებთან მიახლოების და მადლობის გადახდის შესაძლებლობა, რომელთა მხრებზეც გადაიარა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ, რომელთა შეცდომებიც გაკვეთილებად, ფასეულობები კი მთავარ საყრდენად შეგვიძლია ვაქციოთ. ამ წიგნის წერისას ბევრი რამ გავიგე საკუთარი ქვეყნის ისტორიაზეც, მაშასადამე საკუთარ თავზე და ჩვენს საერთო მომავალზე, რადგან „აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“. ხოლო წარსული ყველაზე მნიშვნელოვნად ადამიანების გონებაში არსებობს და გულებში ინახება. ჩვენში დავანებული ეს არქივი ხშირად მწირი და სახეცვლილია, ზოგჯერ დამახინჯებულიც კი. ამ პიესებით – ამ ზღვაში წვეთით – ჩვენი საერთო მეხსიერების გამოფხიზლების, დაწმენდის პროცესს ვუერთდები, ვეხები თემებს, რომლებმაც მეტის გაგების სურვილი უნდა აღძრან.
ამ ამბებით, პირველ ყოვლისა, საკუთარ შვილს ველაპარაკები – ყველაზე ძვირფასს, ვინც მყავს, – და ვეუბნები ყველაზე ძვირფასს, რაც მაქვს.
თურმე შესაძლებელია 2023 წელს, ცხადში ან სიზმრად, ოჯახის წევრივით, ახლობელივით გახსენდებოდეს მინადორა ტოროშელიძე, ფიქრობდე ნიკო ნიკოლაძეზე, დარდობდე ნოე ჟორდანიაზე, გენანებოდეს ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ლიზა ნაკაშიძე, გაგონდებოდეს ქრისტინე შარაშიძე, რომელმაც ერთხელ თქვა: „იქნებ გამიხსენოს კიდეც ვინმემ, თუნდაც, გაკვრით, ჩემი სიკვდილის შემდეგ და გვერდიგვერდ ჩამოამწკრივოს ჩვენი სახელები...“ თურმე ადვილია ამ სურვილის შესრულება, შესაძლებელია მათი ადგილი დღესაც გამოინახოს ჩვენს ცნობიერებაში, გადაიქცეს თანამედროვე ადამიანის პირად და ძვირფას ნაწილად, დაგვაფიქროს და დაგვაიმედოს, რომ არსებობს ცოდნა-უნარი, რომელსაც ერთხელ თუ მოიპოვებ, აღარასდროს დაკარგავ. თუნდაც გონებით მიგავიწყდეს, სხეულის უნებლიე მეხსიერება მას მაინც ინახავს ბავშვობაში ნასწავლი ცურვასავით, ველოსიპედის ტარებასავით. და გადამწყვეტ მომენტში, ის აუცილებლად ამოქმედდება, მთავარია, ხელი არ შევუშალოთ, არ შეგვეშინდეს. ალბათ ასეა თავისუფლებაც, ასეა ჩვენში არსებული მარადიული საზრისი, მუდამ ცოცხალი, დაუვიწყარი, უკვდავი ინსტინქტი. მიუბრუნდი, მიენდე და გადარჩები.
„კი ვტრაბახობთ, მაგრები ვართ, არ მოვითმენთ, ვერ ავიტანთ, არ დავთმობთ, ვერ შევეგუებით, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ვითმენთ, ვიტანთ, ვთმობთ, ვეგუებით... ეს არის თავი და თავი ჩვენი უბედურებისა, ისეთები აღარა ვართ, როგორებიც შეიძლება მართლა ვიყავით ოდესღაც... უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლოში, სამშობლოს კი არ ვანთავისუფლებთ, სამშობლოსგან ვთავისუფლდებით თანდათან... ვთავისუფლდებით დამნაშავის კომპლექსისგან, ყოველ შემთხვევაში დანაშაულად აღარ ვთვლით იმავე სამშობლოს ღალატს“, – ოთარ ჭილაძის ამ ჩანაწერიდან ყველა სიტყვა გულზე მხვდება. „ისეთები აღარა ვართ, როგორებიც შეიძლება მართლა ვიყავით ოდესღაც“... გავიხსენოთ როგორები ვიყავით, იქნებ ამ გახსენებით ნელ-ნელა დავემსგავსოთ კიდეც ჩვენივე საწყისს, საკუთარ თავს.
დაბოლოს, მადლობა ადამიანებს, რომელთა ინიციატივით, ძალისხმევითა თუ მხარდაჭერით შესრულდა ერთი კარგი პროექტი და მე მხატვრულ-დოკუმენტური პიესების დაწერის პატივი მერგო:
პროექტის კოორდინატორს – ოთო ქანთარიას, რომელმაც ბიოგრაფიების გამხატვრულება შემომთავაზა;
ისტორიის მკვლევარს – ირაკლი ირემაძეს;
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში (ნაწარმოებში მოცემული მოსაზრებები ეკუთვნით პროექტის ავტორებს, და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას.).
დიდი მადლობა წიგნის პირველ მკითხველებსა და შემფასებლებს:
ლანა ღოღობერიძეს,
ზაალ ჩხეიძეს,
და მთავარ შთაგონებას, ჩემს შვილს, თამარ სამყურაშვილს.