ქუთაისი
12.02.2005, 0:29
ჩემი ძმა ბავშვობიდანვე ერთი უცნაური ტალანტით გამოირჩეოდა: ჩიხისთავიდან შეეძლო ამოეცნო მოახლოებული „კალცევოის“ (პირველი ნომერი ავტობუსი ქუთაისში) სერიული ნომერი, მძღოლის დამოკიდებულება უბილეთო მგზავრებისადმი... არადა, ეს „კალცევოი“ ყველა ერთნაირი, ყვითელი ფერის „იკარუსი“ იყო.
თვეში ერთხელ სოფელს ვესტუმრებოდით ხოლმე. ჩვენი ავტობუსის ბაქანზე ვანის ავტობუსებიც დგებოდა. ჩემი ძმა შორიდანვე გვამცნობდა, უნდა გვეჩქარა თუ არა. ეგრევე არჩევდა „ვანისულორი“ იდგა, „ბაღდათიხანი“ თუ „ბაღდათიშუბანი“, თითოეულის გრაფიკიც ზეპირად იცოდა და მანქანის ნომერიც.
ოჯახისდა სამწუხაროდ ამ ტალანტის სკოლის კედლებში გამომჟღავნებაზე ჩემი ძმა უარს ამბობდა. თუმცა, შეეძლო შეეკეთებინა ონკანი, კედელში ჩაესვა ამოვარდნილი ჩამრთველი ან დაეჭრა საფანჯრე მინა. ამის გამო სკოლის „ზავხოზის“, ჯემალის მარჯვენა ხელად ითვლებოდა და გაჭირვების ტალკვესს ეძახდნენ. ამ უპირატესობას ის ბოროტადაც იყენებდა. თუ ორშაბათს საკონტროლო ჰქონდა თინა დანელიასთან ან გასაძახებელთა სიაში თუ იყო ქეთო კიკნაძესთან, ავიდოდა კვირა საღამოს სკოლაში (თან რა სკოლაში, - ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის სკოლაში!), ქვით მშვიდად ჩამოფშვნიდა სათანადო კლასის (თან რა კლასის - საქართველოს საამაყო შვილების ნახევარს მაინც რომ ეკუთვნოდა! ამ ხალხის სია ჩემმა ძმამაც ზეპირად იცოდა) ფანჯრებს და მეორე დღეს უდარდელად შეაბიჯებდა „სკვაზნიაკიან“ საკლასო ოთახში. ვინ იყო მისი გამძახებელი! დღის ბოლოს მადლობასაც უხდიდნენ გაწეული სამსახურისთვის.
ისე, პირველ კლასში, პირველ სექტემბერს, ეგ და ბებიაჩემი სკოლიდან რომ მობრუნდნენ სახლში დარჩენილი ჩანთისთვის, მამაჩემმა კი იწინასწარმეტყველა, არ უნდა იყოს კაი ნიშანიო...
2.03.2005, 1:58
ეს ჩანაწერი ჩემს ქუთაისელ ბებიაზეა, რომელიც ბავშვობაში სათევზაოდაც კი დამყვებოდა ქუთაისიდან ვარციხეში (მანამ, სანამ მამაჩემის მეთევზე მეგობრებმა არ იცნეს და სანამ ამ ამბის მერე ვარციხის ტბებზე ანკესით და ბაზრის ჩანთით ხეტიალი ორივეს არ აგვეკრძალა). მერე ბებიაჩემმა ორი შვილიშვილი დატოვა ქუთაისში და მე გამომყვა თბილისში სტუდენტობისას, მთელი კურსი და დეკანატი იცნობდა პირადად...
ბებიაჩემი ოთარაანთ ქვრივის (სხვებისთვის) და ოლღას (ჩემთვის) ნაზავი იყო. მაგარი პურმარილის კეთება იცოდა. თბილისიდან ქუთაისში რომ გადავწყვეტდით გამგზავრებას, საგზალს გაამზადებდა. საგზალი კი არა, სამეფო პურმარილი იყო: ნივრით და წიწაკით უხვად დამუშავებული, შებრაწული ვარია (ჩემი გემოვნების მიხედვით მრგვალად მოხარშული დედალიც შეიძლება ყოფილიყო), იმ დილით დამცხვარი ხაჭაპურები, ქილით ტყემალი, სქლად დაჭრილი ოდნავმარილიანი სულგუნი, რძე რომ მოსტირის, ისეთი და თორნის პური.
მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდი, სუფრა რიკოთზე შესვენებისას გაეშალა, ბებიაჩემი სუფრას პირდაპირ ავტობუსში შლიდა, მეზობელი მგზავრების მიპატიჟებით, რა თქმა უნდა. მე მაინც ვაფრთხილებდი, რომ ჩემთვის არ დაეძახა (ავტობუსის უკანა რიგებში ყოველთვის ვნახულობდი ნაცნობ ქუთაისელ სტუდენტებს). ავტობუსი იგოეთამდეც არ იყო მისული, რომ გავიგონებდი:
- ქუთაისელი!
წავუყრუებდი... ახლა უფრო ხმამაღლა გაისმოდა:
- ქუთაისელი! მოდი, ბებია, ჭამე...
აუუ, ამასხამდა ტვინში, მარა, რას იზამ, მის ხელში ხარ, სად დაემალები. მივიპატიჟებდი ნაცნობებს და მოვულხენდით. ქუთაისში ბებიაჩემს მაგრად ვეჩხუბებოდი თავის მოჭრისთვის. ისიც, შემპირდებოდა, რომ მეორედ აღარ დამიძახებდა რიკოთამდე. ქუთაისიდან გამოსულები, ჭიშურამდეც არ ვიყავით მისულები, რომ გავიგონებდი:
- ქუთაისელი!..
11.02.2006, 22:17
ამ ბოლო დროს, ქუთაისში წელიწადში ერთხელ მიწევს ჩასვლა. თან, სულ რამდენიმე დღით. ჯერ ბებიაჩემის საფლავზე გავდივარ ქვიტირის სასაფლაოზე, სანთელს ვანთებ და მერე მივდივარ ჩიხში, ბებიაჩემისავე სახლში, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე. გადმოვივლი გზაგამტარ ხიდს, გორის ქუჩას, „ზასტავაზე“ სისხლისმიერი ნათესავის, კიკვიძის ძეგლს ჩავუვლი, ამოვალ წყალტუბოს გადასახვევთან (კინო „გამარჯვებაც“ გამოდგება სანიშნედ) და რუსთაველით მოვადგები ჩიხისთავს. ჩიხისთავში ბირჟის „სკამეიკა“ ადგილზე მხვდება. თუ კარგი ამინდია, ფაშტი აუცილებლად იქ იქნება, - მარტო ან „სასტავით“.
ჩიხი თხუთმეტამდე მოსახლისგან შედგება, სამი თაობის თანშეზრდილი ოჯახებით. მანქანას ჩვენს სახლთან გავაჩერებთ და სანამ ჩემი ძმა ბოქლომს ეჩალიჩება, ჯერ ერთი მეზობელი გამოიხედავს, - უი, ეს ვინ მოსულაო, შეჰკივლებს, მის ხმაზე სხვებიც გამოიხედავენ და იწყება ჩახუტება, მოკითხვა და ალაგალაგ შეცხადებაც. ძირითადად, უკვე მოხუცები არიან, ახალგაზრდობა მთლიანად გაქცეულია ქუთაისიდან. დარჩა ის ხალხი, ვინც მართლა ვერ იცხოვრებს ქუთაისს გარეთ და ამ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან სწორედ ესენი პატრონობენ უბანს, ჭირისუფლობენ გაჭირვებულს, ლხინიც ამათ იმედზეა.
მერე ჩიხის თავში ავალ, ფაშტი დიაბეტის გამო შორს ვერ ხედავს და სანამ ხმას არ გავიღებ, ვერ მცნობს. გადამეხვევა, ჩამოვჯდები და უბნის ახალ ამბებს მომიყვება. ფაშტი უბნის კოლორიტია. სრული სერიოზულობით მომიყვება უბნის ყველაზე სასაცილო თავგადასავლებს, თვითონ ერთხელაც არ გაეცინება. ახლაც, ქეთინოზე შემომჩივლა (წკეპლას კარის