კაბა (მონოპიესა ერთი მსახიობისათვის)
მე ვარ კაბა.
***
მე ვარ კაბა და ძალიან მინდა, დავწერო დღიური.
***
პირველად ვწერ დღიურს. რიცხვებს არ დავწერ... შეიძლება ამერიოს. ჰო, მართლა, უფრო ზუსტად, ჩემს შესახებ: უკვე ვთქვი, რომ კაბა ვარ, ოღონდ, სარაფანი თუ სარაფანა - მგონი, ასე ეძახიან ჩემნაირებს, ძალიან წვრილ სამხრეებზე, შავი აბრეშუმის ძაფით ნაქსოვი. შიგ შეუმჩნევლად ვერცხლისფერი სირმები მაქვს ჩაყოლებული, მუხლამდე, არსად ნაკერი არ მაქვს, მხოლოდ გვერდებში, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩაცმული ლამაზ ფორმებს უფრო ლამაზს ვაჩენ ვარ გამხდარი, ტანზე მომჯდარი და, რაც მთავარია, გაუთოება არ მჭირდება, საერთოდ არ ვიჭმუჭნები, ამიტომაც ყოველთვის კარგად გამოვიყურები.
***
წარმოშობით ფრანგი ვარ. პარიზში დაბადებული, მართალია, დიდი ხანია, იძულებით ემიგრაციაში ვიმყოფები და აღარც მშობლიური ენა მახსოვს, მაგრამ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, ხასიათით ნამდვილი ფრანგი ვარ.
***
ვგიჟდები, ისე მიყვარს კლასიკური მუსიკა. შინაგანად სულ რომელიღაც მელოდიას ვღიღინებ და ამის გამო ჩემი ბოლოები სულ სხვადასხვა რიტმში ირხევა. აი, ახლაც, ტა-ტა ტა-ტა, ტამ ტამ ტამ ტამ ტაა... ბეთჰოვენის მეორე სონატა, მეორე ნაწილი... კაბა რომ არ ვყოფილიყავი, ვიოლინო ვიქნებოდი. ისე, რაღაცით ვგავარ ვიოლინოს, მე ასე მგონია, არამარტო გარეგნულად.
პარიზიდან პირდაპირ მოსკოვში აღმოვჩნდი. დიდვიტრინებიან მაღაზიაში, ქალაქის ცენტრში. რამდენი ხალხია... თოვლი მოდის აქ. ნუთუ სულ ასე ცივა?!
***
ვინც შემოდის, ყველა ხელს მავლებს, აქ ჩემზე გაბედულებიც არიან, მაგრამ მე ხომ ფრანგი ვარ... ამ წუთას ლისტს ვღიღინებ, ძალიან ავყევი რიტმს, დანარჩენებს ნერვებს ვუშლი... რა ვქნა, რაფსოდიაა.
***
მომწყინდა... ენაც არ მესმის. მეორე ბოლოში კიდევ ერთი ფრანგია, წითელი, გრძელმკლავება, მაგრამ, მგონი, არ უნდა ჩემთან კონტაქტი.
***
ჩემს წინ ორი გოგონა დგას, აუ, რა თვალებით მიყურებს ერთი. ალბათ, სამხრეთელია, მუქი კანით და მწვანე თვალებით. ზუსტად საჩემოა, ჩანთაც გახსნა... ოჰ, არ დავისვენე... მეგობარს რაღაცას ელაპარაკება... სალაროსთან მივიდნენ... და კარისკენ მიდიან... ეს როგორ?! ქუჩიდან ერთხელ კიდევ შემომხედა... ეჰ...
***
არ მინდა ამ ქალთან... ხანში შესულია... ჩამომკიდებს გარდერობში და შეიძლება, ერთხელაც არ გავახსენდე... ვერც ამ სუნამოს სუნს ვიტან... გასახდელში ვარ. ვცდილობ, გავუძალიანდე... ა? ახლავე გიჩვენებ სეირს! ჩამოგდებულ მუცელს ვერცხლისფერი სირმებით კიდევ უფრო ვბურცავ... რაც შეიძლება ქვემოთ ვიწევი, რომ მკერდთან ყველა ნაოჭი გამოვუჩინო. ტრიალდება... საშინელებაა, შეიძლება დავირღვე, ამან რომ მიყიდოს?! უჰ, კიდევ კარგი, გადავრჩი...
***
თვალებს არ ვუჯერებ. ის სამხრეთელი მწვანეთვალება ისევ მოდის. მარტოა, მე ისევ გასახდელისკენ მიმაქროლებენ. შეხედე, სხეულიც რა ლამაზი ჰქონია?! ვეტმასნები პატარა, ლამაზ მკერდზე და კოხტა თეძოებზე. ჩვენ აღარაფერი დაგვაცილებს.
***
მოსკოვს ვემშვიდობები. მგონი, თვითმფრინავით მივფრინავთ... ეს, მართალია, შედარებით პატარა ქალაქია, მაგრამ აქ უფრო თბილა. ყველგან აღტაცებით მხვდებიან. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, მე ხომ ფრანგი ვარ.
***
ჩემს პატრონს ტატა ჰქვია. ტატას მეგობრები დიდად აღფრთოვანებულნი არ არიან ჩემით, მათ ახლა ამერიკელები უფრო მოსწონთ, ასეა თურმე მოდაში... მოდაში?!
ავიწყდებათ, რომ მოდის დამფუძნებლები ჩვენ ვართ, ფრანგები... სამაგიეროდ, ტატას დედა მოიხიბლა ჩემით, მაგრამ ეს, მგონი, არც ისე ბევრს ნიშნავს... არაფერია, მე და ტატას ძალიან მოგვწონს ერთმანეთი. ამიტომაც, ძალიან ხშირად ვართ ერთად, მაგრამ, ჯერჯერობით, სახლში, სარკის წინ.
***
მოწყენილი ვარ... ასეთ დროს რატომღაც დებიუსი ამეკვიატება ხოლმე, ფრანსუა რაბლე... ფრანსუა რაბლე... ფრანსუა რაბლე... ესეც ამოვიჩემე, ვინ არის?! არც კი მახსოვს... ეტყობა, ნოსტალგია შემომაწვა... ისე, რა სულელი ვარ, რა ჩემი საქმეა პიკნიკი. რას გაიხარებდა, ჩემ უკან რომ ჯინსები ეკიდა, რომ გაეგო, პიკნიკზე მიბრძანდებოდა. კინაღამ თავისით გაიარა... ჰა-ჰა-ჰა, ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება და ახალ ამბებს მოჰყვება. ფრანსუა რაბლე... ფრანსუა რაბლე...
***
ვაიმე, ისეთი მთვრალი ვარ, ლამის საკიდიდან ჩამოვვარდე. რა კარგი იყო?! არა, ამ ჯინსს ნამდვილად არა აქვს გემოვნება. მშვენიერი ბიჭია, რა ნაზად მეხებოდა?! კომპლიმენტები თითქმის თანაბრად მივიღეთ მეც და ტატამაც... ცეკვის დროს მკერდისაკენაც შემოაცურა ხელი, მაგრამ ტატამ არ მისცა ნება, მე მგონი, უფრო სილიკონის ბიუსტჰალტერის გამო, რად უნდოდა სულელს? ისედაც მშვენიერი მკერდი აქვს, გაიდიდა, ბავშვია... აუ, რამდენი ვიცეკვე, ძალიან ხმამაღალი კი იყო მუსიკა. ვალსს ველოდებოდი, მაგრამ, ეტყობა, იმ რესტორანში არ იციან ვალსის დაკვრა, არადა, რას ვიცეკვებდი ტა-რა, ტარა, რამ-ტამ-ტა... ტარა-რა-ტარა-რამ-ტამ-ტამ.
***
დღეს ჯინსი წავიდა პაემანზე. გარდერობში უკვე ვერავინ გვიტანს, ჩვენზე რაღაცეების ჭორაობაც დაიწყეს, არადა, ნამდვილად მხოლოდ მეგობრები