***
რა ხანია, მსურდა, ორიოდე სიტყვით გამომეთქვა ჩემი შთაბეჭდილება ლექსებზე, არა - ცხადია, როგორც ექსპერტს, რისი კომპეტენციაც ნამდვილად არ გამაჩნია, არამედ შესაძლოა, ჩემი შთაბეჭდილება საინტერესო ყოფილიყო ავტორისთვისაც.
ეს ორი წელიწადია, ზამთარ-ზაფხულს სოფელში ვატარებ, რომაულად ვიტყვი: Homo sun rusticus... თბილისში მცირე ხნით შეყოვნების შემდეგ სოფლად რომ ვბრუნდები, აღმომხდება - „ ისევ აქ ვარ! “ ისევე, როგორც ბავშვობაში არდადეგების შემდეგ დედულეთის რაჭულ დაბაში დაბრუნებისას, „ ნუთუ ისევ აქ ვარ-მეთქი? “ ამაზე მეტი სასწაული არც კი განმეცადა. დღეს ამ ჩემს ფანტასტიკურ ასაკში არაფერი შეცვლილა, ამ სიტყვებს ძალა არ გამოსცლია. დროდადრო ვიმეორებ ბრიუსოვის ლექსიდან ამ სტრიქონებს:
« Итак, я вернулся, я дома? // Так здравствуй, июльская тишь, // И ты, полевая истома... » აი, ეს ლექსი (ურბანისტი ბრიუსოვისგან მოულოდნელი) და ეს ჩემი ადრინდელი და დღემდე შემონახული განცდა „ ბოლო აღმართის “ ამ სტრიქონებმა გამახსენა:
იტყვი: „ -კვლავ აქ ვარ! “
ეს რამხელა ამბავი მოხდა,
გეხვევა თავბრუ, გახარებულს ამ „ დიდი “ ამბით
და იფარფატებს ფიქრი სანამ მეჯოგის ქოხთან
ბნელში ავად არ შეირხევა მაღალი შამბი.
მთელ ლექსს რაც შეეხება, მასში შესანიშნავია გზა, რომელსაც ადამიანი დასახული მიზნისკენ მიჰყავს, და განა ყველაფერი, რაც მას ამ გზაზე ხვდება, ასევე „ დიდი ამბავი “ არ არის?! ბერდიაევი წერს, რომ შემოქმედების პროცესი დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ თავად აქტი შემოქმედებისა მარადისობისკენ არის მიმართული... შემოქმედების ყველა ნაყოფი დროჟამულია, მაგრამ რაღაც სასწაულის ძალით მარადისობას არის ზიარებული. არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც მიხვედი, არამედ ის გზაც, რომელიც გაიარე, არანაკლებ ღირებულია. ჩვენს სეკულარულ სოფელში გზა არად მიაჩნიათ, ნეტავ, მალე მივიდოდეთო, ნატრობენ. ვერ ვურიგდები დღევანდელ მოწოდებას, რომელსაც მთელი აქცენტი შედეგზე აქვს გამახვილებული - „ შედეგზე ორიენტირებული სწავლა! “ მანკიერია ეს მოწოდება და ამაზე აგებული სწავლება, რომელიც უგულებელჰყოფს შემოქმედებით პროცესს სწავლებაში. თავად პროცესშია შედეგი, მის ყოველ მონაკვეთზე და მის მთლიანობაში... პოეტური შემოქმედება ამას გეუბნება. და მე გეტყვი: მიჰყევი გზას. გზა დიდი სიტყვაა. „ მე ვარ გზა და ჭეშმარიტება... “
ზურაბ კიკნაძე