I მოქმედება - 1 სცენა მოქმედი გმირები:
მამია ახალგაზრდა რეჟისორი
ბუბუსია რეჟისორის ასისტენტი
რეზო დურგალი (განათლებით ფილოსოფოსი)
ნუკა გრიმიორი, რეკვიზიტორი
ცოტნე მაკოს მეგობარი
მაკო მსახიობი
სცენა წარმოადგენს კულისებს. მამია სკამზეა მისვენებული, ფეხები მეორე სკამზე აქვს შეწყობილი. ბუბუსია წნევას უსინჯავს, ნუკა ფურცლებით უნიავებს, საიდანღაც ისმის ჩაქუჩის ხმა.
ბუბუსია: (ფონენდოსკოპს მოიხსნის) რეზო! რეზო! ძია რეზო!
ნუკა: რამდენი აქვს?
ბუბუსია: გაიგებ?! ტუკტუკტუკ. წაიღო ტვინი, მგონი, სამოცდაათიოცდაათზე.
ნუკა: აუუუ, ისე, მთავარია, მაღალი არ ქონდეს, არა? (ბუბუსია თავიდან იწყებს წნევის გაზომვას)
მამია: მომხსენი, აღარ მინდა... ეგ სოფლელი, ეგ მათხოვარი... ჰმ... ქალად ვაქციე, ქვეყანა ვაჩვენე. ვინ იყო, ვინ იცნობდა...
ბუბუსია: ღირსი ხარ.
მამია: ღირსი ვარ, ღირსი. უარესის ღირსი ვარ. (მოიგლეჯს ფხრიწს)
ბუბუსია: კარგი, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ.
მამია: როგორ დავწყნარდე, ყველა ბილეთი გაყიდულია, რა ვუთხრა მაყურებელს, აი ასე, დაკრა ფეხი და თავისზე 20 წლით ახალგაზრდას ძუკნასავით აეკიდამეთქი, ეს ვუთხრა? (შემოდის რეზო ხელში ჩაქუჩით)
რეზო: რაშია საქმე, ბატონი მამია მეძახდა?
მამია: რაა? მე გეძახდით?
ბუბუსია: წაიღო ტვინი კაკკუკ, კაკკუკ, თავი ამეხადა.
რეზო: არ გინდათ, და აჰა, იყოს, (დააწყობს ჩაქუჩს და ლურსმნებს და გატრიალდება) ჩემს საქმეს კი არ ვაკეთებ.
მამია: სად მიდის? რეზო! ბატონო რეზო? ვინ გითხრათ, გაჩერდითო?
რეზო: ვინ, და აგერ, ამ პატიოსანმა ადამიანმა.
მამია: ვინ ჰკითხავს მაგას, აქ მე ვარ რეჟისორი, გაიგეთ?! აიღეთ თქვენი ჩაქუჩი და გააგრძელეთ, რასაც აკეთებდით.
რეზო: გასაოცარი, თუ გნებავთ, ჩემთვის ხომ არ ვაკეთებ? „დონჟუანის“ ნავია გატეხილი. ერთი საათი დარჩა სპექტაკლამდე. თუ არ გჭირდებათ...
მამია: გააკეთეთ, გააკეთეთ, სხვას ნუ უსმენთ, აქ მე ვწყვეტ ყველაფერს. (რეზო ჩაქუჩს და ლურსმნებს წამოკრეფს და გადის)
მამია: რა ვქნათ?
ბუბუსია: გადაწყვიტეთ, ბატონო, აქ თქვენ არ წყვეტთ ყველაფერს?
მამია: ო, კარგი რა, ახლა მაგის დროა? ისედაც გაგიჟებას ვარ, გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს როგორ გამიკეთა?! ეს როგორ გამიკეთა?! ეს როგორ გამიბედა?!
ბუბუსია: უარესის ღირსი ხართ, უარესის... მაგისთანას მთავარი როლები კი არა... ერთს რომ მოვკიდებდი ხელს, აქედან...
მამია: ეს დღევანდელი სპექტაკლი არ ჩამშლოდა და მერე მე ვიცი.
ბუბუსია: გაცივდა კაცი, გასწიე ეს ფურცლები.
ნუკა: თვითონ ვერ იტყვის?
მამია: მეც არა ვთქვი, რა მაწუხებს...
ნუკა: კი ბატონო, მე კი არ მეხალისება (ამოიღებს სიგარეტს და გააბოლებს). აუ, მითხარით რა, არის დღეს თუ არა სპექტაკლი? წასვლა მინდა.
ბუბუსია: ვიცით?!
მამია: არის, არის!
ბუბუსია: შენ კიდევ გაქვს იმედი?
მამია: ერთხელაც დაურეკე, მიდი აკრიფე.
ბუბუსია: (რეკავს) არ იღებს, მთელი დღეა ვრეკავ, ვერ ხედავთ?
მამია: იქნებ მესიჯი გაგვეგზავნა?
ბუბუსია: მესიჯის გაგზავნა არ ვიცი.
ნუკა: მოიტა, მოიტა. (ბუბუსია უკმაყოფილო სახით აწვდის მობილურს)
ნუკა: რა მივწერო?
ბუბუსია: შე დამპალო... გათახსირებულო, უსინდისო...
ნუკა: აუ, მოიცა რა?!
მამია: მისწერე, რას გვიშვრები? ვიღუპებით, ყველა ბილეთი გაყიდულია, ნუთუ ადამიანის გული არა გაქვს?
ნუკა: (იმეორებს დამარცვლით) გაყიდულია...
მამია: გაგვაგებინე, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?
ნუკა: მერე?
მამია: მეტი არაფერი. გელოდებით.
ბუბუსია: ჰმ, გელოდებით, გკოცნით, საყვარელო, მწუ, მწუ, მწუ...
ნუკა: ისე, მე შემიძლია მაგარი იდეა მოგაწოდოთ.
ბუბუსია: დაარტყამს ახლა რაღაცას.
ნუკა: აუ, ეს ვინ არი? ჯერ იცი, რას ვამბობ?
მამია: სთქვი, თუ ამბობ.
ნუკა: ჩემს ოთახში ვიჯექით მე და მაკო.
ბუბუსია: ვისხედით.
ნუკა: არ გინდა, რა. ვიცით, რომ ჩახრუხაძის ენით მეტყველებთ: მუნ ჭმუნვით ვისხედით.
მამია: იტყვი თუ არა, რას მაიმუნობ?!
ნუკა: შემეშვას და ვიტყვი.
ბუბუსია: შეშვებული არა ვარ?
მამია: კაი, ნუ გადაგვაყოლეთ. თქვი, თუ ამბობ.
ნუკა: მე და მაკო...
მამია: მაკო ვინღა ოხერია?
ნუკა: მაკო არ იცით, ბატონო მამია?
ბუბუსია: იცის, შტატგარეშე მსახიობი, გიჟივით რომ იცვამს.
ნუკა: სხვათა შორის, მაგარ საკაიფოდ აცვია და მაგარ საკაიფო ვიდზეა. არ გინდა, რაა?!
მამია: ვერ ვიხსენებ, მერე?
ბუბუსია: ახალგაზრდა, სიმპათიური, თუმცა თქვენ ხომ ახალგაზრდებს ვერ ამჩნევთ, სულ დამავიწყდა.
მამია: მერე, გისმენთ.
ნუკა: მაცდის?
მამია: დააცადე.
ნუკა: მოკლედ, ეს პალაჟენია რო გაიასნდა, რაც აქ ხდება, მაკომ სთქვა, მაგ როლსო, მე ვთამაშობდიო; დედას ვფიცავარ, მეც გამახსენდა, ძაან მაგარი იყო.
მამია: დონა ელვირას? სად თამაშობდა?
ნუკა: საკურსო სპექტაკლში, მთელი ტექსტი იცის ზეპირად და ესეც, რაც აქ ხდება, ყველაფრის აზრზეა.
მამია: მერე რა, რას ნიშნავს, რატომ მოგვიყევი ეს ამბავი?
ნუკა: პროსტო რაა, შეეძლო ეთამაშა, დღეს რახან...
ბუბუსია: ოო, რა