ნიმფების ხეივანი მიწა მაქვს გასაფორმებელი...
ახლა სადაც ვცხოვრობთ, იქედან ძალიან შორს, პატარა მდინარის ნაპირზე, ზღვის სანაპიროსთან შორიახლო, სადაც რამდენიმე წლის უკან ვცხოვრობდით, მე და ჩემი ქმარი, ჩვენი არასრულწლოვანი შვილებით. პატარა ქოხი გვედგა, გადაყრილი და გაცვეთილი ავეჯით გამოტენილი. იქ, ველური ბუნების წიაღში, წკნელებითა და ჩვენი ხელებით მოღობილ ეზო-კარში, იმდენი შვილი გავაჩინეთ, რომ ზოგი საწოლის ქვეშ იძინებდა, ზოგი გადმობრუნებულ კომოდში, ზოგიც - ტანსაცმელჩაფენილ ტანსაბან ვარცლში, ჩემი ქმარი თევზაობდა, ყოველ საღამოს ნედლი თევზი მოჰქონდა, ჩაფიქრებული ჩაჰყურებდა წყალმცენარეებით სავსე წყალს.
მე საქონელს ვუვლიდი, ორი სული ძროხა მყავდა - ნოკოშა და მანონი, დედა-შვილი იყვნენ, დილით ადრე სახლიდან გადავდენიდი, ცხრა მთასა და ბარს გადაივლიდნენ და საღამოხანს სახლში დატიკინებული ჯიქნებით ბრუნდებოდნენ. სხვისი ოჯახიდან გადმოყრილი ფიცრებით გომური გვქონდა გამოჭედილი, ყველა საოჯახო საქმეს მე და ჩემი ქმარი ერთად ვაკეთებდით, ვჭედავდით, ვბარავდით, კარტოფილი მოგვყავდა, ხეხილს ვრგავდით, ტყეში ხეებს ვჩეხავდით, ჩვენი ხელით მოღობილ მიწაზე ბოსტანს ვთესავდით, შემდეგ სიმინდს, კვახს და ლობიოს ისევ ერთად ვთოხნიდით, ვარჩევდით, შემოდგომაზე ნამგლებით ვჭრიდით, ვქუბავდით, ვკაჭრავდით, ზურგზე მოდებული ტომრებით კილომეტრიან გზებზე ერთად ვეზიდებოდით და თან გვიხაროდა, რომ ცოცხლები ვიყავით, რომ ერთმანეთს ვხედავდით, ჭის სუფთა წყალს ვსვამდით, რძეში მოხარშულ მჭადსა და და კვახებს მივირთმევდით.
ჩვენი შვილები მაუგლის შთამომავლებივით იქცეოდნენ: ხეებზე მაიმუნებივით დახტოდნენ, ხილს აგროვებდნენ, მთვარიან ღამეებში ბუკიოტების კივილს ისმენდნენ, ყანაში მაჩვებს დასდევდნენ, ხის ტოტებზე - ჩიტებს. ჩვენ ეზოში ერთმანეთში ირეოდნენ: კურდღლები, ციკნები, გოჭები, ბატები და ციცრები. ყოველ მეორე საღამოს, ბუხარში, კეცებზე წიწილებს ვაშიშხინებდით, ღომში ათუხთუხებულ ელარჯს მივირთმევდით და ველური კატებივით, ყველა ბუჩქის ძირას, სიყვარულის საძიებლად სურნელოვან თივას ვშლიდით, ხოლო გვიან შემოდგომაზე, როცა ჩვენი ნოკოშა და მანონი აღებულ ყანებში ნადირობას იწყებდნენ და ხშირ შემთხვევაში, იქვე რჩებოდნენ ხოლმე, მე და ჩემი ქმარიც ხელჩაჭიდებულნი, ღამღამობით დავეძებდით მათ, რათა მგლისა და ტურების თავდასხმებისაგან გადაგვერჩინა ისინი. ბულდოზერებით გათხრილი სარწყავი არხების ლელქაშებში, მთვარე ვერცხლისფერი თითებით გაქცეულ ქარიყლაპიებს იჭერდა, ჭოტები და ტურები შეხმატკბილებულად გაჰკიოდნენ, გვიანი შემოდგომის ჭირხლით დაფიფქული ბალახი წელში გაზნექილი კვნესოდა, ჩვენს ფეხქვეშ ჭრიჭინებდა და შველას გვეხვეწებოდა. მთვარე გვეჩურჩულებოდა, გზას გვიჩვენებდა და გვამხნევებდა. ჩვენც, ხანაც ვიპოვიდით სხვის ნაყანებში გადაპარულ ჩვენს მარჩენალ საქონელს და ხანაც ვერა, შუაღამით ან გამთენიის ხანს გადაქანცულები ვბრუნდებოდით შინ. ჩვენი შვილების გვერდით ხის გაქუცულ იატაკზე დაგებულ მატყლის და ბამბის ძველისძველ ლეიბებზე დავეყრებოდით და სახურავის კატებივით ისევ სიყვარულით ვერთობოდით. ადამს და ევას არ ვგავდით, ველური კატების წელიწადში ვიყავით დაბადებულნი და დიდი კატებივით ვიქცეოდით: ვკოტრიალობდით, ერთმანეთს ვფხაჭნიდით, ვკბენდით და ხორცს ვაგლეჯდით, სამაგიეროდ, ფინალით ორთავენი კმაყოფილები ვიყავით.
ბავშვებსაც ტყაპა-ტყუპით ვაჩენდით, საოცრად ჯანმრთელები იბადებოდნენ, შიშველი ფეხებით ეკლებზე ყირას გადადიოდნენ, თურაშაული ვაშლებივით დაკვასკვასებული ლოყები ჰქონდათ და ღონიერი მკლავები, მაგრამ დრო დაჭედილი ცხენივით უმოწყალოდ გარბოდა, მის ზურგზე ვისხედით, არ გვიჩერდებოდა და იმ ჭაობის პირზე ჩატოვებასაც ფიქრობდა უკვე, როცა გადავწყვიტეთ - ისევ იქ დავბრუნებულიყავით, საიდანაც ჩამოვედით, ანუ დიდ ქალაქში, დიდი მდინარის გვერდით, რომელსაც ჩვენი წინაპრები თავიანთ დედამდინარედ მიიჩნევდნენ, უვლიდნენ, ეთაყვანებოდნენ, სიმღერებს უგალობდნენ. მის ტალღებში ინათლებოდნენ და მის სანაპიროებზე აგებული სახლებითაც თავს იწონებდნენ...
ჩემს ქმარს ანდრეი ერქვა, მუსიკოსი იყო, ხის ჩასაბერი ინსტრუმენტზე უკრავდა, როცა თევზაობა მოწყინდებოდა, თავის საკრავს აიღებდა, ჩვენი ქოხის უკან, დიდ გორაკებს შეუყვებოდა, მოძებნიდა სადმე, დიდი მუხის ქვეშ, მყუდრო ადგილს და მისი საკრავის ხმა მთელ ხეობას ავსებდა, ჩვენი მარადმოუსვენარი თხები ნეკერის კვნეტას შეწყვეტდნენ, ერთად მოქუჩდებოდნენ, ყურებს დაცქვეტდნენ და იმ მხარეს მიაპყრობდნენ მზერას, საიდანაც მუსიკის ჰანგების ხმა მოდიოდა, ჩვენი ნოკოშა და მანონიც, ველური თხილების ბუჩქებს შეფარებულები, მდინარის ნაპირზე წაკოტრიალებულები, ზანტად იცოხნებოდნენ და ისინიც მუსიკას აყურადებდნენ. ჩვენი ბაჭიებიც ისმენდნენ მუსიკას, დედის თბილ უბეში მიიძინებდნენ და კლარნეტის ტკბილ ჰანგებზე ნებივრობდნენ და გრძნობდნენ, რომ ირგვლივ სიმშვიდე და მყუდროება იყო, მათ დედას მგელი ვერაფერს დააკლებდა, მათ პატარა საკურდღლეს დათვი ვერ დატორავდა, იმიტომ, რომ მათთვის მზრუნველ ხელებს საჭმელი მოჰქონდათ, მდინარიდან სუფთა წყალი მოჰქონდათ, უვლიდნენ, ეფერებოდნენ და ყველასათვის სასურველი პაწიები იყვნენ, მაგრამ მაშინ, როცა ფიქრებსა და სოკოს კრეფაში გართულ ანდრეის დააგვიანდებოდა, მე ჩემს პატარებს ხელს მოვხვევდი, ჩვენც შევუყვებოდით მთებისკენ მიმავალ გზაწვრილს და დამპალი ნეშოსა და ახლად ამოსული სოკოების სურნელით გაჯერებულ ფერდობს გავძახოდით:
- ანდრეი, ანდრეი, ანდრეი...
ჩემს მყიფე ხმას პატარების წკრიალა