ოქროს კბილი ბოლოს, როგორც იყო, თელავიდან ჩამოსულმა მართამ თავისი შვილი თომა მოსტეხა და მამა-დავითის მთაზე აიყვანა. თომა დიდხანს ურჩობდა. არ შეუძლია მოლარეს გართობა: არც დუქან-რესტორანებში ქეიფი, არც კლუბებში ხეტიალი, არც გასართობ ალაგებში გამოჩენა. რას იტყვის გამგე? რას იფიქრებენ სხვებიც? მოქეიფეს და მოხეტიალეს ვერ ვენდობითო. დღეს ან ხვალ ან ღვინო გაიტაცებს, ან ქაღალდის თამაში, ან ლამაზი ქალი. მერე რა მოჰყვება ამას? სამსახურზე გულის აცრუება, და სახალხო ფულის გაფლანგვა, დაპატიმრება, თავის მოჭრა და სამუდამოთ შერცხვენა. არა, ისეთი კაცი არ არის თომა შადიშვილი, რომ თავის თავზე ავი სიტყვა ათქმევინოს ან ცუდი აფიქრებინოს ვინმეს. ტყუილად არ იტყვიან ხოლმე მოუდრეკელ თომაზე: „ კაცი კი არ არის, კაჟია, კაჟი! “ ტყუილად კი არ დაარქვეს მიუკარებელ მოლარეს ბერი (თომას დედასთვის არ უთქვამს, რომ ნამდვილად წუწკი ბერი დაარქვეს). ისიც უნდა იცოდეს მართამ, რომ პატიოსან მოლარეს ზოგჯერ ათი ათასს მანეთს მიანდობენ ხოლმე ბანკამდე, ან ბანკიდან თავიანთ სალარომდე. უფრო მეტიც: ერთხელ თომა ბათუმში გაგზავნეს, ორი დარაჯი გააყოლეს და ოცი ათასი მანეთი გაატანეს. ერთი სიტყვით, თომა შადიშვილს უმწიკვლო სახელი აქვს ქალაქში და ერთი გავლისთვის ამ სახელს ჩრდილს არ მიაყენებს. ესეც რომ არ იყოს, თომას არა სცალიან: საღამოობითაც მუშაობს; დავთრებს ათავებს, ფულსა სთვლის და ლექციებზე დადის. ამასაც თავი დავანებოთ. უნახავ დედას აქამდისაც გაიყვანდა გასართობად, მაგრამ... მართა ახალგაზრდა დედაკაცს ჰგავს. ჰო, ჰო. ნუ იცინი, დედი! გამოტყვრება ვინმე და იფიქრებს; ეს დედაკაცი თომას დედად კი არ ერგება, არამედ... ერთი სიტყვით, ქალაქში მართას არავინ იცნობს, ამიტომ ხვალინდელ დღიდან მთელ ქვეყანას ასეთი ჭორი მოედება: „ თომა შადიშვილი გუშინ ქალს დასდევდა მამა-დავითის მთაზე “ . წადი და სდიე იმ ჭორს!
ბოლოს, როგორც იყო, ბუზღუნით მოტყდა და ბურტყუნით გაჰყვა. მერე, ჩვეულებრივად, დუმილის ბოქლომი დაიდო და თვისივე აჩრდილად გადაიქცა. წეღან ბევრი ილაპარაკა თომამ. ათი წუთი მაინც ედავებოდა დედას, - ალბად იმიტომ, რომ თავიდანვე დათმობა ჰქონდა გადაწყვეტილი. უცხო ვინმე, თუნდ ნათესავიც, თომას არც კი აკადრებდა დაპატიჟებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ ძუნწსა და ახირებულ ბერს პატიჟობაც კი ეწყინებოდა.
* * *
ღამის ათი საათი იქნება, თომა და მისი დედა მთაწმინდის თხემზე წამოწოლილან და ტფილისს გადმოსცქერიან. თომა ისეა გახევებული უჩვეული გრძნობებით, რომ მშობელს ვერც კი ამჩნევს. დედის ხმა თითქოს არც კი ესმის. ხან პასუხს არ აძლევს, ხან კი უგულოდ თითო სიტყვას ისე აწოდებს, თითქო გლახას სათხოვარს უგდებსო:
- ჰო, დედი... არ ვიცი... არ ვიცი მეთქი.
თომამ მართლა არაფერი იცოდა იმ საქმისა, რომელსაც მართა დასდევდა: ღვინის მაზანდა, გოგირდის ფასი, შაბიამანის შოვნა, ხილის გასახმობი, წიწილების გამოსაჩეკი, ახალი ჯურის სადღვებელი და ათასი სოფლური წვრილმანი, რომლითაც მოლარე და სტუდენტი თხუთმეტი წლის წინად მოსწყდა.
მართას ისეც ჰსურს გაიგოს: ვისი იყო ეს ალაგები? როდის გაშენდა აქაურობა? სად მიდის აქედან გზა?
- არ ვიცი, დედი. მეც პირველად ამოვედი ამ მთაზე.
ესეც მართალია. თხუთმეტი წელიწადია, რაც თომა შადიშვილი თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ ეხლა ავიდა მამა-დავითის მთაზე. ეხლაც თვითონ არ ამოსულა: ქალაქის სიცხით შეწუხებულმა დედამ ძლივს გამოიყვანა შეხუთულ ოთახიდან, ბავშვივით ჩასვა ტრამვაის რონდაში და ფუნიკულიორით შეჩვეულ ორმოდან უჩვეულ ცაში აიყვანა. გულჩახვეული, განმარტოებული, უნჯი და მორიდებული მოლარე ათიოდე წუთში უცნაურად გარდიქმნა. სანამ ვაგონი აქანებულ აღმართზე მიცოცავდა, უნებური პატიმარი თანდათან ირეცხებოდა ათი წლის ობისა და ხავსისაგან. მან სადღაც შორს, მთის ძირში დასტოვა სულის მყრალი შმორი და გულის შემჭმელი ჟანგი.
შადიშვილს მხოლოდ გაგონილი ჰქონდა, ისიც გაკვრით, არსებობა გასართობ და დასასვენებელ ალაგებისა: ბაღების, რესტორანების, კლუბებისა და ფუნიკულიორის. თომას თანამშრომელნი, სანამ იმის ხასიათს შეეჩვეოდნენ, ზოგჯერ მიიპატიჟებდნენ ხოლმე თავიანთ მოლარეს სადმე დროს გასატარებლად, მაგრამ მუდამ ერთი სიტყვა ესმოდათ პასუხად:
- არა მცალიან.
თომას მართლა არ ეცალა. დღისით მსახურებდა, საღამოთი კი ლექციებს ამზადებდა და იმედი ჰქონდა, რომ ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებდა. მაგრამ მარტო განუწყვეტელი შრომის ბრალი არ იყო შადიშვილის კარჩაკეტილობა. მისმა გამჩენმა ახირებული დაღით აღნიშნა დედის-ერთა; თავის ტოლ-ამხანაგებს ერიდებოდა, სიცილისა სცხვენოდა, სიხარულს გაურბოდა, ხოლო ქალებისა ცეცხლივით ეშინოდა. ნაცნობნი და თანამშრომელნი, რომ ხუმრობას მოჰყვებოდნენ, თომა თვალებით იღიმებოდა; ქალ-ვაჟურს რომ გაიხსენებდნენ, თომა ისედაც ვიწრო ქუჩებს კბილებამდე ჩაიკეცავდა; თუ თვითონ