სურამის ციხე
ამ ზაფხულის, იმ საშინელ სიცხეში, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი ეძებდნენ სიგრილეს ქალაქის გარეთ, აქ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთა რიცხვში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადვეს პირობა მთელ ზაფხულს, ყოველ საღამოს, შეყრა რიყეზე, ანჩისხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდის. იმ პირობაში, სხვათაშორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა ერთი მოთხრობა, ანუ ანდაზა ანუ სხვა რაიმე ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან.
იყო ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი, რომლითაც სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცვამდა, ზოგი შემოხვეოდა და ყურს უგდებდა დ.ბ., რომელსაც მუხლზე ედო თარი, უკრავდა და დაბალის ხმით დაჰღიღინებდა. შემდგომ რამდენიმე ხნისა, როდესაც ყველამ მიირთვა ჩაი და ბიჭები შეუდგნენ ვახშმის მზადებას, ყმაწვილებს მოაგონდათ, რომ მორიგეს ჯერ არ აესრულებინა თავისი რიგი. მოიკითხეს მორიგე, გამოჩნდა, რომ რიგი გათავებულიყო. სთხოვეს ერთს, სთხოვეს მეორეს, მაგრამ არავინ არ მიიღო თავზე ეს ვალდებულება. მივარდა საქმე წილის ყრაზე, ერთი ჩვენგანი წამოდგა და თქვა: იწილო, ბიწილო, შროშანო... და სხვ. და დააბოლოვა ნიკო-ზე.
— ოჰ! ნიკოს გაუმარჯოს, მოგვილოცავს! — დაუძახა ყველამ.
— უკაცრავად, ყმაწვილებო, დღეს მაპატიეთ! თქვენმა მზემ, არ ვიცი, რა ვთქვა, არ მოვმზადებულვარ.
— ეჰ, ნიკოჯან! ახსენე ღმერთი, დაიწყე: იყო და არა იყო რა-თქო და სხვას ღმერთი გიშველის, გარწმუნებ! — უთხრა დარიგებით სიკომ.
— მაშ, კარგი, სმენა იყოს და გაგონება, — და დაიწყო:
I
იკითხე გლეხთაც კარგი ქალობა!
სოფლელსაც ხედამ? აქვს ჩვილი გული,
სოფლელმაც იცის, სცან, სიყვარული
შენ კი.........................
ი. კერესელიძე
— აი, ის სახლები მუხრანბატონიანთი არის, ხედავთ? — და გაიშვირა ხელი მუხრანბატონიანთ სახლებისკენ.
— დიახ, დიახ, გახლავსთ, — უპასუხეს ყმაწვილებმა.
— ეხლა ის სახლები დაქცეულები არიან, არ ვიცი რათა. პატრონები ყურს აღარ უგდებენ, გული აუცრუვდათ იმათზედ, მაგრამ მაგათაც ჰქონდათ თავისი დრო; ერთხელ ეგენიც იყვნენ პირველი სახლები ჩვენ ქალაქში და ყოველი ქალაქში ჩამომსვლელი უთუოდ ნახამდა ამ სახლებსაც სხვათა შორის. მაგრამ მხოლოდ ეს სახლები არ იყვნენ ჩინებულნი, ამბობენ, რო იმისთანა ტანოვანი, ლამაზი, ზრდილი და ჩაცმული მოსამსახურეები არსაიდგან არ გამოვიდოდნენ, როგორც იმ სახლებითგან. თვითონ ხელმწიფეს, თურმე, შურდა იმათი მსახური. ამ მსახურთაგანი იყო ვინმე დურმიშხან — ძალიან ყოჩაღი და ლამაზი ყმაწვილი კაცი, მუხრანბატონის ნაზირი და ქალი — გულისვარდი, საყვარელი გოგო მუხრანბატონის მეუღლისა. მე ისე ვერ აღვწერ იმ გოგოს სილამაზეს, როგორც ცხონებული ჩემი გამზრდელი, რომლისაგანაც გამიგონია ეს ანდაზა, და ამიტომ დავანებებ თავს: ალვის ხესავით ტანი, შავი გიშრისავით თვალები, ბროლის შუშა თითები, ერთი სიტყვით, სიკო, შენ კატოზე უფრო ლამაზი!
— კარგი, იმათ შეუყვარდათ ერთმანეთი. სხვა? — უპასუხა სიკომ.
— დიახ, შეუყვარდათ ერთმანეთი ისე, როგორც აღმოსავლეთში მცხოვრებთ შეუძლიანთ სიყვარული. მაგრამ უკაცრავად, შეუყვარდა მხოლოდ გულისვარდს, დურმიშხანს რომელ არ ყვარებიყო, შევიტყობთ შემდგომ. საწყალი გულისვარდი სულით და გულით მიეცა თავის სიყვარულსა. იმისთვის, გარეშე თვისის სიყვარულისა, აღარ იყო ცხოვრება. რამდენჯერ ეს მტკვარი ამ ადგილს, სადაც ეხლა ჩვენ ვლხინობთ, იყო მოწამე იმათი სიყვარულისა. საწყალი ქალი რას მოიგონებდა, რო იმის დურმიშხანს იმ დროს, როდესაც ის ელაპარაკებოდა თავის სიყვარულს, გულში სულ არ ჰქონდა სიყვარული და ეძებდა შემთხვევას, მოხერხებით ეთქვა იმისთვის თავისი გულის პასუხი.
ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ დურმიშხან და გულისვარდი შეიყარნენ აქ და ლაპარაკობდნენ თავიანთ მომავალ ცხოვრებაზე, ამ დროს უეცრად უთხრა დურმიშხანმა:
— იცი, გულოჯან, მე სადაური ვარ?
— რა კითხვა არის? ვიცი.
— მე ვარ იმერელი, წერეთლიანთ ყმა, ეგრე, როგორც შენ, იმისთანა გოგოს საყვარელი დედისერთა შვილი.
— ახლა რა ვუყოთ, იმიტომ ხარ კარგი, ჩემო საყვარელო.
— დიახ, მაგრამ იცი, მე აქ როგორ გადმოვედი?
— არა, არა, მითხარ გეთაყვა!
— ერთხელ ჩემი ეხლანდელი ბატონი ბრძანდებოდა იმერეთში მაშინდელ ჩემს ბატონთან. იმ დროს, როდესაც ისინი ეწეოდნენ ქეიფს, აკი მომიხდა მე შესვლა იმ ოთახში, სადაც ისინი ისხდნენ და, რაღაცა ჩემი უბედურების წერა იყო, მომიწონა მუხრანბატონმა და მაქო. ის იყო, ჩემი საქმე გათავდა. მეორე დღეს რომ მოდიოდა შინ მუხრანბატონი, იმის ბიჭის ცხენს უკან შემომისვეს და გამაყოლეს უკან. საწყალი დედაჩემი, რანაირად იკლავდა თავს, უნდა გენახა, გულოჯან, მთელი ქვეყანა ზედ დაედო, მაგრამ ვერ დააყენეს. მე, ტუტუცს, მიკვირდა ის მწუხარება. რა ვიცოდი, რომ ის იყო უკანასკნელი ჩემი ნახვა