ფეისკონტროლი
ფეისკონტროლი წიხლით გავიარე და შევედი. გიტარის კეისზე მიტაცა ხელი დაცვამ, სად მიდიხართო?
გავიარე.
- ქალიშვილო, ქალიშვილო! - ფრაკიანი კინგ-კონგი დამედევნა. ისეთი მოხია, ზურგის თვალი დავძაბე, არ დამაბიჯოს, არ გამაბრტყელოს ერთჯერადი შამპუნივით-მეთქი. წინა თვალებით ვხედავ მარმელადისფრად განათებულ ბარს, რომელიც ძალიან შორია.
უახლოესი მაგიდისკენ გადავუხვიე, კლიენტს ხელიდან კონიაკი წავართვი და დავლიე. გული დამწყდა, რომ ცოტა დაიღვარა და კლიენტს ვუსაყვედურე, რეაქცია არ გივარგა, როცა კონიაკს გართმევენ, ხელი სწრაფად უნდა გაუშვა-მეთქი. კლიენტმა გაფითრებულმა ამომხედა და მაგარი ახალი რამე მითხრა:
- რას კადრულობთ, ქალიშვილო?! - ააცახცახა.
ამ დროს ფრაკიანი კინგ-კონგიც წამომეწია:
- ქალიშვილო, ქალიშვილო!
- ვახ, ამ ბარში ყველამ იცის, რო ქალიშვილი ვარ! თქვენც იცით? - გავძახე სულ კუთხეში მსხდომებს. როცა მოვინდომებ, კარგი ხმა მაქვს.
- ნამდვილად ქალიშვილი ვარ? აუუუუუუ! თქვენ, სულ, სულ ბოლოში, გესმით? რაზ, რაზ, რაზ... - ჭიქაზე დავაკაკუნე. ჭიქა დავუბრუნე პატრონს.
- გოგონი, რას კადრულობთ-მეთქი! - სიბრაზისგან კონტუზიიანს დაემსგავსა ჭიქის პატრონი.
- აი, არ იცით ზუსტად, ქალიშვილი ვარ თუ გოგონი. - მაგიდიდან კივის ნაჭერი ავიღე, მახსოვს. კლიენტი დაბლა ირიბად იყურებოდა და ბრაზიანი ამბიციისგან იწელებოდა და იწელებოდა. მწვანე მუხლუხოს დაემსგავსა.
- მუხლუხ, მეგობარო, იქნებ ეს ბოლო ჭიქაა ჩემთვის, გიფიქრია ამაზე?
- რაა?! მუხლუუუხ?! - გაცოფდა, ჩაისუნთქ-ამოისუნთქა. - რატომაა ბოლო ჭიქა? - ძალიან უკადრისად მკითხა და მუხლებამდე მაღირსა თავისი ირიბი მზერის აწევა.
- აბა, ნახე, კინგ-კონგი რა ახლოსაა და ბარი რა შორსაა. სიკვდილის წინ ერთი ჭიქა დამალევინე, რა! - მომეჩვენა, რომ კინაღამ გაეღიმა, მაგრამ “კინაღამ”-ს გაუმკლავდა.
- მერე, რო სვამ, იქნებ რას სვამ, არ უნდა იცოდე? - დამტუქსა.
- ელისმა იცოდა, რა სოკო შეჭამა? როცა კინგ-კონგი მოგდევს, რამე უნდა იტაცო პირში.
ახლა ფორთოხლის ნაჭერი ავიღე, მახსოვს, კანიანად შევჭამე და ერთი ჭკუის დარიგებაც დავუტოვე:
- თუ ჭიქაში ცოტაა და ყავისფერი, ესე იგი უნდა აიღო და დალიო.
სადღაც წელამდე ამიწია თავისი გამოსაზოგი მზერა და ისევ წაუღიმილა. მაგრამ აქ უფრო საინტერესო კინგ-კონგის ქცევა იყო. თუ შევძელი, აღვწერ: აღარც მომდევდა, არც ჩერდებოდა, არც ბრაზობდა, არც წყნარდებოდა, უცნაურად ცმუკავდა, ხახა დაღებული ჰქონდა, მაგრამ არ მყლაპავდა. ადგილზე ბრუალებდა და ღმუოდა. მოკლედ, კომპიუტერულ თამაშს რომ დააპაუზებ და იქ რომ დაპაუზებული “უჟასი” დაგრჩება, ზუსტად ეგრე ბრუნავდა.
- ა, ნახე, დაპაუზებული უჟასი!
მუხლუხომ გაიცინა და არც მეტი, არც ნაკლები, სახეში შემოხედვა მაღირსა.
- გაცინებული მუხლუხო და დაპაუზებული უჟასი, სად ვცხოვრობ, ჩემი!..
- ქალიშვილო, გთხოვთ, მიბრძანდეთ აქედან! - ნაწილობრივ ჩაირთო გამორთული კინგ-კონგი.
მე მივბრძანდი - ბარისკენ წავედი.
- შენ რა კარგი უცხო ენა გცოდნია! - შევუქე და მაღალ სკამზე შემოვჯექი სისულელის მემორიალივით. - დაბალი, სამფეხა სკამები არა გაქვთ? ბებიაჩემს რო ქონდა, ჯორკო, ჯორკო?
- დასტოვეთ ტერიტორია!
- ეგ ენა არ მესმის, ძველთევრეშულია?
ჩემი ტელეფონი გამუდმებით რეკავს. ისეთი როკ-ნ-როლი მიყენია ზარად, ყველას ფეხები უცეკვდება, მაგრამ იკავებენ ფეხებს, აქ არ შეიძლება, ჯაზ-ბენდი უკრავს, ბოდიალობს რაღაცას. თეთრი ლექსის არ იყოს, ჯაზიც ისეთი რამეა, ყველას რომ ეჩვენება, შემიძლიაო. უკრავენ რა... ჯაზის დაკვრას რა უნდა! სალონიდან მწარედ გაშეშებული ქალები რომ გამოდიან ხოლმე, ისეთი გაყინული ქალი მიმდგარა ბარის კუთხეში და ტელეფონზე ვიღაცას უყვირის:
- ძალიან სვეტსკი სტუმრები მყავს... სამი ულამაზესი მოდელი ხუთ წუთში აქ იყოს... მეჯერაშვილის ძმა არის თავისი ორი ძმაკაცით... ყველაზე ლამაზები... აი, თაკო, მაიკო და მაკაკო...
- კაკო არ დაავიწყდეს... აქ სასმელი მოჩქეფს სადმე? თუ გრაფიკითაა?
აუ, ეს კინგ-კონგი ისევ თავზე მადგას. პირს აღებს და ვერ მყლაპავს.
- თქვენ რა გნებავდათ? - ვკითხე.
- ახლავე დასტოვეთ ტერიტორია.
- ა, ძველთევრეშულზე ლაპარაკობს.
- არ დააგვიანონ, გესმის? ხუთ წუთში აქ იყვნენ გოგოები...
- ძუძუებიც გამოაყოლონ. ბოლო-ბოლო დამისხამთ რამეს? შენ დასხმა არ იცი? - ვკითხე კინგ-კონგს. - ა, თუმცა შენ ქართული არ იცი.
- მიბრძანდით-მეთქი ბარიდან.
- დაცვა არ გყავთ? გამოუძახე და მიმაბრძანებს.
- მე ვარ დაცვა. მიბრძანდით!
- შენ ხარ თავდასხმა, ნუ აურევ.
ჯაზია? ლუი არმსტრონგს რომ მოასმენინა, ივანე რუსივით ხელაპყრობილი აღიარებს: “ამისთანა ჯაზი ცხოვრებაში არ გამიგონია!”... ხმაურია, ჩემი ტელეფონი უკრავს, კინგ-კონგი ბორგავს, მუხლუხო დროდადრო გამომხედავს, ყველა მე მიყურებს, არავინ არაფერს არ