ერთმოქმედებიანი პიესა ორი მსახიობისათვის
მოქმედი პირები:
მოხუცი ქალი – დაახლოებით 70-80 წლის.
წამყვანი, იგივე სტუმარი – ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 40 წლის.
თბილისური ბინის ერთი ოთახი. ძველებური კარადა, ოვალური მაგიდა მოჩუქურთმებული ფეხებით, ორი სკამი, მაგიდაზე დამხობილი ჭერიდან დაშვებული ნაჭრის ბრა, კუთხეში ძველებური ტელევიზორი. ერთი გაქუცული, მოზრდილი სავარძელი.
სცენაზე ორნი არიან. ცუდად განათებული ოთახის სიღრმეში მოხუცი ქალი ზის სავარელში, ახალგაზრდა კაცი კი წინ, სახით მაყურებლებისკენ დგას. ჯერ სილუეტი ჩანს, როცა ლაპარაკს დაიწყებს სახეც გამოჩნდება.
წამყვანი – ოლიას მხოლოდ არყის ბოთლი უყვარს და გულში ჩახუტებული დააქვს … თქვენ არ იდარდოთ, ურთიერთობა ორმხრივია – ამ პატარა, მოკაკული, სახეანაოჭებული ბებრუხანას გარდა, ზუსტად ვიცი, რომ ამ ბოთლსაც სხვა არავინ უყვარს.
ოლიასკენ ტრიალდება წამით და აგრძელებს, მაყურებელს ესაუბრება.
წამყვანი – რატომო?.. ეს თქვენ იკითხეთ, აი ოლიას კი არ აწუხებს კითხვები … მცოდნის როლიდან იშვიათად გამოდის, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ბოთლი უიმედოდ ცარიელია და ეს სიცარიელე მის ამ ერთადერთ, თქვენს მიერ დასმულ კითხვას აჩენს, აწვალებს.
მიდის ოლიასთან, ჩაბღუჯულ ბოთლს საკმაოდ თავაზიანად გამოართმევს და მაყურებელს აჩვენებს. იღიმება დამცინავად. ბოთლს ისევ ოლიას უბრუნებს.
წამყვანი – მხოლოდ ასეთ მოტრაგიკულო მომენტებში დარდობს ოლია. ლურჯ გზებად ძარღვებით დაქსელილი ხელები უფითრდება და ოდნავ უთრთის, ძალას კარგავს, აზრსაც. აბა რა აზრი უნდა ჰქონდეს ორი ხელის ქონას როდესაც სამყარო ისე ვიწროვდება, რომ საკუთარი ცხვირის, ამ ორი ხელის და ნაირ-ნაირი დარდებით დამძიმებული ადამიანების გარდა ვერაფერს ხედავ?
დარბაზში ხის საფეხურებზე ამომსვლელის ფეხის ხმა ისმის.
ოლია – მოვიდა!
წამყვანი – აი, აენთო ჩამქრალი თვალები. წამოდგება ახლა აი ამ გაქუცული, გაზინტლული ხავერდის სავარძლიდან, მიუახლოვდება კარს, აკანკალებულ ხელს მოჰკიდებს სახელურს, დააყოვნებს, მიაყურედებს რა ხდება ამ ხის კარის, ამ ბნელი ოთახის, ამ საძაგელი ყოფის მიღმა … მაგრამ აჩქარებული გულისცემა არაფრის გაგების საშუალებას არ აძლევს. გაჩუმდიო, ითხოვს, ჰოდა გული როგორ გაჩერდება, ამდენი ხომ გესმით? ჰოდა, ამიტომაც არაფერიც არ ესმის.
ოლია კართან მიდის და ხელს სახელურს ჰკიდებს.
წამყვანი – სულ ეს გული, გული! ჰო, მისი გულია დამნაშავე არც ახლა რომ არ ესმის არაფერი და არც არასდროს ესმოდა. არ ესმოდა, ვერ ხედავდა, ამიტომაც ვერ ხვდებოდა, ვერ ამჩნევდა როგორ ეცლებოდა მთავარი ხელიდან.
მთავარი რა არის? ეს თქვენ იკითხეთ? ყოჩაღ!
მთავარი სიცოცხლეა …
კარზე მსუბუქად, მაგრამ მტკიცედ აკაკუნებენ.
წამყვანი – ხელი უთრთის, მაგრამ ემორჩილება... (ოლია კარს აღებს) აღებს … ის არ არიიის!
ოლია – შეენ? რა ლამაზი ხარ!
მაგრამ არავინ ჩანს.
ოლია – შემობრძანდით!
წამყვანი – უკვე შემოვბრძანდი!
იღიმება, თვალები უციმციმებს, თავადაც ციმციმებს თავისი განწყობით მის სავარძელში გაჭიმული სტუმარი.
ოლია – დააგვიანე, როგორც ყოველთვის. გავშალო სუფრა?
ტრიალდება მისკენ და სულაც არ უკვირს რომ სტუმარი კარიდან კი არ შემოვიდა, პირდაპირ მის სავარძელში გაჩნდა.
წამყვანი – როგორც ყოველთვის … ხანდაზმულობის ასაკს მიაღწიე და მაინც ვერ ისწავლე, რომ ადამიანს შენთან მოსვლა რომ მოუხაროდეს, ამისათვის საჭიროა საყვედურებს დაანებო თავი.
ოლია – საყვედურს ამბობ და არ ესმით, უყვირიხარ და ვერ იგებენ, ურტყამ და არ სტკივათ … ვერც ამჩნევენ ამას, ვერც გხედავენ … და რომ გაჩუმდე წარმომიდგენია რაც მოხდება.
წამყვანი – შეაყარე კედელს ცერცვი … (დარბაზს) მაინც როგორ ვერ ვიტან ამ გამოთქმას … ღმერთო ჩემო, მგონი რომანტიკოსი გავხდი და მეჩვენება, თუ ისე ძლიერად მსურს ასე იყოს, რომ … დავიჯერე – მითი ადამიანის შესაძლო ფერიცვალების, ანუ უფრო მარტივი სულიერების ენით, გამოსწორების თუ გადაკეთების შესახებ?!
ოლია – საყვარელი ყბედი ხარ.
წამყვანი – ყბედი ვარ … ხან საქმიანიც …
ოლია – აი, ვიპოვე რასაც ვეძებდი.
ხელში რძისფერი სუფრა უჭირავს.
წამყვანი – ეს ჩვენი რიტუალია. ისე მსიამოვნებს ამის ცქერა, რომ დაუსრულებლად მინდა გავამეორო … ახლა ნახეთ რაებს იზამს … ნახეთ, ნახეთ როგორ გულიანად დაფაცურობს … მოხერხებულად … საყვარლად … ის ახლა საუბრისთვის შესაფერის გარემოს ამზადებს … ჰო, ეს თითქმის იგივეა, როცა ქალი სარეცელს იმზადებს თავისთვის და საყვარელი, არა, სასურველი მამაკაცისთვის …
ოლია – ყბედიც ხარ და მანიაკიც.