პანთეონი
პიესა ერთ მოქმედებად
მოქმედი პირები:
კონსტანტინე უნგიაძე – კომპოზიტორი (89 წლის)
ზეინაბ უნგიაძე – მისი მეუღლე (58 წლის)
სანდრო უნგიაძე – კომპოზიტორის ვაჟი პირველი ქორწინებიდან (62 წლის)
ელისო – კომპოზიტორის ძმის შვილი (51 წლის)
ვიქტორ ანჩაბაძე – მათემატიკოსი (85 წლის)
ვერა ედისონი-ანჩაბაძე – მისი მეუღლე (74 წლის)
ნოდარ მუხიგული – საქ სსრ კულტურის მინისტრი (48 წლის)
ვალერიან ლომაძე – კულტურის მინისტრის მოადგილე (55 წლის)
ზურაბ მელიქიძე – საქ სსრ ცეკას მესამე მდივანი (38 წლის)
სკოლის მასწავლებელი ქალი (41 წლის)
ექთანი (34 წლის)
სერგო – ფოტოგრაფი (47 წლის)
თემური – სახალხო ფრონტის წევრი (28 წლის)
ნაირა – დამლაგებელი (66 წლის)
სკოლის მოსწავლეები, მილიციელები
მოქმედება ხდება საბჭოთა საქართველოში 1988 წელს.
პირველი ეპიზოდი
სცენა წარმოადგენს კომპოზიტორ კონსტანტინე უნგიაძის ბინის ერთ-ერთ ოთახს სერჟანტ პავლოვის სახ. ქუჩაზე არსებულ ე. წ. კომპოზიტორთა სახლში. ოთახი, მიუხედავად თვალშისაცემი სიმცირისა, მრავალგვარი დანიშნულებისაა: აქაურობა ერთდროულად საავადმყოფოს პალატაცაა, ბიბლიოთეკაც, სასაუზმეც, საძინებელიც და სამუშაო კაბინეტიც. კედელთან დგას როიალი.
კედლებზე შუშის ჩარჩოში ჩასმული აფიშებია მიმოფანტული: კონსტანტინე უნგიაძე – 70, კონსტანტინე უნგიაძე – 80, კონსტანტინე უნგიაძე – ვიი სიმფონია, კონსტანტინე უნგიაძე – კონცერტი ჩელოსა და დუდუკისათვის, კონსტანტინე უნგიაძე – შემოქმედებითი საღამო: „ სიმფონია-რიონი“, ოთხი სიმღერა ზ. კოჩეტკოვას ლექსების ციკლზე „ ჩემი გაზაფხული“ (ასრულებს ტენორი ალ. ხაფავა), დიდი ფუგა „ პრომეთეს ანდერძი“, კონსტანტინე უნგიაძე – სიმღერების ციკლი „ შოშიები“, კონსტანტინე უნგიაძე – ორატორია გუნდის, ორკესტრისა და ექვსი სოლისტისთვის (ლ. ბრეჟნევის თხზულების, „ მცირე მიწის“ მიხედვით), კონსტანტინე უნგიაძე – ვიიი სიმფონია („ ალიონი"). კედლებზე, ასევე, ფოტოები და ფერწერული ტილოებია ჩამოკიდებული (ძირითადად, კომპოზიტორის პორტრეტები). კუთხეში, წიგნების თაროსა და როიალს შორის, კონსტანტინე უნგიაძის შავ მარმარილოში ჩამოსხმული ბიუსტი დგას.
როიალზე დევს სანოტო რვეულები, წამლები, თერმოსი და წნევის აპარატი. თაროზე, წიგნებსა და ჟურნალებს შორის, დიდი ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და ფირსაკრავია შეტენილი. როიალზე წითელი ტელეფონი დევს, საწოლის გვერდით – ჟანგბადის ბალონი.
თავად 89 წლის კომპოზიტორი საწოლზე წევს და თვალდაჭყეტილი მისჩერებია ჭერს – გვერდით წვეთოვანი უდგას, სახეზე ჟანგბადის ნიღაბი უკეთია. მისი საწოლის ქვეშ ღამის ქოთანი დევს.
კარს უხმაუროდ აღებს კომპოზიტორის მეუღლე ზეინაბ უნგიაძე.
ეს ქალი, ფაქტობრივად, მთელი სპექტაკლის განმავლობაში აღარ დატოვებს სცენას – ეს ამბავი მისი სოლოა. ზეინაბ უნგიაძე. (უკან იხედება, ხმადაბლა) შემოდით, ნუ გეშინიათ.
ოთახში რიდითა და თავის ქნევა-ქნევით შემოდის ელისო. ელისოს შედარებით ხმაურიანი ფოტოგრაფი სერგო მოჰყვება უკან.
ელისო. (შეშფოთებული გახედავს ფოტოგრაფს) ჩჩ...
ზეინაბ უნგიაძე. არაფერია, არ ძინავს. (კონსტანტინეს უახლოვდება. ხმამაღლა) მოფსამ? (კონსტანტინე ხრიალით პასუხობს – სიტყვები არ ისმის. ცოლი ელისოზე უთითებს) ნახე, ვინ მოვიდა!
ელისო. (ეტირება, თუმცა ღიმილით უახლოვდება კომპოზიტორის საწოლს) სალამი, კოტე ბიძია, გენაცვალე... (ელისო ხელზე კოცნის კომპოზიტორს)
ზეინაბ უნგიაძე. (კვლავ კონსტანტინეს – ამჯერად უფრო ხმამაღლა) შენი ბიძაშვილის შვილი – ელისო. ნახე, რამხელა გოგოა! (იცინის)
კონსტანტინე უნგიაძე რაღაც ბგერებს გამოსცემს, თუმცა სიტყვები არ ისმის.
ელისო. (ცრემლები მოსდის და იღიმება) რაღა გოგო მე ვარ, აბა! (ხელზე ეფერება კომპოზიტორს) შენი ჭირიმე... მიცანი?
ზეინაბ უნგიაძე. კოტე, ხომ იცანი ელისო?
ელისო. (შეშფოთებით) ესმის?
ზეინაბ უნგიაძე. მოიცა, მოვხსნი ამას... იქნებ თქვას რამე. (ჟანგბადის ნიღბის ახდას უწყებს)
ელისო. (შეშინდება) ჩემ გამო ნუ იზამ, ზეინაბ, ყველას გაფიცებ, არაა საჭირო!
ზეინაბ უნგიაძე. (წვალებით აძრობს ნიღაბს; იჭინთება) ნახევარი საათით შეიძლება, არ მოკვდება. აუცილებელიც კია. გელაშვილის ცოლმა გამოგვიგზავნა კიევიდან – გერმანულია... იმ უბედურს აღარ ჭირდება და...
ელისო. (როგორც ბავშვს, ისე მიმართავს კომპოზიტორს) როგორ ხარ, ბიძი? მიცანი, ბიძი?
კონსტანტინე უნგიაძე. (ღონემიხდილი) მამაშენი დათვრა...
ელისო. (ზეინაბ უნგიაძეს – გახარებულ-შეშინებული) რა თქვა?
ზეინაბ უნგიაძე. (ხელს აუქნევს) არაფერი... თავის ამბებშია...
კონსტანტინე უნგიაძე. დათვრა მამაშენი...
ზეინაბ უნგიაძე. (სიცილით – ქმარს) სად დათვრა, ბიჭო? კაცი ოცი წელია მიწაში წევს.
ელისო. (ხელზე ეფერება კომპოზიტორს) ხო, ბიძი... ხო...
კონსტანტინე უნგიაძე. დათვრა...
ზეინაბ უნგიაძე. (ფოტოგრაფს) სერგო, ორი-სამი, მეტი არ მინდა.
ფოტოგრაფი სერგო. მარტო თუ თქვენც?
ზეინაბ უნგიაძე. მარტო, მარტო... ოღონდ ძალიანაც ნუ მიანათებ, კარგი? სახლის სიტუაცია მინდა... აბსოლუტურად ჩვეულებრივი...
ფოტოგრაფი სერგო. (ოთახს თვალს მოავლებს) ფარდები რომ გადავწიო?
ზეინაბ უნგიაძე. კი, ბატონო. (ოდნავ გაკვირვებულ ელისოს, რომელმაც, როგორც ჩანს, ვერ გაიგო, რას აპირებს ზეინაბი) ფოტოალბომს ვაკეთებ კოტეზე... ცხოვრება ფოტოებით, ასე ვთქვათ... თავისი მინაწერებით.