ზამთარმა მოიქნია კუდი
ამ დალოცვილ მხარეში, სადაც ქარიშხლებმა მგლებივით იციან ხოლმე ხშირ ტყეებში ღმუილი, ქარი რომ ჩადგება, იტყვიან – ჯორმა ფეხი მოიტეხაო. სიტყვა „ქარს“ არ ამბობენ, – ემანდ თავი არ გავახსენოთ და ისევ თავიდან არ ამოვარდესო.
ჰოდა, ჯორმა რომ ფეხი მოიტეხა, ისევ დაჰკრა ყინვამა, დაბლა დაიწია ღრუბელმა და დაუშვა კიდევაც თოვლი. მერე გაიჯეჯილა და გაიჯეჯილა, წამოუშინა და წამოუშინა მსხვილი ფანტელები. სულ გადაათეთრა არე-მარე.
არადა, წელიწადი კაი ხნის მოტრიალებული იყო უკვე – მოკრუხება დაიწყეს ქათმებმა.
„ჩოლიავ, ჰაი, ჩოლიი!“
„ტალიჭა ლადო მოვიდა“, – ამბობს ვაამან დამა-ქალი.
„მოდი, ლადო, მოდი ტალიჭ!“ – ეძახის ჩოლია.
ტალიჭა ლადო სახლში შედის. იმისი თუშური ქუდი და ტელეგრეიკის მხრები ფიფქებს გადაუთეთრებია.
„დაიფერთხე, ლადო, თოვლი“, – ეშმაკურად და კეკლუცად ეუბნება ვაამან დამა-ქალი, შემპარავი ხმით.
ტალიჭა ლადო იფერთხება, მერე შიგნით შემოდის, მაგიდას მიუჯდება და მუხლის თავზე დაიდებს თუშურ ქუდს.
ჩოლიას მაგიდაზე ყოველთვის დგას მოოქროვილ გრაფინში ჩასხმული არაყი და იმისივე კომპლექტის ექვსი პატარა ჭიქა. ვაამან დამა-ქალი ჭიქებს ავსებს.
„შენ ხილი მოგვიტანე, ვაამან დამა-ქალო“, – ეუბნება ჩოლია და ჭიქას დასწვდება. – „ჩემ ოქრო-გრაფინში არყის ჟღინთი რომ გამოილევა, მეც დავილევი ხოლმე“.
„კარგია არაყი, ცივა“, – ამბობს ლადო. – „თანაც თაფლისაა!“
„თაფლისა კი არა, თუთისაა!“ – სწყინს ვაამან დამა-ქალს.
„წასულებისა იყოს, ტალიჭ!“ – ილოცება ჩოლია. – „მე თუ რამე მომივა და, შენ დარდი ნუ გაქ, მუხის კუბო მაქ წინასწარ გამზადებული!“
„სიკვდილი იმისთანა აქლემია, ყველას კართან დაიჩოქებს“, – მიუგებს ტალიჭა, – „მაგრამ შენ რა იცი, როდის დაიჩოქებს შენთანა? გაუმარჯოს!“
ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ.
„მე აქლემი არ ვიცი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებს ვერავინ! იქ მე ორი ინდაური მიზის კვერცხებზე!“ – კაპასობს ვაამან დამა-ქალი. – „არ უნდა დავზარდო? გეკითხები, არ უნდა დავზარდო? ერთი ინდაური ტოლმა-გოგიას უნდა, ერთიც ნუნუკას და ერთიც კიდევ ჩემს დაჩაგრულ რობიას არ უნდა მივცე, იქით ახალი წელი რომ მოვა?“.
„ეეჰ, ჯერ რა დროს ახალი წელია?!“ – უკვირს ტალიჭა ლადოს, – „ახლახანს არ იყო?“
არყის გემო ვეღარ გაუგია ჩოლიას. კიდევ სვამს, კიდევ და კიდევ...
– ტალიჭა ლადოს რო კითხულობ, ეგ ხომ შარშანწინ დავასაფლავეთ! – უკვე ცხადლივ ჩაესმის ვაამან დამა-ქალის შემპარავი ხმა.
ჰო, ჰო, შარშანწინ დაასაფლავეს...
ეს რანაირ სიზმრებსა ნახულობს და...
ავადაა მოხუცი მესაქონლე ჩოლია. წევს ლოგინში. მიტოვებულად გრძნობს თავს. მოზვერი აგონდება, შვილივით გაზრდილი ღვინია. თვალებს რომ დახუჭავს, ერთ დაუსრულებელ სიზმრად წარმოუდგება თავისი ცხოვრება. იცის, რომ სადაცაა გაახელს თვალებს და დამთავრდება სიზმარი იგი...
ოთახში რომ კარგად თავშენახული ვაამან დამა-ქალი ტრიალებს, მეორე ცოლია ჩოლიასი და თანაც ვიღაცა ის კი არა, ქალაქელი. კრუხ-წიწილის საქმეც რომ იცის და არც კაი ფირმა სიგარეტის დაყოლება შეეშლება თურქულად მოდუღებულ ყავაზედ. მოკლედ, ეს ვაამან დამა-ქალი სვეტობს კიდეც და კარ-მიდამოსაც „უგურგურებს“. ეს სახელი კიდევა ჩოლიას ბიჭმა, ტოლმა-გოგიამ შეარქვა თავისზე ასაკით უმცროს დედინაცვალსა და ისე მოხდენილათა, რომ მთელ იმ არე-მარეს მოედო და სინამდვილეში რომ დარეჯანი ჰქვია, ვიღამ იცის.
სოფელში ავ ენებს რა დალევს და ამბობენ, რომ, თურმე, კარგი დრო უტარებია ვაამან დამა-ქალსა. სამი ქალის ვნება ჰქონია და ვერაფრით დაუცხრიათ სამ ოფიციალურ ქმარსა და დანარჩენ არაოფიციალურ ქმარუკებსაცა. თანაც განა მარტო აქა, არამედ ოსმალეთშიცა, ბელგიაშიცა, გერმანიაშიცა და კიდევ რა ვიცით, სად აღარა. არ ვიცით, მერამდენე ქმრისგან, მაგრამ შვილიცა ჰყოლია, სახელად რობია – გიტრიკვრის კომპოზიტორი და იმისთანა ნიჭიერი პოეტი, რომ არსად უბეჭდავენ ლექსებსა – ჩვენ დაგვჩაგრისო. მაგრამ ისიც სვეგამწარებული ყოფილა ცოლების წარა-მარა გამოცვლითა.
ვაამან დამა-ქალს რომ უგრძვნია, ვბერდებიო, კაცი უნახავს, ეს ჩოლია და მეოთხე ოფიციალურ ქმარად გაუხდია. ქმარუკები, რა თქმა უნდა, კიდევა ჰყოლია, მაგრამ ისეც აღარა, ძველებურადა. თუმცა კი კმარა, აბა, ავ ენებს რა დაეჯერებათ.
მწყემსავდა ჩოლია საქონელს და ფიქრობდა: „როგორი მოსიყვარულე ცოლია ვაამან დამა-ქალი. ბავშვებიც ძაან უყვარს. მაშ, ტყუილი ყოფილა ჩემი პირველი ცოლის ნათქვამი: „დედინაცვალი არ მოუყვანო გოგის და ნუნუკას, თორემ ამოიძირკვება აქედან შენი გვარი“. რა ამოძირკვა, ნუნუკა გათხოვდა, დიდი ბიჭი ჰყავს უკვე, ვახო და ტოლმა-გოგიაც დაოჯახდა, იმას კიდევ ორი შვილი ჰყავს – ჯონდო და კახა. ოღონდ აქედან შორს, ქალაქში არიან. ჰოდა, ისე იყო მწყემსი, ვეღარ გამოერკვია – ანა უფრო კარგი იყო თუ ვაამან