შესავლის ნაცვლად გმირი
ბოლოს მე მოვკალი შიმშილი
მაინც წავაცალე ის თავი (კერძი)
ამ თავკერძა გოლიათს,
მაინც მე მოვკალი და ყველა
ომი, ცხელიც, ცივიც, რომელიც
ჩემს მოდგმას
ოდესმე ჰქონია
(და ყველას გაძღოლა ვითავე),
ჩემი მოგებული მგონია.
ვუყურებ,
ამ კისერს, ნათავარს
ამოსდის ასობით ახალი
– ავლესე ჩანგალი,
დავთვალე
– სადილი, საუზმე, ვახშამი, სამხარი.
მაინც მე მოვკალი შიმშილი
შიშით გავუხეთქე ის გული –
(ქადის, თუ ღვეზელის)
შევძელი.
და ისევ, ახალი თავთავი,
ამოსდის ახალი თავთავი,
ამოსდის...
ბევრი მაქვს სამკალი
– სადილი, საუზმე, ვახშამი, სამხარი.
ბოლოს მე მოვკალი შიმშილი
მაინც წავაცალე ის თავი
– მშიერთა ტირილით გალეშილს.
ნისლ-სარჩულ, მთვარე-ღილ ღამეში
მოვდივარ
შიმშილთან მებრძოლი რაინდი –
ახალი გილგამეში.