1 - დავიწყებული და ქალაქ ...ში ულრიხი იმავე დღეს, შებინდებისას, ჩავიდა. სადგურის შენობიდან გამოსულს თვალწინ ფართო მოედანი გადაეშალა, რომელსაც ორი მხრიდან ქუჩები უერთდებოდა. მოედანზე მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ამის დანახვამ ულრიხს მტკივნეული მოგონებები აღუძრა, როგორც იმ ადგილებს სჩვევია ხოლმე, ხშირად რომ გინახავს და მაინც არასოდეს გახსოვს.
„გარწმუნებთ, რომ შემოსავლებმა ოცი პროცენტით იკლო, ცხოვრება კი ოცი პროცენტით გაძვირდა. საერთო ჯამში, ეს ორმოცი პროცენტია!“ „მე კი გარწმუნებთ, რომ ექვსდღიანი ველორბოლა ხალხთა დამაკავშირებელი მოვლენაა!“ კუპეში გაგონილი ეს ხმები ულრიხს ახლა თითქოს ყურებიდან სდიოდა. შემდეგ ცხადად ჩაესმა ვიღაცის ნათქვამი: „ოპერა მაინც ყველაფერს მირჩევნია!“ „ოპერა გიტაცებთ?“ „დიახ, თანაც თავდავიწყებით!“. ულრიხმა თავი გვერდზე გადახარა, თითქოს ყურიდან წყლის გამოდევნა უნდოდა. მატარებელი სავსე იყო, მგზავრობა კი - ხანგრძლივი; საუბრის წვეთებს, მგზავრობის დროს მის სხეულში რომ შეეღწია, ახლა უკუდინება დაეწყო. ჩამოსული მგზავრების ხალისიანი ფუსფუსი მოედნის სიმშვიდეს მილიდან გადმოღვრილი ნაკადივით უერთდებოდა. ულრიხი დაელოდა, როდის დაიწყებდა ნაკადი წვეთ-წვეთ დინებას. და ახლა ის სიჩუმის ვაკუუმში იდგა, ხმაურს რომ მოჰყვება ხოლმე. ყურთასმენის წამღები გნიასის შემდეგ ულრიხს სიმშვიდე უჩვეულოდ მოეჩვენა. ამ სიჩუმეში ყოველივე ხილული უფრო მკაფიო იყო, ვიდრე საერთოდ არის ხოლმე. მოედნის მეორე მხარეს ფანჯრების მქრქალი მინების ფონზე ჩვეულებრივი ჩარჩოები გოლგოთაზე აღმართული ჯვრებივით შავად მოჩანდა. ყველაფერი, რაც მოძრაობდა, უძრავს სულ სხვაგვარად გამოეყოფოდა და არა ისე, როგორც დიდ ქალაქებში: მოძრავსაც და უძრავსაც საკუთარი მნიშვნელოვნების გასაფართოებლად აქ აშკარად ჰყოფნიდა სივრცე. ულრიხი დიდ პროვინციულ ქალაქს, სადაც რამდენიმე უსიხარულო წელი გაეტარებინა, ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაბრუნებული კაცის ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა. ამ ქალაქის ხასიათს - უსახურს და კოლონიურს - კარგად იცნობდა. სლავურ მიწაზე მოხვედრილი გერმანული ბიურგერობის ძველთაძველი შტო გამოფიტულიყო და მის არსებობას რამდენიმე ეკლესია და გვარი თუღა გაგახსენებდათ შორეულად. საერობო წარმომადგენლობის რეზიდენციისგანაც სასახლის მეტი აღარაფერი შემორჩენილიყო, აბსოლუტური მმართველობის ეპოქაში კი წარსულს საიმპერატორო ადმინისტრაციის სქელი ფენა დასდებოდა, მთელი თავისი პროვინციული შტაბბინებით, დაწყებითი და უმაღლესი სკოლებით, ყაზარმებით, სასამართლოებით, სატუსაღოებით, ეპისკოპოსის რეზიდენციით, საცეკვაო დარბაზებით, თეატრით და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ადამიანებით, რომლებსაც თან ვაჭრები და ხელოსნები მოეყოლებინათ. მოგვიანებით ჩამოსახლებული მეწარმეების წყალობით მრეწველობაც განვითარდა. მათი ფაბრიკები გარეუბნებში გვერდიგვერდ ჩამწკრივებულიყო და დედამიწის ამ კუთხეზე უფრო ძლიერი გავლენა მოეხდინა, ვიდრე ოდესმე რამეს. ამ ქალაქს ისტორიაც ჰქონდა და სახეც, თუმცა თვალები პირს არ ესადაგებოდა, ნიკაპი - თმებს, ყველაფერს კი ბობოქარი, მაგრამ შინაგანად ცარიელი ცხოვრების კვალი აჩნდა. შესაძლოა, განსაკუთრებულ ვითარებაში ამ ყველაფერს რაღაც გამორჩეულისთვის შეეწყო ხელი.
მოკლედ რომ ვთქვათ - თუმცა სათქმელს სრულად ვერც ეს გადმოსცემს - ულრიხი „სულიერ უსაგნობას“ გრძნობდა, რომელშიც ადამიანი ისე იკარგება, რომ თავაშვებული ფანტაზიორობისკენ მიდრეკილება უჩნდება. ჯიბეში მამის დეპეშა ედო, რომლის შინაარსიც ზეპირად ახსოვდა: „გაცნობებ, რომ მალე მოვკვდები“ - ატყობინებდა მამა ვიღაცის ხელით; თუ ეს სტრიქონები თავად მას ეკუთვნოდა, რასაც ხელმოწერაც „შენი მამა“ ადასტურებდა? მისი აღმატებულება საიდუმლო მრჩეველი სერიოზულ წუთებში არასდროს ხუმრობდა. ეს უცნაური ფორმულირება სწორედაც რომ გამაოგნებლად ლოგიკური იყო, რადგან ამ ამბავს შვილს ვინმე სხვა კი არა, თავად მამა ატყობინებდა, რომელიც საკუთარი აღსასრულის მოლოდინში ტექსტს თავად წერდა ან სხვას აწერინებდა და, ასე შექმნილი საბუთი მნიშვნელობას იმ წუთს შეიძენდა, როცა სულს განუტევებდა. ამ ვითარებას სხვაგვარად, ალბათ, ვერც გამოხატავდით, და მაინც ამ აქტიდან, სადაც აწმყო მომავლის დაუფლებას ცდილობდა, გახრწნილი ნებელობის შემზარავი, გვამის, სუნი გეცემოდათ.
მამის ამ საქციელმა ულრიხს რატომღაც პატარა ქალაქების განგებ გაუწონასწორებელი ზნე გაახსენა და ააფორიაქა ფიქრმა პროვინციაში გათხოვილ დაზე, რომელსაც რამდენიმე წუთში უნდა შეხვედროდა. მასზე მგზავრობის დროსაც ფიქრობდა, რადგან დის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდა. დროდადრო მამის წერილებით ოჯახში მომხდარ სიახლეებს იგებდა. მაგალითად: „შენი და აგატა გათხოვდა“. რადგან ულრიხმა მაშინ სახლში გამგზავრება ვერ მოახერხა, ამიტომ დეტალებსაც ატყობინებდნენ. დაახლოებით წლისთავზე დის ახალგაზრდა მეუღლის გარდაცვალების ცნობაც მიიღო, სამი წლის შემდეგ კი - თუ სწორად ახსოვდა - სხვა შეტყობინება მოუვიდა: „ჩემდა გასახარად, შენმა დამ კვლავაც გათხოვება გადაწყვიტა“. ხუთი წლის წინ დის მეორე ქორწილს ულრიხიც დაესწრო და აგატას რამდენიმე დღით ნახვის შესაძლებლობა მიეცა. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ეს დღეები თეთრეულის განუწყვეტლივ მბრუნავ გიგანტურ ბორბალს ჰგავდა. დის მეუღლეც ახსოვდა, რომელიც არ მოეწონა. აგატა მაშინ, ალბათ, ოცდაორი წლის იყო, თავად კი - ოცდაშვიდის, რადგან დოქტორის ხარისხი სწორედ იმ წელს მიანიჭეს. ახლა კი აგატა ოცდაშვიდი