ბლუზი, მთვარე და ორი ატამი - მუსიკის ხმა გესმის?
- არა.
- არა?! კარგად დააკვირდი, ბლუზს უკრავს მგონი ვიღაც.
- ბლუზს? გიყვარს ბლუზი? დღეს ხომ მაგას აღარავინ უსმენს.
- სუ.
- ..
- არ დაუმთავრებია და დაკვრა ისე შეწყვიტა, რა დასანანია.
- ის ხვეულთმიანი გოგო იქნება, პატარა ალუბლის გვერდით, ყავისფერ სახლში რომ ცხოვრობს. ხშირად ვხედავ გიტარაგადაკიდებული ჭიშკრიდან როგორ გადის.
- მართლა? არა, გოგოები ბლუზს ასე არ უკრავენ.
- როგორ?
- მაგ მუსიკას სული მოყვება, ეს რომანტიული მამაკაცის სული იყო.
- ის გოგოც რომანტიული ჩანს, შავად შეღებილი წამწამებიდან ისეთი ნათელი გამოხედვა აქვს ზოგჯერ მშურს, რომ ისევ ადამიანი არ ვარ.
- მე არასოდეს შემინიშნავს.
- ჰო?! თუმცა, შენ როგორ შენიშნავდი, მე ხომ გეფარები და ჭიშკარს ვერ ხედავ, ის კი, ჩვენი ბაღისკენ არასოდეს გამოსულა.
- ჰოდა არც რომანტიული იქნება, შეიძლება მისი გამოხედვა გატყუებს.
- ..
- ..
- მე ლამაზი თვალები მქონდა..?
- ..
- რა მოგივიდა?
- არაფერი, სად არის ეს მთვარე ამდენ ხანს??
- მართლა, რა უცნაურია - არც ღრუბლები, არც ვარსკვლავები, არც მთვარე. ასეთი ღამე არასდროს მინახავს.
- მე ერთხელ ვნახე, მაშინ ახალი გაცნობილი მყავდი, შუაღამით, აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი ვეწეოდი და ვფიქრობდი შეძლებდი თუ არა ჩემს გაგებას, მერე, უეცრად აღმოვაჩინე რომ მთვარე გაქრა. არა, კი არ გაქრა, არც გამოჩენილა და თავისი ეგოისტური ბუნების გამო ყველაფერი თან გაიყოლა სადღაც 149- ე პლანეტისკენ.
- მერე?
- მერე, ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი და.. გახსოვს თავიდან როგორ გერიდებოდი?
- ჰო, მე კი, ვიფიქრე ცოტა შეშლილია მეთქი.
- ცოტა შეიძლება ვიყავი კიდეც.
- ახლა ღიმილი მინდა, ზოგჯერ ისე მაკლია ღიმილი და შენი ხელისგულები.
- გუშინწინ ქარში ხომ მოგეფერე?
- კი, იცი? ტოტზე კინაღამ თითები გამეშვა. ამის შემდეგ ეცადე ცოტა სათუთი იყო.
- ჩვენ ხომ ასე იშვიათად გვიწევს სიახლოვე და ვეღარ მოვზომე, მონატრებული მყავდი. მაპატიე.
- ისე, ცხოვრების შემდეგ ცხოვრება ასე წარმოგედგინა?
- არა, მე მეგონა დიდ შავ გვირაბში მოვხვდებოდი, გასასვლელში წერტილივით სინათლე რომ მოჩანს.
- ..
- დავიძინოთ?
- ოოჰ ეგ სულელური ჩვევა აქაც გამოგყვა, არა, როგორ მოახერხე, რომ ვერცერთი ღამე ვერ გაათენე ჩემთან ერთად?? არადა როგორ მინდოდა, რამდენჯერ გთხოვე.
- რა მექნა, მე ხომ ვცდილობდი, რა ჩემი ბრალი იყო თუ თვალები თავისით მეხუჭებოდა?
- სუუ.
- ..
- ისევ უკრავს, რა კარგია ხომ?
- ..
- მოდი ეს ღამე მაინც გავათენოთ, ვუსმინოთ ხვეულთმიანი გოგოს ბლუზს, გავიხსენოთ ცხოვრების წინა ცხოვრება და დაველოდოთ ეგოისტი მთვარის დაბრუნებას..
- ..
- ჩაგეძინა?
- ..
- ისევ ჩაგეძინა..?
- ..