წინასიტყვაობის ნაცვლად
ეძღვნება დედაჩემს, ნანა ანფიმიადის – ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზ და გემრიელ გადამრჩენელს .
შვედეთის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთ პარტიას ასეთი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა: ამ პარტიის წევრი ქალების კულინარიული რეცეპტები დაბეჭდეს სააგიტაციო ბუკლეტებზე და მოსახლეობას დაურიგეს. ერთი წუთით წარმოვიდგინე, ჩვენთან რომ ასეთი რამ მომხდარიყო, მეორე დღესვე როგორი ამბები ატყდებოდა; მშიერ და გაჭირვებულ ხალხს დაგვცინიანო, რა დროს კულინარიაა, როცა პურზე ფასები იწევსო და ა.შ.
არადა, რეცეპტის გაზიარება ძალიან ინტიმურ და ლამაზ ჟესტად მიმაჩნია, ეს ისეთი ჭკუის სწავლებაა, რომელიც არავის აღიზიანებს.
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი: ქორწილში იმდენი რეცეპტების წიგნი მაჩუქეს, სულ ფერადები და პრიალაფურცლიანები, ძალიან კარგი ხარისხის და კარგი გამომცემლობების მიერ გამოცემულები – არც ერთი არაფრად არ ვარგა.
კულინარიულმა წიგნმა გემოს რეცეპტორები უნდა გაგიღვიძოს, კერძის სუნი გაგრძნობინოს, ცნობისწადილი გაგიღვივოს – აქ სულ პირიქითაა, სკოლის მათემატიკის წიგნში რომ ამოცანები იყო, ზუსტად ისე წერია. ამიტომ მიყვარს ადამიანი-რეცეპტები. ერთი ასეთი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ცხოვრობდა, მწერალი იყო და ბარბარე ჯორჯაძე ერქვა. ჩემი მუზაა ეს ქალი.
აი, ფაფებს ხომ ბავშვობიდან ვერ ვიტან, მაგრამ ამას შევჭამდი: „ფაფა მჟავე – ძრიელ გემრიელი, კრუჟოვნიკისა“ – ერთ-ერთი რეცეპტია ბარბარეს სამზარეულოს წიგნიდან „სრული სამზარეულო“. მიყვარს ასეთი ქალები – გემოს ვნებებისა რომ არ ეშინიათ.
ადამიანს, სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის, არჩევანის თავისუფლების, სიყვარულის, განხორციელებული შესაძლებლობების, მსოფლიო მშვიდობისა და პირადი სიმშვიდის გარდა, ვანილიანი ნაღების კრემიც სჭირდება. ამას ადრეულ ბავშვობაში მივხვდი, როცა ჩემი კლასელის დაბადების დღეზე მისულს, ულამაზესი, დიდი იასამნებით მორთული საოცნებო ტორტი დამხვდა (ეს ის დრო იყო, გაუგებარ მწვანე პურსა და საშინელ მარგარინს რომ ვჭამდით). ტორტის გაჭრამდე, როგორც იყო, გავძელი, ბოლოს და ბოლოს, მისი ერთი ნაჭერი ჩემს თეფშზე აღმოჩნდა და... დღემდე ვერ ვივიწყებ მძაღე კარაქის იმ გემოს.
ღმერთმა დაგიფაროთ ჩაშლილი დღესასწაულებისგან.