რედაქტორისაგან ენრიკო კვაღინიძის ეს მეორე წიგნიც მოლოდინზეა. მართალია,
სიტყვა მოლოდინი საერთოდ არცაა ნახსენები, მაგრამ მთელი ამბავი,
ასეთი ექსპრესიით რომ არის მოთხრობილი, სწორედ ამ ადამიანურ
გრძნობაზეა. ოცი წელიწადია ქართველი კაცი ცხინვალთან შეხვედრის
მოლოდინით ცხოვრობს, ძილსა თუ ღვიძილში მშობლიური სანახები
ელანდება და სასტუმრო-ტურბაზებში დაბინავებულს მოსვენებას
უკარგავს.
იქ მისი სახლია, ხოლო ლიახვი, რომლის ნაპირებზეც გაიზარდა,
მოთმინება, გარჯა, სამშობლოს სიყვარული ისწავლა, კვლავ ოცნებებსა
და მოგონებებშია დარჩენილი. ამ გრძნობამ აიძულა ავტორი, კიდევ
ერთხელ მოეკიდა ხელი კალმისათვის და წერილი მიეწერა
მდინარისათვის, რომელიც მხოლოდ მდინარე არ არის ისევე, როგორც
ცხინვალელი - ქალაქი ქართველი კაცისათვის. მან იცის, რომ
მდინარეც ისევე იტანჯება ამ ადამიანების გარეშე, როგორც ისინი,
სადღაც რომ გამოკეტილან დაბრუნების მოლოდინით აღსავსენი.
მათ, ვინც ამ გრძნობით ცხოვრობს, ეს წიგნი კიდევ ერთხელ
გაუღვივებს მიტოვებული კერიის ნაპერწკალს, წლების მანძილზე
რომ გაუნელებლად იწვის, ხოლო დევნილობაში გამოზრდილ
ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ეტყვის: წინ გაქვთ შეხვედრის
სიხარული, ეს მშობლიურ ქალაქთან, მდინარესთან, ხესთან თუ
ბალახთან შეხვედრის სიხარულია.