" თავი VI ნოდარ გრიგალაშვილი ილიას მკვლელობის პარტიული დადგენილება შესაძლოა მკითხველს გაუკვირდეს, მაგრამ სოციალ-დემოკრატები, გადაწყვეტდნენ რა ტერაქტის მოწყობას, ამ გადაწყვეტილებას პარტიული დადგენილებით აფორმებდნენ. 1907 წლის მაისამდე დადგენილების გამოტანა პარტიის რაიონულ კომიტეტს შეეძლო როგორც ზემოდან კარნახით, ისე დამოუკიდებლადაც. 1907 წლის მაისის შემდეგ კი რაიონული კომიტეტი დამოუკიდებლად ამას ვეღარ გააკეთებდა, თუ რატომ, ქვემოთ გიამბობთ. სოციალ დემოკრატებს შედგენილი ჰქონდათ მკვლელობის ასეთი სტრუქტურა: არსებობდა მთავარი საიდუმლო კომიტეტი. არსებობდა რაიონული ორგანიზაციები, რაიონული კომიტეტები. თითოეულ რაიონულ ორგანიზაციას ჰყავდა რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი, ე.წ. წითელრაზმელები, ანუ დრუჟინები. „ფრაქციულ სამხედრო ორგანიზაციას „დრუჟინა” ერქვა, რომელიც ტერორისტულ აქტებსაც ახდენდა” (ამას წერს კოტე ცინცაძე, 900-იანი წლების მთავარი ტერორისტი, ხოლო 1921 წლის შემდეგ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე). თითოეულ დრუჟინას ჰყავდა თავისი მეთაური. დადგენილებას ტერორისტული აქტის შესახებ ღებულობდა ის რაიონული კომიტეტი, რომელსაც დაავალებდა ცენტრი ტერიტორიული პრინციპით ან თავის ინიციატივას შეუთანხმებდა ცენტრს. შემსრულებელნი იყვნენ რაიონული კომიტეტის „დრუჟინები“, პასუხისმგებელი კი რაიონული კომიტეტი. აი, ასეთი იყო ის სქემა, რომლითაც ხდებოდა ტერორისტული აქტები. ეს სქემა არავისთვის საიდუმლო არ იყო. პირიქით, ტერორისტები მათ მიერ ჩადენილ „საგმირო“ საქმეებზე გულწრფელად ყვებიან 20-იან წლებში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. მათ შორის დასავლეთ საქართველოს ტერორისტების (დრუჟინების) უფროსი ბარონ ბიბინეიშვილი და საქართველოს ტერორისტების უფროსი, სახელგანთქმული კამოს სიძე, კამოს დის არუსიაკა პეტროსოვას ქმარი კოტე ცინცაძე (სამივე _ კამოც, ბიბინეიშვილიც და ცინცაძეც, იმთავითვე სტალინის ქვეშევრდომნი და უახლოესი ადამიანები, ასრულებდნენ მის ბრძანებებს). ასეთი ამბების მოყოლა 20-იან წლებში შეიძლებოდა. მერე აკრძალეს და, უფრო მეტიც, 1937 წელს ბიბინეიშვილიცა და ცინცაძეც დახვრიტეს (უფრო ადრე კამო თბილისში მოძრავ ერთადერთ მანქანას დაეჯახა და მოკვდა)... ეს მცირე გადახვევა იმისთვის დაგვჭირდა, რომ მკითხველმა იცოდეს, ზემოხსენებული სტრუქტურის შესახებ თვით ძველი ბოლშევიკები ჰყვებიან. რაც შეეხება პარტიულ დადგენილებებს, შეგვიძლია ნიმუშად წარმოვადგინოთ რამდენიმე დადგენილება. მაგ. თბილისში სასტუმრო გრანდ ოტელში დააპატიმრეს გენერალ შირიკინზე თავდასხმის განმზრახველთა ჯგუფი. გაჩხრიკეს ნომერი, სადაც დიდძალ იარაღთან ერთად აღმოჩნდა შირიკინის სიკვდილის განაჩენის ორი ცალი. განაჩენი იყო ასეთი: „სოც. რევოლუციონერების ტფილისის მებრძოლი ორგანიზაცია გენერალ-მაიორ შირიკინს უსჯის სიკვდილით დასჯას. სტამბა სოც-რევოლუციური პარტიისა“. ამ წარწერას აზის ბეჭედი ტვიფარით — სოც. რევოლუციონერების პარტიის მებრძოლი ორგანიზაცია. ზემოთ ვთქვით, გენერალ შირიკინზე თავდასხმა გაამჟღავნა ვინმე პეტროვმა (გერმანელი სტუდენტის პარტიული მეტსახელია). როცა პეტროვი დასაჯეს რევოლუციონერებმა, მათ დაწერეს — პეტროვი მოკლულ იქნა პარტიის განაჩენით ღალატისთვისო. ძველი ბოლშევიკი სერგო ქორიძე 1928 წელს წერს: „გადავწყვიტე 1906 წელს შემოდგომაზე ბოლშევიკურ პარტიაში ჩაწერა. გავხდი რა პარტიის წევრი, ვღებულობ მონაწილეობას პარტიის დავალებით ტერორისტული აქტების შესრულებაში“. იგივე ქორიძე ერთ ძალიან საინტერესო და ტრაგი-კომიკურ ამბავსაც ჰყვება. პარტიის დადგენილება სოც-დემოკრატებს ხატის სასწაულმოქმედი ძალის წინააღმდეგაც კი გამოუტანიათ დადგენილება. (?) „1903 წლის ივნისის შუა რიცხვებში გასცეს პროპაგანდისტი იასონ მეგრელიძე, ს. კალანდაძე, თ. ჟღენტი (ყველანი რევოლუციონერები იყვნენ, — ნ.გ.). გაცემა მოხდა ლომისკარელის ხატზე ხალხის დაფიცებით. ლომისკარელი იყო ხატი, რომელსაც ორი შეიარაღებული კაცი დაყვებოდა. ეს ისეთი ძლიერი ხატი იყო, მაშინდელი წარმოდგენით, რომ ვინც მასთან ტყუილის თქმას გაბედავდა, ის იქნებოდა სასტიკად დასჯილი ხატის მიერ და სიმართლეს მაინც გამოათქმევინებდა ხატი. ეს ხატი ესვენა სურებში ერთ-ერთ ეკლესიაში და ამით აბრმავებდნენ ისედაც დაბრმავებულ ხალხს. შემდეგში ეს ხატი იქნა მოტაცებული ბათუმ-გურიის კომიტეტის გადაწყვეტილებით“ (იხ. „რევ. მატიანე“, 1928წ. №2). თუ ხატი არ დაინდეს, ვთქვათ, გენერალ გრიაზნოვზე რა დადგენილებას გააშანშალებდნენ, ძნელი მისახვედრი არ არის. გრიაზნოვის მკვლელის არსენა ჯორჯიაშვილის მოსაგონარში ვკითხულობთ: „მეორე რაიონის (ეს ავლაბრის რაიონია, — ნ.გ.) მუშათა მებრძოლი დრუჟინის (სოც-დემ) დადგენილებით 16 იანვარს გენ. გრიაზნოვის სახით მან გაანადგურა... სულთამხუთავი“. ერთი სიტყვით, პარტია ძირითადად ტერორს ნიშნავდა შესაბამისი რაიონული რგოლის საიდუმლო ბეჭედდარტყმული დადგენილებით. სხვათა შორის, მსხვერპლის შერჩევისას წინასწარ პარტიული დადგენილების გამოტანის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მოგონებებშიც წაიკითხავთ, რომ 1905 წელს ასეთი დადგენილება დეკანოზ ვოსტორგოვისათვისაც გამოუტანიათ, რაც ვოსტორგოვმა შეიტყო და საქართველოდან გაიპარა. ილიას მკვლელების ჩვენების გამო — ილია კომიტეტის დავალებით მოვკალითო, მკითხველი იფიქრებს, რომ ეს დავალება ზეპირი იყო და საუკუნის ჰეროსტრატენი ილიაზე მაინც ბეჭედდარტყმულ ქაღალდს არ შექმნიდნენ. შეუქმნიათ! ამის დასტურს ზემოხსენებული ამხანაგი რაჟდენ კალაძე წარმოგვიდგენს, რომელსაც ბოლშევიკების პარტიის ისტორიის შემქმნელი ჯგუფის ხელმძღვანელობა ჰქონდა დავალებული და რომელიც ილიას მკვლელობის პარტიული, საშინაო „ძიების“ დოკუმენტებს იცნობდა. სხვათა შორის, განათლებული კაცი იყო (მამა პოეტ კარლო კალაძისა) და ვინ იცის, მთლად გულუბრყვილოდაც არ გაამჟღავნა ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ. ეკამათება რა ს. თალაკვაძეს, ილია გლეხებს არ მოუკლავთო, კალაძე შავით თეთრზე წერს: „გლეხებს საქართველოს ეს დიდი მწერალი არ მოუკლავთ. ეს ბრალდება ჩვენს გლეხებს უნდა მოვხსნათ. გარდა ამისა, როგორც ვიცით, დიდი ჭორი და ცილისწამებაა გავრცელებული ჩვენს ნაციონალისტურ ინტელიგენციაში ილია ჭავჭავაძის მოკვლის გამო. იმდროინდელ თბილისის ს.დ. ორგანიზაციაზე და იმდროინდელ ბოლშევიკური ფრაქციის ერთ ლიდერთაგანზე. ჩვენი ვალია ეს ჭორი და ცილისწამება ეხლა მაინც გავაქროთ... ... ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მომწყობი იყო თვით ილიას გაიძვერა — გაქნილი მოურავი დიმიტრი ჯაში, რომელსაც რაღაცნაირი მიზნით ამოქმედებდა ჯერ ისევ გამოუცნობ-გამოურკვეველი ჯგუფი; ხოლო მკვლელობის ჩამდენი, იმდროინდელი „წითელი რაზმები“, რომლებიც რეაქციის დაწყების გამო ტყეში იყვნენ გახიზნულნი, ხსენებულმა ჯაშმა და მისმა მომავლინებელმა უცნობმა ჯგუფმა, ს.დ. ყალბი დოკუმენტის ყალბი მიწოდების საშუალებით შეცდომაში შეიყვანეს, მოჰკლეს ილია. ...ხოლო მკვლელობის მომწყობი მოურავი ჯაში დაუსჯელი დარჩა. ეს გარემოებაც აშკარად მოწმობს იმას, რომ ილიას მკვლელობაში მთავრობის და „მაღალ სფეროს“ პირებიც მონაწილეობდნენ. იქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ს-დემოკრატიული (მენშევიკური) ორგანიზაციის მიერ იმ ხანებში შედგა განსაკუთრებული კომისია, რომელსაც ამ საქმის გამორკვევა ჰქონდა მინდობილი და რომლის ორი წევრი ჩვენ შორის იმყოფებიან. მათ ამ საქმეს გამოსარკვევად საკმაო მასალა აქვთ შეკრებილი. როგორც ირკვევა ს-დ. რაიკომის ბეჭედდარტყმული „ქაღალდი“ ყალბათ არის შედგენილი „ტყის ძმების“ ხელმძღვანელის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ვინ შეადგინა სახელდობრ ეს ყალბი „ქაღალდი“, ან ჰქონდა თუ არა ამ სიყალბესთან რაიმე კავშირი რომელიმე სოციალ-დემოკრატს, ეს დღესაც გამოურკვეველია. ყოველ შემთხვევაში ის კი აშკარაა, (ჩვენ აქ ავღნიშნავთ ფაქტს) რომ ამ მკვლელობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია მიწის მუშას, გლეხს“ (იხ. „რევოლუციის მატიანე“, 1925წ. №3) ვიმეორებ, ამ სტრიქონებს წერს კაცი, რომელიც იმდენად დამსახურებული და ავტორიტეტული ბოლშევიკია, რომ თალაკვაძესთან ერთად აკრიტიკებს თვით ფილიპე მახარაძეს. რაც მთავარია, მთელი საარქივო მასალა მის ხელშია გავლილი. ჩამოაცილეთ ახლა ამ ამონარიდს მისი იდეოლოგიური მოსაზრებები და დატოვეთ მხოლოდ ფაქტები. რა ფაქტებზე მოგვითხრობს ამხ. რაჟდენი? სტალინის ძველი თანამებრძოლი აღიარებს, რომ მკვლელები გლეხები კი არა, ტყეში გახიზნული „წითელრაზმელები“ არიან. რომ არსებობდა სოციალ-დემოკრატების დოკუმენტი (მისი აზრით ყალბი); რომ ის „ყალბი“ დოკუმენტი მიაწოდეს „წითელრაზმელებს”, მათ მეთაურს და მოაკვლევინეს ილია. რომ სოციალ-დემოკრატთა რაიკომის ის დოკუმენტი იყო ბეჭედდასმული. ვიმეორებ, ამას ჰყვება სოც-დემოკრატთა მიერ ჩატარებული საშინაო გამოძიების მასალების მცოდნე კაცი. სხვა საკითხია, რა სქემა მოიფიქრეს, თანაც უნიჭოდ, სოც-დემოკრატებმა საკუთარი თავის გასამართლებლად. განა რა ლოგიკაა იმაში, რაიკომის ბეჭედდარტყმული ქაღალდი ყალბი იყო და „წითელრაზმელები” შეცდომაში შეიყვანესო. ამ „შეცდომას“ საუკუნის ტრაგედია მოჰყვა და, თუ მართლა შეცდომა იყო, ბოლშევიკები მცირე გადაცდომაზე სიკვდილით სჯიდნენ შემცდართ და სასამართლოსგან დადგენილ მკვლელს, ბერბიჭაშვილს თანამდებობებს რაღად აძლევდნენ? ერთი სიტყვით, ამ დოკუმენტის გამოქვეყნება, ქვეშეცნეულად, იგივე აქტი იყო, მკვლელი რომ თავის ფეხით დაბრუნებულიყო მკვლელობის ადგილზე. რას ნიშნავს „სოციალ-დემოკრატთა რაიკომის ბეჭედდარტყმული“ ქაღალდი? როგორც ვწერდით, პარტიული ტერორისტული აქტების შაბლონი ასეთი იყო. დადგენილება ტერიტორიული პრინციპით უნდა მიეღო შესაბამის რაიონულ კომიტეტს. წიწამური, სადაც ტერაქტი მოხდა, შედიოდა დუშეთის მაზრაში. ბოლშევიკებს დუშეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიული და ტერორისტული ორგანიზაცია ჰქონდათ. რაიკომის ბეჭედდარტყმული ქაღალდი ამ შემთხვევაში მექანიკურად ნიშნავს დუშეთის ს.დ. რაიონული კომიტეტის ბეჭედდასმულ ქაღალდს. დაკითხვისას, როგორც კი ხიზანიშვილმა კომიტეტი ახსენა, მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის კომიტეტიო, არ უთქვამს, მაშინდელ პრესაში მყისიერად დაისვა კითხვა — „ნეტა ვინაა ეს კომიტეტი, რომლის განკარგულებით მოქმედებდნენ ეს ცოფიანი ნადირები? ნეტა რომელი პარტიის კომიტეტი მოქმედებდა დუშეთ-საგურამოს რაიონში?!” ამის დამწერმა სტრუქტურა იცის. იცის პარტიას დადგენილება ტერიტორიული პრინციპით რომ გამოაქვს. არცაა გასაკვირი, ამ სიტყვების ავტორი თავადაც პარტიულია, სოც-ფედერალისტების წევრი. ზემოთ ისიც მოგახსენეთ, დავალების შესრულებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი რაიონული კომიტეტი იყო, პრაქტიკულად კი ტერაქტს ახორციელებდნენ ამ რაიკომის დაქვემდებარებაში არსებული „ტყის ძმების”, ანუ „წითელრაზმელების”, ანუ „დრუჟინის” წევრები. ვფიქრობ, ნათელია რატომ წერდა ს. თალაკვაძე — „ამ მკვლელობის ამბვის კარგად მცოდნე დუშეთელ ამხანაგებს ვიცნობთ ჩვენ“-ო. უშუალო მკვლელები — ინაშვილი, ბერბიჭაშვილი და ფშავლიშვილი (აფციაური) სწორედ დუშეთის ს.დ. კომიტეტის „წითელრაზმელები” იყვნენ. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა, ვინ იყო და საიდან მოვიდა მე-4 მკვლელი, დანარჩენთა უფროსი და ორგანიზატორი „ვიღაც იმერელი”? ცალკეულ მეცნიერთა ნაშრომებზე დაყრდნობით მეც ვფიქრობდი, რომ ის სერგო ორჯონიკიძე იყო და ასეც ვწერდი გაზეთ „24 საათში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში. ორჯონიკიძეს იმდენი და ისეთი დიდი ცოდვები აქვს საქართველოს წინაშე, რომ ვერც ვერაფერს დაუმძიმებს და ვერც შეუმსუბუქებს კაცი, მაგრამ კვლევამ დამარწმუნა, რომ დიდი ალბათობით ამ ოთხ მკვლელში ორჯონიკიძე ვერ იქნებოდა. უფრო მეტიც, პირველწყაროებზე მუშაობისას თანდათანობით გამოიკვეთა პარტიიდან გამოგზავნილი „ვიღაც იმერელის” პიროვნება, რომელიც დღემდე იდუმალებით არის მოცული. ვინ იყო „ვიღაც იმერელი?” ამაზე ქვემოთ მექნება მსჯელობა. წინასწარ ერთს დავსძენ, ის იმ დროისათვის სერგო ორჯონიკიძეზე უფრო დაუნდობელი და მეტი წონის ტერორისტი გახლდათ. დღეს უკვე არა ვერსიის დონეზე, არამედ დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით შემიძლია დავწერო როგორც უტყუარი ფაქტი: “ვიღაც იმერელი” გახლდათ ნამდვილად ბოლშევიკი. სტალინის თანამებრძოლი. და მაინც, კონკრეტულად ვინ იყო და ვისი დავალება შეასრულა ამ უკვდავმა ბოროტებამ? დავიწყოთ საუკუნის საიდუმლოს, გორდიას კვანძის გახსნა თანმიმდევრულად. წიგნიდან “თანამდევი სული”, ტომი II, გვ. 471-478. "