მიძღვნა ეძღვნება დოის
შექსპირის ეს ყველაზე შავბნელი და სისხლიანი პიესა, თან საოცრად პოეტური, დათო დოიაშვილის თხოვნით ვთარგმნე, მისი სპექტაკლისათვის. დოისთან მუშაობამ მომაგონა ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი დრო, მიხეილ თუმანიშვილის გვერდით გატარებული წლები, როდესაც ცხადად ვგრძნობდი, რა ძალა აქვს თეატრს და რა ბედნიერებაა, რომ მონაწილეობ იმ იდუმალებით მოცულ პროცესში, რასაც სპექტაკლის დაბადება ჰქვია.
საოცარი რამ არის შექსპირის გენიალურ ტექსტთან ურთიერთობა, რომელიც, ერთი დიდი ბრიტანელი პოეტისა არ იყოს, მუდმივად უთარგმნელი დარჩება, რადგან ინტერპრეტაციას დასასრული არა აქვს. სწორედ ამ კონტექსტში მხიბლავდა მოუსვენარი დოი, რომელიც გამუდმებით „იჩხრიკებოდა“ ინგლისურ ტექსტში და მთხოვდა სიტყვებს, ემოციით დატვირთულს, პოეტურს, კოდის მატარებელ ციმციმა სიტყვებს. არ ვიცი, ეს როგორ გამოგვივიდა, მაგრამ იმისათვის, რომ „ბნელში ნათელი“ მეტი განვიცადეთ, ვიდრე „ნათელში ბნელი“, მადლობელი ვარ.
მთარგმნელი