ბედისწერის მატარებელი – მგონი, უკვე დროა, გადავიდე და ჩემს ბაჭიებს ბალახი გამოვუჭრა, – გავიფიქრე, დასავლეთის ჰორიზონტთან ქულა-ქულა შეყრილ ღრუბლებში ჩამავალ მზეს რომ გავხედე. გუშინ ცოტა დააკლდათ, მშივრები არ დარჩნენ, რადგან მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისე კოკისპირულად ასხამდა, ბუნების ეს უწყინარი და ჩვეულებრივი მოვლენა ლამის წარღვნაში გადაიზარდა. ჩვენი ბაჭიები უკვე სმენაზე გამწკრივებულიყვნენ, აცქვეტილი ყურებით მათთვის განკუთვნილ საკურდღლე ფართში, ეზოს ერთ კუთხეში, ზედ არხის პირას, ჩვენს სამოსახლოსა და საყანე მიწებს ერთმანეთისგან რომ ჰყოფდა. იმათ, რახან უკვე დაჩვეულნი იყვნენ ბინდის წინ მდიდარ სანადიმო სუფრას, პავლოვისეული დაკანონებული რეფლექსების თანახმად, კბილები უკაწკაწებდათ სანეტარო ბალახის შრიალის მოსმენის მოლოდინში. კურდღლების ღობეზე ჩამოგებულ ნამგალს ხელი დავავლე და ბოსტნის გადასავალზე კარის მაგიერ გურული წესით გაკეთებულ ალაგეზე გადავხტი. ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, ყოველ საღამოს მათთვის ბალახის მოჭრა. კიდევ მეტი სიამოვნება იმისი ცქერაა, წრიულად როგორ შემოუსხდებიან ირგვლივ ქრისტეს მოწაფეებივით და სმენის დამატკბობელი ნაზი შრიალით ახრაშუნებენ ნედლ ბალახს. ცალი ხელით რომ შეიკვრებოდა, იმდენი უკვე გამოჭრილი მქონდა, თავზე ჩემი შავლეგო რომ დამადგა.
– აჰ, რა კარგია, რომ მომისწარი, – გამეხარდა – მოდი, რაც მე გამოვჭერი, ერთი ამდენი შენც დაუმატე და დღევანდელი დღისთვის ჩვენი კურდღლები მადლობას შემოგვწირავენ, როგორც მათ მფარველ ღვთაებებს. – ვუთხარი შავლეგოს, მანაც გამომართვა ნამგალი და ბალახის ჭრას შეუდგა. იქვე ჩაცუცქული ვუცქერდი, როგორ შრომობდა ჩემი პირმშო და მიხაროდა, გარჯა მასაც ჩემსავით რომ ეხალისებოდა. მე და ჩემი შვილი საშემოდგომო თესვაზე საუბარს შევყევით და ვერც კი შევნიშნეთ ცაზე წამოგრაგნილი შავი ღრუბლები, ჩრდილოეთის მხრიდან უკვე რომ ჩაეშავებინათ ტატნობი. სასწრაფოდ წამოვკრიფეთ გამოჭრილი ბალახი და საკურდღლისაკენ მოვკურცხლეთ. ბოსტნის გადასასვლელ ალაგეზე ცის მარად მოტირალმა პიერომ თავისი დაუსრულებელი სევდისა და ვარამის პირმშო - მსხვილ-მსხვილი კურცხლები გადმოგვაყარა. ბალახი იქვე, ძველებურად სმენაზე გამწკრივებულ კურდღლებს ჩავუყარეთ და სწორედ ისეთ თავსხმა წვიმაში მოვყევით, ერთი დღის წინანდელ წარღვნას ბადალს რომ არაფრით დაუგდებდა. უკვე კარგა გემრიელად გაწუწულები ფაცხა-ფუცხით შევცვივდით სახლის კარში და ერთხელ კიდევ ინტერესით გავხედეთ, როგორ გულამოსკვნილი მოსთქვამდა და დასტიროდა თავის გაჩენის დღეს ჭექა-ქუხილის უკვდავი ღმერთი, ბატონი ელია.
– ხვალ დილით, ალბათ, ისევ ვენეციაში გავიღვიძებთ, – დავაიმედე ჩემი პირმშო. ამ დროს კარებში უაზროდ გაჩერებულებს მეუღლემ პირსახოცები მოგვაწოდა, ჩვენ სასწრაფოდ შევიმშრალეთ და სასადილო ოთახში ჩვენთვის საგანგებოდ გაშლილ მაგიდასთან ცხელ ჩაის შემოვუსხედით. ასეთ ამინდში კარგი პატრონი ქუჩაში ყოვლად უსარგებლო და ათვალწუნებულ ძაღლსაც არ გააგდებს-მეთქი, გავიფიქრე და ჩემდაუნებურად ის ფეხებგადაჭრილი ხეიბარი გამახსენდა, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია, ფოთის ხიდთან რომ იწვა ქუჩის პირზე და წარბშეუხრელად იტანდა ყოველგვარ დარსა და ავდარს.
– ბაბულია, ის ხეიბარი, შენ რომ მიყვები ხოლმე, ასეთ ავდარშიც ქუჩაში იქნება და იქ უნდა გაათენოს? – ვკითხე მეუღლეს.
– ალბათ... რომც მოინდომონ მისი წაყვანა, მაინც არავის წაყვება.
– კი მაგრამ, ეს თავსხმა შეიძლება ხვალ საღამომდე გაგრძელდეს, როგორ უნდა გაძლოს ასეთ სუსხსა და ავდარში, სველ მიწაზე დაგდებულმა ცოცხალმა კაცმა... თავზე დასაფარებელიც არაფერი ექნება, – ვიდარდე მისი უპატრონობა.
– პალტო აქვს, პალტოთი იფარავს ხოლმე თავს.
– ასეთი წვიმისაგან ვერანაირი პალტო ვერ გადაარჩენს, ნახევარ საათში ის პალტო კამეჩის წონად გადაიქცევა, იმდენ წყალს შეისრუტავს, – დინჯად განგვიმარტა ჩვენმა შავლეგომ.
– არ ვიცი და ნამდვილად არც შემიძლია გიპასუხო, რა ღვთის განგება ასულდგმულებს და აძლევს სასიცოცხლო ძალას ამ ბედისწერის ანგელოზებისაგან ათვალწუნებულ და განწირულ ადამიანს, მაგრამ ხვალ დილით, თუკი ამინდი მომცემს საშუალებას, რომ ფოთში წავიდე, აუცილებლად ვნახავ. ვეცდები, რაიმეთი დავეხმარო... – ბაბულიამ ხეიბარზე ლაპარაკი დაასრულა და საუბარი თავის ერთგულ ტრანსპორტზე – განუყრელ ველოსიპედზე გადაიტანა, რომელიც, მოძველებული საბურავების გამო, სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა, მაგრამ ვერა და ვერ მოგვეხერხებინა უსახსრობისა და ხელმოკლეობის გამო. ჩემი ფიქრი კი ისევ იმ საცოდავ არსებასთან ტრიალებდა, არასოდეს რომ არ მინახავს და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავ, მაგრამ მთელი არსებით ვუთანაგრძნობ, რადგან გულის სიღრმემდე შეძრული ვარ მისი ამტანობითა და გამძლეობით.
მთელ ღამეს გადაუღებლად წვიმდა. რამდენჯერაც გავიღვიძე, ღამის სიბნელეში ჩანთქმულსა და თბილ საბანში გახვეულს სულ მესმოდა, როგორ გაავებით ღმუოდა ქარი და თავგანწირული თავგამოდებით ახლიდა წვიმას ჩვენი ოთახის ფანჯრის მინებს. როგორც კი ფანჯრის ჭუჭრუტანებში შემომძვრალი ქარი წუილს ატეხდა, მე თვალწინ დამიდგებოდა ხატება კაცისა, რომელიც ახლა, ყველა სულიერი არსებისაგან მიტოვებული, წელში გადაჭრილი