48კალიბრიანი, ღმერთო...
არც დაუკაკუნებია ისე შემოვიდა და მითხრა, უნდა მოგკლაო და შუბლზე 48 კალიბრიანი მომაბჯინა. მეც პირდაპირ მივახალე, რატომ-მეთქი. ხელი, რომელშიც 48 კალიბრიანი ეჭირა გასწია – ვიცოდი, ამას რომ მკითხავდიო, თქვა და დამწუხრებული სახით ჩემს სავარძელში ჩაფუმფულდა.
– მაპატიეთ, სერ, არ მინდოდა თქვენთვის გუნება გამეფუჭებინა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედით, არაფერი ვიცი, კარზე არც დაგიკაკუნებიათ, შემოდიხართ ჩემს სახლში და მეუბნებით, უნდა მოგკლაო... დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას თქვენც ზუსტად ასე მოიქცეოდით... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მხოლოდ ლოგიკური კითხვა დავსვი... თქვენ თუ მართლა გნებავთ ჩემი მოკვლა, არა მგონია ამ ერთმა უწყინარმა კითხვამ თქვენზე იმოქმედოს და ჩემს მოკვლაში ხელი შეგიშალოთ.
– ხელი შემიშალოს? შენ რა იცი, რა მიშლის ხელს? შენ არაფერი არ იცი. შენ, ისევე როგორც ყველას, მხოლოდ ლაყბობა შეგიძლია და მეტი არაფერი. ოღონდ თქვენ იყოთ კარგად და სხვაზე არც კი ფიქრობთ. თქვენ არ იცით რას ნიშნავს, ბედის ანაბარა როცა რჩები. შენ არ იცი რას ნიშნავს, როცა საქმეს ვეღარ აკეთებ. ერთი წელია ვეღარ ვმუშაობ... ყველა ტირის, ცრემლებს ღვრის, რატომ, რისთვის, რა დაგიშავეო, ჩემი შვილები არ გეცოდებაო, ლოგინად ჩავარდნილ ბებიაჩემს რა ეშველებაო... წუწუნის მეტი არაფერი გამოგდით. სულ წუწუნებთ. არადა, ადრე ისეთი ძლიერი ვიყავი, ყინულივით გული მქონდა, არავინ მეცოდებოდა... ახლა კი, ნახე, ცოტაც და ავტირდები, ხუთი წლის გოგოსავით ვარ... შენ კი მეუბნები, ხელი არ შეგეშლებაო.
– სერ, დაწყნარდით, ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება, გავნებთ. თავი ხელში აიყვანეთ... ნუ ნერვიულობთ... აზრი არ აქვს, არაფერ კარგს არ მოგიტანთ... დაწყნარდით და მითხარით, რაშია საქმე... შეგიძლიათ მენდოთ... მოგისმენთ და თუ შევძლებ, რჩევასაც მოგცემთ... დარდი იმისთვის შექმნა ღმერთმა, რომ ვინმეს გაუზიარო. დაწყნარდით და მითხარით, რაშია საქმე. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ თუ არაფერს მეტყვით, ვერც მე დაგეხმარებით.
– არ შემიძლია... ცრემლებს ვერ ვიკავებ... აღარ შემიძლია ასე ცხოვრება...
– აი, გამომართვით... ერთი ჭიქა დალიეთ და მომაგრდებით... დაწყნარდით, დამშვიდდით და მითხარით, რაშია საქმე.
– 48 წლის ვარ, 25 წლიდან ვკლავ. დაქირავებული მკვლელი ვარ, ქილერი. ყველას ვკლავდი, სულ ყველას, არასოდეს საქმე არ ჩამიგდია. საქმეს საქმეზე მიკვეთავდნენ, ძალიან მაგარი ვიყავი ჩემ საქმეში, მაგრამ ერთი წლის წინ უცნაური სიზმრები დაიწყო, ლამაზი და კარგი სიზმრები, ფერად-ფერადი და როცა ვიღვიძებდი, ტირილს ვიწყებდი. მერე საქმეზე როდესაც მივდიოდი და შეკვეთილი ტირილს იწყებდა, არ მომკლაო ან რატომ მკლავო, ვერაფერს ვეუბნებოდი – პასუხი არ მქონდა და ვფიქრობდი, რატომ ვკლავ, ცოდო არ არის, ის არ არის, ეს არ არის და ამასობაში თვალებზე ისევ ცრემლები მადგებოდა. მივხვდი, რომ ჩემი სული დამძიმდა და ამიტომაც აღარ შემეძლო ადამიანის მოკვლა. გადავწყვიტე, ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება დამეწყო და სამსახურის ძებნა დავიწყე. სამი თვე ვეძებდი ვაკანსიას და ერთი კვირის წინ ძლივს ვიპოვე, მაგრამ მითხრეს, თქვენამდე უკვე მივიღეთ ერთი განცხადება და ვერ მიგიღებთო... მაგრამ თუ იმ კაცმა უარი თქვა, თქვენი კოორდინატები დაგვიტოვეთ და აუცილებლად დაგიკავშირდებითო... ასე იმიტომ ხდება, რომ ჩემი სული დამძიმდა.
– სერ, თუ ნებას მომცემთ, ერთ ლეგენდას მოგიყვებით, რომლის მოსმენაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ. მომისმენთ?
– აზრი არ აქვს, ლეგენდა ლეგენდაა, ჩვენ კი აქ, რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ.
– და მაინც, თუ ნებას მომცემთ... – ერთხელ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი გარდაიცვალა. უამრავი ადამიანი ჰყავდა მოკლული და სხვა ცუდი საქმეებიც ბავრჯერ ჩაუდენია, მაგრამ ბოლო დროს სულ ტირილში ატარებდა – ძალიან ნანობდა იმას, რაც კი ოდესმე ცუდი გაუკეთებია. ჰოდა, დადგა ამ კაცის განკითხვის ჟამი – სამოთხის და ჯოჯოხეთის გასაყარზე იდგა და ელოდა განაჩენს, რომელიც, წესით, უმკაცრესი უნდა ყოფილიყო. როდესაც ანგელოზმა და ეშმაკმა მისი კეთილი და ცუდი საქმენი სასწორზე შემოდეს, ცუდმა გადაწონა. ეშმაკი კბილებს ილესავდა,მაგრამ ანგელოზმა კეთილ საქმეებს ის ზეწარიც დაამატა,რომელზეც განსასჯელი იწვა და გულწრფელი სინანული ცრემლებად მოსდიოდა. მაშინ კეთილმა საქმეებმა გადაწონეს ცუდი საქმეები და ასე გადაურჩა კაცი ჯოჯოხეთის კუპრს.
– მართლა კარგი ლეგენდაა, მაგრამ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, ცოტა ხანი ისე მინდა ვიცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა, წესიერმა ადამიანმა.
– თქვენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ვერ ვხვდები, სერ, ჩემგან რა გნებავთ? მე მადანაშაულებთ რამეში?
– არა, არა, თქვენ არაფერ შუაში ხართ – ყველაფერი ჩემი ბრალია. ასე იმიტომ ხდება, რომ ცუდი ადამიანი ვარ,