ბიჭები 1993 წლის 4 მაისია. კინოს სახლთან ვდგავარ მეგობართან ერთად და ველი, როდის დაიწყება პაზოლინის „ სალო ანუ სოდომის 120 დღე “. ბილეთები წინასწარ ავიღეთ. დადგა სეანსის დრო – ჩამიჩუმი არ ისმის. კინოს სახლი დაკეტილია. ჩვენ და კიდევ 30-მდე ადამიანი იცდის. გავიდა ნახევარი საათი და არაფერი. უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ფილმს გვიმალავენ. შენობიდან გამოდის კინომცოდნე კორა წერეთელი და მისგან ვიგებთ, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, არ გაუშვას ფილმი. ავდივართ ადმინისტრატორის, გოჩა აბაშიძის კაბინეტში. იქ მას გამხდარი, შავგვრემანი გოგოები აწვებიან და ფილმის ჩვენებას მოითხოვენ. გოჩა აბაშიძე წინააღმდეგია და კამათისას ამბობს უკვდავ ფრაზას: „ ქართველმა ხალხმა ეს ფილმი არ უნდა ნახოს! “
ქართველმა ხალხმა იმ დღეს „ სალო “ მაინც ვნახეთ. გამსრესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბევრს ვფიქრობდი და ხანდახან მარტივ დასკვნებს ვაკეთებდი. ერთი ახლაც მახსოვს: პოლიტიკა მძღნერის ჭამაა. პაზოლინის ფილმში ეს ტროპი ეპიზოდად არის ქცეული: იქ განავალს კოვზითა და დანა-ჩანგლით შეექცევიან, ხან ბანკეტზე, ხანაც – პირდაპირ იატაკიდან. აქ კი 93 წელია. პოლიტიკაში ბევრი რამ თანხვდება.
იმ დროს თსუ-ში ვმუშაობდი და არქივთა ჩხრეკისას წავაწყდი სამეცნიერო სტატიის ხელნაწერს. მისი ავტორი, ლევან ბერძენიშვილი მსჯელობდა ჭამის მეტაფორაზე არისტოფანეს ერთ კომედიაში და აანალიზებდა სტრუქტურულ პარალელს, ერთი მხრივ, ჭამა-მონელება-მოსაქმებასა და, მეორე მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს შორის. გამოდიოდა – თუ სწორად მახსოვს – რომ არისტოფანეს იმ ტექსტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მეტაფორული ანალოგი ჭინთვისა და მოსაქმების პროდუქტი გახლდათ.
...დათო ქარდავას ეს წიგნი პირველი მცდელობაა ქართულ კულტურაში, თავი მოუყაროს ადამიანის ცხოველმოქმედების ძალიან კონკრეტულ ასპექტთან – დეფეკაციასთან დაკავშირებულ მასალებს, ასოციაციებს, ნივთებს და საგნებს, იდიომებს, ისტორიებს, გადმოცემებს, ჰიპოთეზებს, ციტატებს, კედლის წარწერებს, ტერმინოლოგიას, იუმორს... ამ ყველაფერს, ავტორი, ცხადია, არა მხოლოდ ქართული კულტურიდან გამოიხმობს. ქართულ კულტურაში ამ მხრივ სიმწირეა. აკი თვითონაც წერს: „ როგორ წყვეტდნენ დეფეკაციის შემდეგ ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქართველები? ქართულ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ლიტერატურულ წყაროებში ყოფითი კულტურის ამ დეტალზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება... იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართულ კულტურაში არ ყოფილა შემოქმედი, რომელიც თვალს გაუსწორებდა ადამიანს, როგორც ერთიან ფიზიოლოგიურ არსებას. დეფეკაციის პროცესი და ადგილი (შესაბამისი ინვენტარითა და ქცევით) თვალსაწიერის მიღმა დარჩა, განსხვავებით საკვების და სასმელის მიღებისა, სიყვარულისა, ძილისა და სხვა საქმიანობისაგან... “
არადა, ქართულში ბლომადა გვაქვს სკატოლოგიზმები (ძვ. ბერძ. „ სკორ, სკატოს “ – ექსკრემენტები, ხოლო „ ლოგოსის “ განმარტებას არ ვკადრებთ თანამემამულე მკითხველს). დათო ქარდავა მათ ცალკე თავს უთმობს და ამ ფრაზეოლოგიაზე დაკვირვება გაგაკვირვებთ იმით, რომ განავალს, მოსაქმებას და ამ პროცესის უშუალოდ აღმსრულებელ ორგანოს სხვადასხვა სიტყვებთან კომბინაციაში შეუძლიათ შეითავსონ ერთმანეთის საწინააღმდეგო თუ დიდად დაშორებული მნიშვნელობები: სიმდიდრე და სიღარიბე, სიმამაცე და სილაჩრე, რისხვა და პირფერობა... არაფერს ვამბობ ამ გამოთქმათა ინვექტივურ დატვირთვაზე. ქართველი ერი აქ მარტო არ არის. სკატოლოგიური ინვექტივები (შეურაცხმყოფელი მიმართვები) ენაში არ აკლიათ დიდსა თუ მცირე ერებს. მაგალითად, გერმანელი იტყვის Du hast den Arsch offen! („ ტრაკი გაქვს გახსნილი “, ქართულად აზრობრივი შესატყვისი იქნებოდა შეკითხვა „ შიგ ხომ არა გაქვს? “). თუ ესპანელს სურს, ვინმე უმძიმესად შეურაცხყოს, ეტყვის Me cago en leche de tu madre (დაახლ. „ ჩაგიჯვი დედის რძეში “), ფრიად კონკრეტული, ცოტა პოეტური და კარგად გამიზნულია სპარსული „ შენი თმები იყოს მძღნერში “, მშვიდ ფინელსაც შეიძლება აღმოხდეს „ თავი მძღნერით გაქვს სავსეო “, ხოლო ბურებმა სიმინდის ყანაში გაგიშვან მოსაჯმელად, რაც ნიშნავს „ მორჩი სისულელეებს “. აქ სიტყვას არ დავძრავ რუსებზე, რომელთა, ვფიქრობ, უმდიდრესი სკაბრეზული ლექსიკა შეადგენს ერთი სრულფასოვანი, „ პარალელური “ რუსული ენის თესაურუსს.
დათო ქარდავამ კარგად იმუშავა, ბევრ წყაროს მიწვდა. ამ წიგნში არის მასალები ძველი რომიდან, ჩინური, იაპონური, ბრიტანული და ისლამური კულტურებიდან. აქ არის ბერძნული მითოლოგია, რენესანსის ეპოქისა და მე-18 საუკუნის საფრანგეთი (რომელსაც ესესხა პაზოლინი იმ თავის ფილმში და რომლის ახსნილი ტაბუც ძლივს გადალახა კინოს სახლმა 200 წლის შემდეგ); სად, თუ არა აქ უნდა გაელვებულიყო ჩვენი შინაგანი ორგანოების განსაკუთრებით თვალსაჩინო პროდუქტი – კახა თარგამაძე. აქვეა ფურცლები თანამედროვე ჩეხური კულტურიდან და თანამედროვე რუსული ლიტერატურიდან... და, რა თქმა უნდა, არის ქართული ყოფა და სიტყვიერება.
ცალკე ამბავია საბჭოთა კავშირი, ბოლშევიკები და დისიდენტები. ავტორი ფრთხილად და ტაქტიანად გვიამბობს კამოს (ერისკაცობაში – სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის) ამბავს.