ფორმა
ოთხი წლის გიო დედას ქალების აბანოში მიჰყავს.
გასახდელი დარბაზის კედლები კრემისფერი ვიწრო კარადებითაა გაწყობილი, მის წინ ჩამომსხდარნი, ზოგნიც - ფეხზე მდგომნი, ყველა ასაკის ქალბატონები შიშვლდებიან და იცვამენ.
გიოს ქალების უსირცხვილობა უკვირს. გახდილი ქალები უფრო დიდები ეჩვენება.
სიმორცხვით დაბნეული გიო ხელჩაკიდებულ დედას იმ ღრეჭოებიან ღრიჭინა კარისკენ მიჰყავს, წამდაუწუმ რომ იღება-იხურება და იქიდან გამოსულებს ორთქლი და ქალების ყაყანის ხმა თან გამოჰყვება, რასაც მეტლახით მოჭიქულ იატაკზე ხის ქოშების ფლასტუნი აძლევს ბანს. ტიტლიკანა გიოს ჰგონია, მთელი დარბაზი მას უყურებს, მაგრამ სიმორცხვე ყველაზე ძალიან მაშინ იგრძნო, თავის ტოლ ჩაცმულ გოგონას რომ მოჰკრა თვალი.
კარები შეაღეს. რძისფერი ორთქლით დაბურუსებულ სივრცეში იკარგებოდა შიშველი ფიგურები.
დედა იქ გაჩერდა, სადაც თავისუფალი საშხაპე იყო.
გიოს დარბაზის დაბინდულმა გარემომ სიმხნევე შემატა. ახლა წყნარად იდგა ნახევრად სიბნელეში და ზვერავდა მიდამოს.
იქვე 17 წლის ქალს დაადგა თვალი. მას ნაზი, სპილოს ძვლისფერი კანი და სავსე, მკვრივი ძუძუები ჰქონდა, რომლის კვირტებიც საოცრად დიდები და ვარდისფერები იყო. გიო მის თმის სუნს გრძნობს. აინტერესებს ის ადგილები, რასაც ქალები და კაცები მალავენ.
თვალი ქვემოთ გაურბის.
ქალს თავი გვერდზე აქვს გადაწეული. ხშირ წაბლისფერ თმას, ცხენის კუდივით რომ აქვს გაშლილი, სველი სავარცხლით საგულდაგულოდ ივარცხნის. თავი რომ ასწია, გიოს თვალებს შეეფეთა. გიომ დაიმორცხვა. ქალმა გვერდით მდგომ გასაპნულ ფაშვიან ქალს რაღაც გადაუჩურჩულა, რომელიც შემდეგ დედასთან მივიდა და შენიშვნა მისცა - ეს ბიჭი დიდი კაცივით გვიყურებსო.
მას შემდეგ გიო მამამ წაიყვანა კაცების საერთო აბანოში, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობდა. გასახდელიც, საშხაპეც ისეთივე იყო, როგორც ქალების საერთო განყოფილებაში, ოღონდ გიომ გაკვირვებით დიდი განსხვავება იგრძნო: ნაზი, რბილი ფორმები როგორ შეცვალა მხრებგანიერმა, ვიწროთეძოიანმა და ტლანქკუნთებიანმა ფორმებმა.