მცირე წინათქმა საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა, არსებობის სამოცდაათი წლის მანძილზე, პირველად განახორციელა ესოდენ დიდი და უმნიშვნელოვანესი პროექტი, - თავი დაადგა საშვილიშვილოდ ღირებულ საქმეს - გამოსაცემად მოამზადა გენიალური ქართველი პოეტის, არა მხოლოდ მეოცე საუკუნის, არამედ მთელი ქართული და საკაცობრიო პოეტური შემოქმედების მშვენების - გალაკტიონ ტაბიძის არქივი.
ერთგან ვწერდი და ახლაც გავიმეორებ, - „უცნობის“ პიროვნების შესაცნობად, მისი სულიერი ბიოგრაფიის წარმოსადგენად, გარდა დიდი და უმშვენიერესი შემოქმედებისა, პოეტს ჩვენთვის თითქმის არაფერი დაუტოვებია. გალაკტიონის ცხოვრების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელი დარჩა და, ვეჭვობ, რომ მომავალმა რამე შემატოს მისი მშფოთვარე არსებობის ამბავს; მისი შემოქმედებაც - შედევრები იქნება ეს თუ უნდობარი დროის ნამუშაკარი - სამარადისოდ დარჩება მხოლოდ მკითხველთა და მოწადინებულ მკვლევართა იმედად. უეჭველად მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება - გალაკტიონის შემოქმედებას არასოდეს მოაკლდება მკითხველი და მისი პოეზიის მომნუსხველი ხიბლის შესაცნობად შემართულ, თავდაჯერებულ მკვლევართა რიგიც, რაც დრო გავა, უფრო გაიზრდება.
გალაკტიონის ლეგენდაც სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გახდება.
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი თავს ვალდებულად რაცხს მხარი მისცეს მკითხველსაც და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სულ ახლახან დაარსებულ სამეცნიერო ცენტრსაც, რომელიც მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევით იქნება დაკავებული. სწორედ რომ დროული და აუცილებელიც არის საზოგადოებას სრულად წარვუდგინოთ დიდი შემოქმედის დანატოვარი და განსაკუთრებით არქივის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მკვლევართა ფართო წრეებისთვისაც კი დღემდე უცნობია.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ გალაკტიონის არქივი ზედმიწევნით არის აღნუსხული, დალაგებული, სამუზეუმო წესების თანახმად შესწავლილი და მოვლილი; ერთადერთი, რაც ჯერჯერობით /უსახსრობის გამო/ ვერ შევძელით, მისი ხელნაწერების რესტავრაცია გახლავთ, სამომავლოდ, ალბათ, სულ ასე ხელმოკლედ არ ვიქნებით, პოეტის ხელნაწერთა რესტავრაციაც მალე დაიწყება და, იმედი მაქვს, წარმატებულად გასრულდება კიდეც.
* * *
გალაკტიონ ტაბიძის საარქივო გამოცემა, მისივე სურვილისა და ნაოცნებარის გათვალისწინებით ოცდახუთ წიგნად დალაგდა. ოცდამეექვსე წიგნი რჩეულია და მკითხველისათვის მირთმეული ის საჩუქარია, რომელსაც იგი, დარწმუნებული ვარ, დიდი სიხარულით მიიღებს, მაგრამ აუცილებლად შემომედავება კიდეც. თუმცა, აქვე შევეცდები ოპონენტთა დაშოშმინებას - ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავს და მეც რჩეულში ჩემი უსაყვარლესი ლექსები შევიტანე!
არ შემიძლია დიდი და გულწრფელი მადლობა არ გადავუხადო ბატონ გიორგი ჯოხთაბერიძეს, თბილისის მერიას, საკრებულოსა და პირადად ქალაქის მერს ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილს. რომ არა მათი ფინანსური მხარდაჭერა, არავინ იცის როდის ეღირსებოდა დღის სინათლე მუზეუმის სეიფებში გამოკეტილ გალაკტიონ ტაბიძის არქივს.
ხანდახან, როცა უკვე გასრულებულ სამუშაოზე ვფიქრობ, არც კი მჯერა, რომ ხორცშესხმა ეღირსა არა მარტო მუზეუმის მესვეურთა, არამედ გალაკტიონის გულშემატკივართა დიდი არმიის ოცნებასაც! მადლობა ღმერთს და ამ უნიკალური წიგნების გამომცემლებს, მადლობა ყველას, ვინც უანგაროდ იშრომა!
* * *
საარქივო გამოცემის ოცდახუთი წიგნი ქრონოლოგიური პრინციპით, თანმიმდევრულად წარმოვადგინეთ. შევეცადეთ ისე გაგვენაწილებინა პოეტის მემკვიდრეობა, რომ უპრეტენზიო მკითხველსაც და განსწავლულ ფილოლოგსაც ცხადად დაენახა როდის, რას და როგორ წერდა გალაკტიონი; ანუ ჩვენ გვსურდა მკვეთრად გამოგვეკვეთა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედებითი აქტივობის ნაყოფიერი წლებიცა და, მისივე შეგირდობისა თუ სხვა, ნაკლებად ღირებულ ნაწარმოებთა შექმნის დროც.
გთავაზობთ საარქივო გამოცემაში გალაკტიონის შემოქმედების ჩვენებურ განაწილებას:
1905 - 1914 წწ. - პირველი წიგნი;
1915 - 1921 წწ. - მეორე წიგნი;
1922 - 1927 წწ. - მესამე წიგნი;
1928 - 1931 წწ. - მეოთხე წიგნი;
1932 - 1940 წწ. - მეხუთე წიგნი;
1941 - 1945 წწ. - მეექვსე წიგნი;
1946 - 1958 წწ. - მეშვიდე წიგნი;
უთარიღო და პოეტის არქივში დაცული გამოუქვეყნებელი ლექსები - მერვე წიგნი;
პოემები - მეცხრე - მეთორმეტე წიგნები;
მე-13 - 24-ე წიგნებში თავი მოვუყარეთ პოეტის უბის წიგნაკებს, სხვადასხვა, არქივში დაცულ უსისტემო ჩანაწერებს, ლიტერატურულ ეტიუდებსა თუ სტატიებს, პირად მიმოწერას, ოლია ოკუჯავას წერილებს გალაკტიონისადმი და მისივე ჩანაწერების იმ ნაწილს, რომელიც პოეტს ეხება, აგრეთვე ნაირნაირ დოკუმენტებს, განცხადებებსა და ა. შ.
ბოლო - 25-ე წიგნში თავმოყრილია გალაკტიონის ზოგი უკვე ცნობილი და უფრო მეტი უცნობი ჩანახატი, - ხშირად, დიდი პოეტის ფიქრის, განწყობილებისა თუ განცდის ნაყოფი და „უცნობის“ სულიერი ფორიაქის უტყუარი ნიშანი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩანახატებს იმ ხელნაწერებთან ერთად ვბეჭდავთ, რომლებზეც ეს გრაფიკული ნამუშევრებია შესრულებული.
საყოველთაოდ ცნობილია, როგორ უყვარდა გალაკტიონს ფოტოსურათის გადაღება. მუზეუმის ფონდებში მისი ათასზე მეტი ფოტოა დაცული. თორმეტ წიგნს თან ერთვის გალაკტიონის ფოტოსურათებიც - თითოეულს 24 ფოტო, მრავალი მათგანი პირველად ქვეყნდება.
დაბოლოს, საარქივო გამოცემის