სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულებში კონკორდში, უმეტესად ხელოვანი ხალხით დასახლებულ კოლონიაში, საინტერესო პროცესები ხდებოდა. ახალ ინგლისში პურიტანიზმის მძიმე გავლენას და ამერიკულ მატერიალიზმს ტრანსცენდენტალისტთა დაჯგუფება დაუპირისპირდა, ადამიანის „დაცემულ“ ბუნებას შეღავათიანი ხედვით მიუდგა და საკუთარი ძალების რწმენის იდეა დაამკვიდრა; პიროვნება, მისი უფლებები, მისი სინდისი ღვთაებრივ ფენომენად გამოაცხადა. თორო, რალფ ემერსონთან ერთად, ამერიკელ ტრანსცენდენტალისტთა ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. მისმა იდეალიზმმა, შეურიგებლობამ და სამოქალაქო პროტესტის იდეამ შემდგომ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ტოლსტოიზე, განდიზე, მარტინ ლუთერ კინგზე.
ამ გავლენის კვინტესენციას თოროს ერთი ბრწყინვალე ესე წარმოადგენდა: „სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ“ (1848), რომელიც ხელისუფლებისადმი არაძალადობრივი წინააღმდეგობის კატეხიზისად იქცა.
თორო 1817 წელს მასაჩუსეთსში, კონკორდში დაიბადა და ჰარვარდში სწავლის ოთხწლიანი პერიოდის გარდა, მთელი ცხოვრება იქ გაატარა. დაახლოებით 1836 წელს ტრანსცენდენტალისტებს შეუერთდა და მათი რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი განმსაზღვრელი წევრი გახდა. 1842-43 წლიდან გადასახადებს პრინციპულად არ იხდიდა. ტყეში ცხოვრების (1845-1847) ორნახევარი წელიწადი აღწერა თხზულებაში „უოლდენი“ (1854).
მთელი არსებით ვეთანხმები ამ გამონათქვამს, – „საუკეთესო მთავრობა ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს“ მინდა, ამ იდეის მალე და სისტემურად განხორციელებას მოვესწრო, განხორციელებისას კი აქეთ მიისწრაფოდეს: „საუკეთესო მთავრობა ისაა, რომელიც სრულებით არ მართავს“. როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან, ხელისუფლებაც ასეთი ეყოლებათ. საუკეთესო შემთხვევაში, მთავრობა სხვა არაფერია, თუ არა მიზანშეწონილება, მაგრამ მთავრობათა უმეტესობა – როგორც წესი, და უკლებლივ ყველა ხელისუფლება კი – ხშირად, სრულიად მოკლებულია მიზანშეწონილებას; მუდმივი ჯარის საწინააღმდეგოდ გამოთქმული მოსაზრებები, ასეთები კი ბევრია, საკმაოდ ანგარიშგასაწევიც და, მაშასადამე, არსებობის უფლებაც გააჩნიათ, ბოლოს და ბოლოს მთავრობის წინააღმდეგაც უნდა გამოითქვას. თვითონ მთავრობა, რომელიც ადამიანებს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალებად გამოუგონიათ, შეიძლება ჯარზე არანაკლებ შეირყვნას და დამახინჯდეს, სანამ ხალხი მისი მეშვეობით ქმედებას დაიწყებს. მექსიკასთან დაწყებული ახლანდელი ომი კარგი თვალსაჩინოებაა, როგორ შეუძლია ლამის რამდენიმე პირს მთავრობის გამოყენება თავიანთი მიზნების მისაღწევად, რადგან სხვა ვითარებაში ძალის ასე გამოყენებას ხალხი არ დათანხმდებოდა.
ამერიკის მთავრობა კი – რას ეფუძნება იგი, თუ არა მხოლოდ ტრადიციას, კაცმა რომ თქვას, ჯერ საკმაოდ ახალ ტრადიციას, რომელიც ცდილობს შთამომავლობას უცვლელად გადაებაროს, მაგრამ მის მთლიანობას ყოველ წუთს რაღაც აკლდება? ერთი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა და ძალაც არ გააჩნია, რადგან თურმე ერთ ადამიანსაც კი შეუძლია თავისი ნებისამებრ მისი მოდრეკა. ხალხისთვის ხის თოფზე უფრო გამოსადეგი არაა, თუმცა, ამის გამო მის საჭიროებას არა აკლდება რა, რადგან ადამიანები ამ რთული მექანიზმის ქონას ელტვიან, უნდათ, მისი ცხოველქმედების ხმა ესმოდეთ, რათა ხელისუფლების ყოლის თანდაყოლილი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. მთავრობები ხომ სწორედ ამ მოთხოვნილების წყალობით ამტკიცებენ, რა ადვილია ადამიანების მართვა, თავად ადამიანებიც რა ადვილად იდგამენ მთავრობებს კისერზე უღელად – თითქოს თავისსავე სასიკეთოდ. ხელისუფლება ისე არაფერს ითავებს, თუ მონდომება მისივე ზნით და წესით დაწყებულ საქმეს არ მოახმარა. ამ ქვეყნის თავისუფლებას დამსახურებად ის ვერ მიიწერს. არც მისი დასავლეთი დაუსახლებია; მოქალაქეთა განათლებას ხელს არ უწყობს; რასაც მივაღწიეთ, ისიც სულ იმ ხასიათის წყალობით, ამერიკელ ხალხს რომ მამაპაპათაგან ერგო და ამაზე მეტსაც მოახერხებდა, მთავრობა რომ მუდამ წინ არ ეღობებოდეს, რადგან თუ ადამიანები გათითოკაცებულნი არიან, მთავრობა ამით მხოლოდ ხეირობს, ყველაფერს კი ის ურჩევნია, მათთან, ვისაც მართავს, საერთო არაფერი ჰქონდეს. ვაჭრობასა და კომერციას ინდური კაუჩუკის მოქნილობა რომ არ გააჩნდეს, იმ წინააღმდეგობებს ვერასოდეს გადალახავდა, კანონმდებლები ხელშესაშლელად წინ რომ ახვედრებენ. ამ ადამიანების განსჯა მათი საქმეების ნაყოფით კი არა, განზრახვის მიხედვით რომ შეიძლებოდეს, იმ ბოროტმოქმედთა მსგავსად უნდა დაგვესაჯა, რკინიგზებზე მატარებლებს სავალ გზას რომ უხერგავენ.
მაგრამ ჩვენ საქმეს საქმიანად მივუდგეთ, როგორც მოქალაქეს შეშვენის, არა მათსავით, ვინც თავს ყოველგვარი მთავრობისგან შორს იჭერს, და მაშინ ვიტყვი, რომ მე დღეს, ახლავე, უხელისუფლებობას კი არა, უკეთეს მთავრობას ვითხოვ. გააგებინეთ თითოეულ ადამიანს, როგორი მთავრობა იქნებოდა მისი პატივისცემის ღირსი, და იმ პატივისცემის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება.
ასეა თუ ისე, მიზეზი, თუ რატომ მიუწვდება ქვეყნის მართვაზე ხელი ხალხს, უმრავლესობას კი შეუძლია მართოს, თან საკმაოდ ხანგრძლივადაც, ის კი არაა, რომ უმრავლესობა სხვაზე მეტადაა მართალი; არც ის, რომ უმცირესობას ეს ამბავი სამართლიანად ეჩვენება, – უმრავლესობა ფიზიკურადაა უფრო ძლიერი. ოღონდ მთავრობა, რომლის მმართველობის დროსაც ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში უმრავლესობა მართავს, სამართლიანობის პრინციპებს არ ემყარება, ეს ადამიანური გაგებითაც კი ასეა. განა მთავრობა ისეთი არ უნდა იყოს, რომ მისი მმართველობის დროს მართალი და მტყუანი სინდისით განისჯებოდეს,