ღამის სეანსი სულების გამოძახების ბევრს არ ჯერა. მაშინაც კი, როცა იძახებენ. არც გოროზიებს ჯეროდათ, რომ გიორგი გურჯიევის სულთან კონტაქტს დაამყარებდნენ. სულები ხომ ჰოლივუდის ვარსკვლავებივით არიან. მათთან დაკავშირება სრულიად შეუძლებელია. ნინო და ნიკო გოროზიები ბოლომდე არ ელოდნენ, რომ რამე გამოუვიდოდათ. სამზარეულოში შუქი მაინც ჩაექროთ. მაგიდაზეც ვატმანის დიდი კვადრატული ფურცელი დაედოთ, ზედ დახატული ფართო წრით, წრეში ფლომასტრით მონდომებული ხელით გამოყვანილი ქართული ანბანით და წრის ქვეშ მიწერილი ორი სიტყვით: „კი“ – „არა“. ამოტრიალებულ თეფშზე ფლომასტრითვე ისარიც დაეხატათ. წითელკოპლებიან ლამბაქზე მოკლე და მსხვილი სანთელი ენთო, რომლის ნარინჯისფერი შუქი მხოლოდ ვატმანს, ისრიან თეფშს, გოროზიების მაგიდაზე დაწყობილ ხელებს და მათ სახეებს ანათებდა.