"გამოსვლა პირველი სგანარელი, გუსმანი სგანარელი (ხელში სათუთუნე უკავია): რაც არ უნდა მიმტკიცოს არისტოტელემ და მასთან ერთად თუნდაც მთელმა ფილოსოფიამ, თამბაქოს არაფერი შეედრება. ეს ხომ პატიოსანი ხალხის გატაცებაა და ვისაც თამბაქო არ უყვარს, მერწმუნე, სიცოცხლის ღირსიც არაა. ერთი, რომ ტვინს წმენდს და ახალისებს, ესეც არ იყოს, სულსაც აღამაღლებს და პატიოსნებას შთააგონებს. ალბათ შეგიმჩნევია, როგორ მოწიწებით შემოგთავაზებენ თამბაქოს, თხოვნასაც არ გაცლიან, პირდაპირ ხელში გაჩეჩებენ. აკი ვამბობ, თამბაქო კაცს აკეთილშობილებს და ზნეობრივად ხვეწსმეთქი. თუმცა, კმარა ამაზე. საქმეზე ვილაპარაკოთ. მაშ, ძვირფასო გუსმან, როგორც შენ ამბობ, დონა ელვირი, შენი ქალბატონი, ჩვენს კვალს გამოჰყვა. ვგონებ, ისიც კი თქვი, ქალბატონი ისე მოიხიბლა, უიმისოდ სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენიაო. ჩვენში დარჩეს და ერთს გეტყვი: ეჭვი მეპარება, შენი ქალბატონის იმედები გამართლდეს და ამ მგზავრობამ რაიმე ნაყოფი გამოიღოს. გერჩიათ, სახლში დარჩენილიყავით. გუსმანი: ამას რად ამბობ? რატომ გგონია, რომ საქმეს ცუდი პირი უჩანს? შენი ბატონი ხომ არ გაგენდო? იქნებ გითხრა, რომ გრძნობა გაუნელდა და სწორედ ამიტომაც გამოემგზავრა ასე ნაჩქარევად? სგანარელი: არც არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ბევრ რამეს მოვსწრებივარ და შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, თუნდაც რომ არაფერი ეთქვა. სანაძლეოს ჩამოვალ, საქმე სწორედ იქითკენ მიდის. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა. გუსმანი: მაშ, რაღა გამოდის? ეს მოულოდნელი გამგზავრებაც ღალატია და სხვა არაფერი?! შეუძლია კი შენს ბატონს ასე შეურაცხყოს დონა ელვირის სათნოება? სგანარელი: მაგას რად ბრძანებ, ყველაფერს რომ თავი ვანებოთ, ჩემი ბატონი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გაბედულებაც არ აკლია. გუსმანი: მერედა, ასეთი გვარიშვილი მსგავს უსამართლობას სჩადის? სგანარელი: ჰმ, გვარიშვილობა!.. ჩალის ფასად უღირს ეგ შენი გვარიშვილობა. გუსმანი: კი მაგრამ, ქორწინების წმინდა აღთქმას სადღა წაუვა! სგანარელი: ეჰ, ჩემო საბრალო გუსმან, ჩემო მეგობარო, შენ ჯერ კიდევ არ იცნობ დონ ჟუანს. გუსმანი: მართლაცდა, არ ვიცი, რა ვიფიქრო კაცზე, რომელიც ასეთ სიმდაბლეს ჩაიდენს. ვერც წარმომიდგენია, რომ შენმა ბატონმა მიცემულ სიტყვას გადაუხვიოს. თანაც ამდენი ფიცის, სამიჯნურო წერილის, ოხვრაკვნესის და გატაცების შემდეგ, რომლის წყალობითაც დედათა მონასტრის კარიც შეანგრია და დონა ელვირის გული მოიგო. სგანარელი: ჩემთვის კი ყოველივე ცხადზე უცხადესია. შენც რომ ჩემსავით იცნობდე მის ცბიერებას, არაფერს გაიკვირვებდი. დონა ელვირზე გული აიყარამეთქი, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი. შენც იცი, რომ ადრე გამომაგზავნა აქეთ; მისი ჩამოსვლის შემდეგ კი ჯერ არ გვისაუბრია. მაგრამ ინტერ ნოს1 დარჩეს, ჩემი პატრონი, დონ ჟუანი, ყველაზე დიდი ნაძირალაა, ვინც კი ოდესმე დედამიწის ზურგს უტარებია. ცოფიანი ძაღლია, ეშმაა, ურწმუნო თურქია, მწვალებელია, რომელსაც არც სამოთხისა სწამს, არც ჯოჯოხეთისა და არც ჯადოთილისმისა. ველური მხეცია, ეპიკურელი ღორი და ნამდვილი სარდანაპალი, რომელსაც ვერც ვერაფერს შეაგონებ და ვერც ვერაფერს დაუმტკიცებ. ჭკუის სწავლებას დაუწყებ თუ არა, წამსვე წაუყრუებს. არც რაიმეს გაგიგონებს და ჩვენი რწმენაც ფეხებზე ჰკიდია. აი, ხომ ამბობ, ჩემი ქალბატონი მოიყვანა ცოლადო. მერწმუნე, საკუთარი ვნების დასაოკებლად შენს ქალბატონს კი არა, შენც, თქვენს ძაღლებსაც და კატებსაც დაგიმტკიცებდათ სიყვარულს. არაფრად უღირს, ჯვარი დაიწეროს. ლამაზმანებს სწორედ ამ საკენკით იტყუებს. ოჯახის ქალი იქნება თუ შინაბერა, უჩინო თუ ჩინიანი, ქალაქელი თუ გლეხი _ გარჩევა არ იცის. მარტო იმათი სახელების ჩამოთვლას რომ მოვყვე, ვინც კი ოდესმე ცოლად ჰყოლია, საღამომდე ვერ ჩავათავებ. გიკვირს განა? ვხედავ, ფერიც გეცვალა. ჯერ სადა ხარ! ეს პორტრეტის უბრალო მონახაზია მხოლოდ, შენ მთლიანი სურათი უნდა ნახო! ისიც არ დაივიწყო, რომ ურჯუკი ხასიათი აქვს. მასთან ყოფნას ეშმაკის სამსახური მიჯობს. ბევრჯერ ვინატრე, ჯანდაბაშიც გადახვეწილამეთქი. მერწმუნე, დიდგვაროვანი ნაძირალა საშინელი ასატანია. მაგრამ მინდა, არ მინდა, უნდა ვუერთგულო, თუმცა კი მძაგს. შიში გრძნობებს მითოკავს და მაიძულებს, ისიც კი გავამართლო, რაც სრულიად არ მეპიტნავება. აგე, აქეთ მოდის. უმჯობესია, გავიყაროთ. ერთი კი გახსოვდეს: ყოველივე გულწრფელად გითხარი და ვგონებ, ცოტა კიდეც ავჩქარდი. მაგრამ იცოდე, ერთმა სიტყვამაც რომ მიაღწიოს მის ყურამდე, ხატზე დავიფიცებ, იცრუამეთქი. "