რა გინდა ჩემგან?!
– რა გინდა ჩემგან?!
მამაკაცი აღშფოთებულია. ქალი კარგად იცნობს და იცის, ამ სიტყვების უკან, რომლებიც სულაც არ ჟღერენ კეთილგანწყობილად, მაინც უდიდესი თავშეკავება იმალება. ეს ,,რა გინდა ჩემგან'' იმედგაცრუებაა ვერგაგებისგან, ჩაკლული რისხვაა რომელიც ამ პატარა ფრაზად ამოიფრქვა, მაგრამ სინამდვილეში მას მსხვრევისკენ ექაჩება.
,,ახლა რომ არ გავჩერდე, დამარტყამს'' კაცის მოვლილ, გაშლილ თითებს დასცქერის ქალი.
– წავალ, – თხოულობს მშვიდად, სავარძლიდან დგება და მიუხედავად იმისა, რომ ამ თითებს მისთვის ალერსის გარდა არასდროს არაფერი გაუმეტებიათ, თვალები ზიზღით ეხუჭება.
– კარგი, მერე ვილაპარაკოთ, – ამბობს კაცი და შვებით ნათქვამი ეს სიტყვები კიდევ უფრო დიდ ზიზღს იწვევს. იცის, ,,მერე'' არასდროს დადგება. ანუ გაიმეტა?!
ის თითები, ასე რომ უყვარდა დიდხანს თუ ყოველთვის, კარს ოდნავი თრთოლვით უღებენ. სამწუხაროდ, ეს თრთოლვა მრისხანებისაა. ზრდილობიანი სიტყვებიც, – კარგად იყავი.
ეს ფრაზა, მილიარდობით ადამიანი ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე რომ ეუბნება ერთმანეთს, ახლა სასტიკი განაჩენივით ჟღერს და განშორებას ნიშნავს.
ჰო, მარტოობას, ცარიელ დღეებს, ოთხ კედელს სახლშიც და სამსახურშიც, გოგოებთანაც და მშობლებთანაც, ყველგან, სადაც წავა. იცის, მალე ამ ოთხი კედლის სინდრომი გააგიჟებს, შეშლის, დაამახინჯებს. აი, ეს წუთია გამოვიდა მისი სახლიდან და უკვე მახინჯია!
ჩანთას ხსნის და პატარა სარკეს ეძებს. იქექება, იჭიმება გასაწყვეტად გამეტებული სიმივით, იოფლება... ჰო, რად უნდოდა შემოწმება – როდესაც მის გვერდით არ არის, მახინჯია!
კარგად იყავიო... ბანალური განაჩენი... ამას ალბათ სჯობდა სახეში სილა გაეწნა მისთვის, ეყვირა, ენჯღრია... თუმცა ამდენი კაცობა მას ვინ მისცა?
ჰო, რა არის კაცობა? – როდესაც ძალის დემონსტრირებით სამართალს აღადგენ, როდესაც ამ ძალით ნერვებს თოკავ, თუ არც ერთი და არც მეორე – იქნებ კაცობა ის არის, რომ ქალმა მშვიდად იგრძნოს თავი შენს გვერდით?
არა, მის ბანალურ განაჩენს ვერაფრით აღასრულებს – წავა!
წავა პატარა ოთახებიდან სადაც ელექტროტექნიკას ჰაერიც აქვს დაპყრობილი და სულიც, გავა გაბოლილი ქალაქიდან, რომელშიც ადამიანები ბორბლიან რკინის ოთხკედლებში ეძლევიან მარტოობას, გაექცევა ახლობლებს, სტერეოტიპებს, მოწყენილობას, შეთითხნილ, ყალბ გარემოს, ყალბ ურთიერთობებს, კაცს, რომელმაც მისი ვერაფერი გაიგო.
სუფთა ჰაერზე წავა, ეგებ არ დაახრჩოს ზიზღმა.
ისე, ესეც ბანალური გამოსავალი, ერთგვარი სტერეოტიპია, მაგრამ ახლა ორიგინალობის თავი არა აქვს.
– ჩამოხვედი?! – ტირილისგან სახედასიებულ დარიკოს გაწვრილებული თვალები სიხარულით ენთება და ზლუქუნით ეკიდება ყელზე. გულში იკრავს, ცრემლიანი სახით მის სრიალა თმას ასველებს, გადორბლილი ტუჩებით ლოშნის და უალერსებს. ის გულგრილობას გამოექცა, მაგრამ ამდენი გულთბილობაც უხერხულობაში აგდებს. მეგობრის ღონიერი მკლავებისგან თავს ითავისუფლებს და ამ ოჯახის სხვა წევრებს დაეძებს თვალით. – მზე გამოღებული კარიდან უმტვერო ჰაერს სვეტად გასდებია და ოთახის შუაგულში, დაბალ ტახტზე იღვრება. ეჩვენება? არა, … იქ კუბო დგას. ნაბიჯის გადადგმა რთულია, მაგრამ წინ გადაწევას ახერხებს და მზის სხივიდან გადახრილი, მიცვალებულს გარკვევით ხედავს.
– ლევანი?! – აი, რას ნიშნავს ფრაზა ,,მუხლები მოეკეცა'' – სასოწარკვეთას... დარიკო ხელს აშველებს და ტირილით დაწვრილებული თვალები შეძლებისდაგვარად უფართოვდება – რა, არ იცოდი?!
როგორც ჩანს, გაქცევა ანუ სრული იზოლაცია სამყაროსგან, მხოლოდ ასეთი დიდი ემოციის ფონზეა შესაძლებელი. გონებას ბინდი ძალდატანების, გაქცევის სურვილის გაჩენის გარეშე, თავისით ეფარება, მაგრამ ახლა ქალი გამალებული ცდილობს დაბრუნებას. დარიკოც ეხმარება, – პეშვში დაგროვილი წყლით სახეს, საფეთქლებს უზელს. სახეზე ჩამოშლილი სწორი თმა დაუსველდა და მაშინვე ზამბარებივით დაეხვა. მგონი, ნამდვილ სახეს იბრუნებს.
– მეგონა გაიგე და ამიტომ ჩამოხვედი... მაგრამ რომ არ დამირეკავს შენთან? ახლა ვაპირებდი...
სისხამ დილაა და მასპინძელი კარს საიმედოდ კეტავს. მალე ამ კარს ფართოდ გაუღებენ სამძიმარზე მოსულ სტუმრებს, მაგრამ სოფელი ჯერ საკუთარ ოთხფეხობას, სახლ-კარს, ყოველდღიურობას, სიცოცხლეს უხდის ხარკს... მერე სიკვდილისათვის პატივის მიგების დროც მოვა და მოიკრიბებიან ნელ-ნელა.
– შავები რაღაზე ჩაგიცვამს, გულმა გიგრძნო?! – მეგობარი დაამშვიდა და თავად ატირდა დარიკო.
ორი გაუბედურებული ახალგაზრდა ქალი, ერთი მოვლილი, ტანკენარი და გადაფითრებული, მეორე კი ფაშფაშა და სახეაწითლებული, კუბოს მარჯვნიდან უვლის გვერდს და მიცვალებულის თავთან ჯდება.
– რა მოხდა? – ისე, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც უნდა იკითხოს, ხომ უნდა გაიგო რა ჰქვია სიკვდილს?
ცრემლადდაღვრილი დარიკო გასაოცარი მონდომებით იწყებს ლაპარაკს. თითოეულ სიტყვას გარკვევით, მკაფიოდ გამოთქვამს, ხელებს იშველიებს, მთელი ტანით ირხევა –