„ჰამლეტის“ ახალი ქართული თარგმანისათვის
უილიამ შექსპირმა „ჰამლეტი“ ანუ „ტრაგიკული ისტორია ჰამლეტისა, დანიის პრინცისა“ 1602 წელს დაწერა და მალევე გამოიცა ლონდონში 1604 წელს. „ჰამლეტის“ ფაბულა შექსპირს შეეძლო აეღო საქსო გრამატიკოსის „დანიის ისტორიიდან“ ან ტომას კიდის „ესპანური ტრაგედიიდან“ ან ჰამლეტის შესახებ ადრე არსებული პიესიდან, რაც „ესპანური ტრაგედიის“ ანალოგიით უნდა შექმნილიყო. „ჰამლეტი“ ყველაზე ცნობილი, ალბათ ყველაზე ბევრჯერ გასცენიურებული და ყველაზე ბევრჯერ შეფასებული ტრაგედიაა შექსპირის პიესებს შორის. ყველა დიდი კრიტიკოსი მაღალ შეფასებას აძლევს, მხოლოდ ტომას ელიოტმა დაუწუნა „ობიექტური კორელატივი“. „ჰამლეტი“ ის თხზულებაა, რომლის არაერთი თარგმანიც ყველა კულტურულ ერს უნდა ჰქონდეს.
„ჰამლეტი“ ქართულ ენაზე პირველად ლავრენტი არდაზიანს უთარგმნია. თარგმანი დაიბეჭდა 1858 წელს ჟურნალ „ცისკარში“. მანამდე, ერთი წლით ადრე, ჟურნალი იუწყებოდა, რომ „ჰამლეტი“ ითარგმნა და გამოქვეყნებას აპირებდნენ.
1883 წლის 20 თებერვალს, ქართულ თეატრში, წარმოადგინეს „ჰამლეტი“, ანტონ ფურცელაძისეული თარგმანით. ჰამლეტის როლს ასრულებდა ლადო მესხიშვილი. თარგმანი სუსტი იყო და ლადო მესხიშვილმაც კი ვერა უშველა რა, დაუწუნეს
თამაში.
1885 წელს ლადო მესხიშვილის საბენეფისოდ კვლავ წარმოადგინეს „ჰამლეტი“ და კვლავ ანტონ ფურცელაძის თარგმანით, მაგრამ ამჯერად ოფელიას როლი ივანე მაჩაბლის მიერ იყო თარგმნილი და მაკო საფაროვამ გაიბრწყინა სცენაზე.
1886 წელს, ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ჰამლეტი“ და მას მერე ამ თარგმანით იდგმება ქართულ სცენაზე. რამდენიმე ქართველმა მსახიობმა შეასრულა ჰამლეტის როლი, მაგრამ თეატრმცოდნეები უშანგი ჩხეიძის ჰამლეტს იხსენიებენ, როგორც საუკეთესოს. საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში შემორჩენილია ჰამლეტის მონოლოგის ჩანაწერი, რომელსაც უშანგი ჩხეიძე კითხულობს და მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.
1945 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალ „მნათობში“ გამოაქვეყნა „ჰამლეტის“ თარგმანის ნაწყვეტი, პირველი მოქმედების 1-3 სცენები. კონსტანტინე გამსახურდია იწუნებდა ივანე მაჩაბლის ქართულ თარგმანს, ტექსტიდან დაშორებას საყვედურობდა და ამ ნაკლის გამოსწორებას აპირებდა, მაგრამ მაინც მაჩაბლის კვალზე მიდიოდა, რადგან სალექსო საზომის რევიზია არ მოუხდენია.
2002 წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა უილიამ შექსპირის „ჰამლეტისა“ და „ოტელოს“ თარგმანები, შესრულებული ზურღან გემაზაშვილის მიერ. ამჯერად მთარგმნელმა სცადა და ახალი საზომი შემოიტანა შექსპირის თარგმნისას – ათმარცვლიანი თეთრი ლექსი. ამ საზომმა ვერ გააუმჯობესა შექსპირის ქართულად თარგმნის მეთოდი. სტრიქონთა რაოდენობით ქართული თარგმანი ორჯერ აღემატება ორიგინალს. იამბური პენტამეტრი ვერ ეტევა ათმარცვლიან ქართულ ლექსში და ერთი სტრიქონის ნაცვლად ორი და ზოგჯერ სამიც კი გადმოდის.
დიდი ხანია „ჰამლეტის“ თარგმნას ფიზიკოსი და ლიტერატორი თემურ ნადარეიშვილიც უტრიალებს...
*
სტრიქონთა რაოდენობის პრობლემა შექსპირის ქართულ თარგმანებს XIX საუკუნიდან, ილიას და მაჩაბლის მიერ თარგმნილი „მეფე ლირიდან“, ასდევნებია და აქამდე მოაღწია.
ამ საკითხზე საკმაოდ ბევრია ნაფიქრი და მეც ბევრს ვფიქრობდი, როცა შექსპირის ქართულ თარგმანებს ვიკვლევდი.
ოთარ ჩხეიძის წერილებიდან ვიცოდი, რომ ერეკლე ტატიშვილი, შექსპირის ქართველ მთარგმნელთა აღმზრდელი მეოცე საუკუნეში, აგულიანებდა თავის მოწაფეებს, ახალი საზომისათვის მიეგნოთ შექსპირის პიესების სათარგმნელად, – იქ უნდა იპოვოთ, თორმეტსა და თოთხმეტს შორისო, ეუბნებოდა თურმე.
თორმეტსა და თოთხმეტს შორის ცამეტია, ეს კი აბა რა საზომია! ამ საკითხზე მუშაობისას ისევ შექსპირი და შექსპიროლოგები დამეხმარნენ. მეთოდის ანალოგიამ მიშველა.
შექსპირის პიესები იამბური პენტამეტრით არის გაწყობილი. კლასიკური იამბური პენტამეტრი ხუთი იამბისაგან შემდგარი საზომია. დადგენილი წესით, ეს უნდა იყოს უმახვილო და მახვილიანი მარცვლებისაგან შემდგარი ტერფების თანამიმდევრული მონაცვლეობა, მაგრამ შექსპირი ამას არ სჯერდება და შემოაქვს ნაკლებმახვილიანი და მეტადმახვილიანი მარცვლების მრავალფეროვნება. შექსპირს იამბი ეცოტავება და მის ტაეპებში ხშირად ნახავთ სპონდეის, ტროქეის, ანაპესტსაც კი, რითაც არათუ რიტმს, არამედ ზოგჯერ მარცვალთა რაოდენობასაც კი ცვლის, სარეის გრაფისა და მარლოს უწყვეტ სტრიქონს გასცდება და ანჟამბემანს მიმართავს შემოქმედების მეორე ეტაპზე.
სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ ქართველ მთარგმნელს შეეძლო თორმეტ და თოთხმეტმარცვლიან, თუნდაც ათ, თორმეტ და თოთხმეტმარცვლიან სტრიქონთა მონაცვლეობით ეთარგმნა შექსპირი, სტრიქონი გაეკვეთა, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რითაც თვითონაც მეტად გათავისუფლდებოდა და ლექსსაც მოქნილობა მოემატებოდა. წინ მედო ზურაბ კიკნაძის მიერ თავისუფალი ლექსით თარგმნილი „რიჩარდ მესამის“ მონოლოგი და ესეც მაგულიანებდა.
როსტომ ჩხეიძეს დავურეკე და გავუზიარე. მასაც ჭკუაში დაუჯდა. მეორე დღეს დამირეკა და ოთარ ჩხეიძის მოწონება გადმომცა, – ყოჩაღ! სწორიაო.
ეჭვის საბაბი აღარ მქონდა და ვცადე თორმეტ-თოთხმეტ მარცვლიანით თარგმნა. თითქოსდა არა უშავდა-რა, მაგრამ საკუთარ პოეტურ ნიჭს არ ვენდე და ლელა სამნიაშვილს ვთხოვე ორი მონოლოგი ეთარგმნა ამ მეთოდით.
ლელა სამნიაშვილი არა მარტო ნიჭიერი პოეტია, არამედ ვერსიფიკაციური ექსპერიმენტებიც არაა მისთვის უცხო, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და ინგლისური მშობლიური ენასავით