ქუნარეშ
კოხინჯრობა
კატალონიაში, ბარსელონიდან სულ რაღაც ოცდათხუთმეტ კილომეტრში, არის ერთი პატარა, ზღვიპირა ქალაქი, სიდჟესი, ერთხანს იქ მომიწია მუშაობამ, ბარსელონიდან დავდიოდი, ძნელი იყო, ჯერ მეტროთი ვმგზავრობდი, მერე მეორე ზონის მატარებელში მიხდებოდა გადაჯდომა, ბოლოს, ავტობსი იყო საჭირო სამუშაო ადგილამდე მისასვლელად. მიუხედავად ცოტა მანძილისა დრო საკმაოდ ბევრი მჭირდებოდა. მოკლედ, ყოველდღე ხუთ საათზე ვდგებოდი, და სამუშაოზე ათი-თხუთმეტი წუთი თითქმის ყოველდღე მაგვიანდებოდა, ამის ყოველდღე პატიება შეუძლებელი იყო, ისედაც, შენ თვითონ რჩემოდი უხერხულში, ეს იქაური ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნას ჰგავდა. სხვა გზა არ იყო, რახან “ემპრესამ” არ ინამუსა (სადაც ჩვენ ვმუშაობდით და რომლივალდებული იყო ამაზე ეზრუნა, რომელთა უხამსობაზე შემდეგში დავწერ) მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ საკუთარი ხარჯებით დროებით სიდჟეს რომელიმე იაფფასიან ჰოსტალში გვეცხოვრა. ის დისკომფორტი რაც იქ იყო, უკვე დიდად არ მოქმედებდა ჩვენზე, ისედაც ბევრ ტანჯვა-წამება გამოვლილ ემიგრანტებზე, თუმცა იმ მომენტისთვის ჩვენთვის დისკომფორტი მთელი ის ქალაქი იყო, ზაფხულის დასაწყისისთვის სიდჟესი ტრანსების მსოფლიო ფესტივალს მასპინძლობდა. მათი საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა, მაგრამ მართლა გამაოგნებელ სიტუაციაში მოვხვდი, აბსოლუტურად წარმოუდგენელ გარემოში, რომელიღაც ფანტასტიურ-მისტიურ სამყაროში მეგონა თავი, ზოგჯერ მეგონა დროის შეგრძნებას ვკარგავდი, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, სულერთი იყო ნიღბებით იქნებოდნენ თუ უნიღბოდ, თითქოს ჩემს გარშემო “ბოსლას” მსგავსი, ზოომორფული არსებები დადიოდნენ, სიდჟესი კი რომელიღაც მითოლოგიურ ქალაქად წარმომედგინა. ყველგან ისინი იყვნენ, ლამის ააწიოკეს მთელი ქალაქი, ხმაური ღამითაც არ გვაძინება, იმ ძველისძველი შენობის კედლებში ჩვეულებრივად აღწევდა მთვრალი ადამიანების ყიჟინა, თუ ჩამეძინებოდა, შუაღამისას, გაოფლიანებული წამოვხტებოდი ხოლმე, შემდეგ გახარებული იმით რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო რაც წეღან ვნახე, ვდგებოდი, ნაგვიანი, შარდის გუბეებიანი, ქუჩების გვერდის ავლით, ვტოვებდი შიშისმგვრელად გასუსულ ქალაქს და ძალიან ყრუდ მოშრიალე ზღვასთან, ამოჩემებულ ადგილას, არა პლაჟთან, ერთი ყრუ, ჭაობისბალახიან, ადგილას, სადაც რომელიღაც პატარა მდინარე უერთდებოდა ზღვას, ჩამოვჯდებოდი და ახლად გაღვიძებული, ყნოსვაგაღიზიანებული, ვისუნთქავდი ველური ბალახის სურნელს. მანც რატომ მოქმედებდა ეს ყველაფერი ასე ჩემზე, არა უარყოფითად, მაგრამ იმდენად უცნაურად, თუ ჩავუღრმავდებოდი, ისე შორს შევტოპავდი ხოლმე, თითებზე კბენა მინდებოდა, რომ საკუთახი სხეული მეგძნო, თუმცა, ეს არ იყო რაიმე კოშმარი სიზმრის მსგავსი, ეს იყო ზუსტი რეალობა, ამ ეპოქის სულის შესაფერი, ვიდრე ის სამყარო სადაც მანამდე ვცხოვრობდი. აქ ისინი მთელი ევროპიდან იყრიდნენ თავს. ერთ უქმე დღეს, კაფე “ატლანტიდა”-ში შევედი, ღამენათევი, მთვრალი ტრანსები, ჩემს არსებობას ვერც კი ამჩნევდნენ, ამით უფრო თავისუფლად შემეძლო, მათზე დაკვირვება მომეხდინა, ისეთი აურზაური აეტეხათ, მათ შემყურეს სხვა გზა არ დამრჩა, მეც ზედიზედ გადავკარი ოთხი ჭიქა “ხოტაბერი” ზედ სამი კათხა ლუდიც მივაყოლე, სასმელი მალე მომეკიდა, სიგარეტს მოვუკიდე, ჰაშიშის კვამლით გაჟღენთილი ჰაერის ნასუნთქი, სიგარეტის ნაფასებს გემოს ვერ ვატანდი, შარვლის ჯიბეში მობილური აზუზუნდა, წერილი იყო საქართველოდან, ჩემი და მთხოვდა დედაჩემისთვის დამერეკა, შეშინებულმა იმ წამსვე გადავრეკე, მითხრა ცუდი სიზმრები ჰქონდა ჩემზე, თან კარგა ხანია არ შევხმიანებივარ, აინტერესებდა რა ამბავი იყო ჩემს თავს, მეც დავამშვიდე, შემდეგ იქაური ამბები გამოვკითხე, მითხრა “შვილო ხვალ კოხინჯრობაა, ხომ იცი უქმე დღეა და ეცადე არ იმუშაო” შევპირდი, გულში კი გამეცინა, კოხინჯრობა კი არა, უკვე მეოთხე წელია, არც შობა (7 იანვარი) არსებობდა ჩემთვის, არც ხარება და არც ამაღლება, აღდგომა უბრალოდ კვირა იყო და ამის გამო ვახერხებდით დასვენებას, ერთხელ ისე მოხდა შობაზეც მომიწია მუშაობამ, ამას უკვე მიჩვეული ვიყავი. კოხინჯრობა, ერთგვარი წარმართული დღესასწაულია სვანეთში, რომელსაც უფრო მამაკაცები აღნიშნავენ, აუცილებელი შესაწირი თიკანია, რიტუალი აუცილებელია სოფლის მოშორებით, ტყეში ან მაღლობზე ჩატარდეს, ეს ერთგვარი ვედრებაა უზენაესის მიმართ, დაიცვას სეტყვისგან ნათესები, წარმოდგენა ასეთია, სადაც რიტუალი ტარდება (უფრო კარგია რაც უფრო მაღალზე იქნება) იმის ქვემოთ სეტყვამ არ უნდა ჩამოაღწიოს. ეს ყველაფერი თავში მიიტრიალებდა დედაჩემთან საუბრისას, რომ უცებ საშინელმა ხმაურმა და აურზაურმა, დამიხშო ყურთასმენა, შემოვბრუნდი, ორი შიშველი ტრანსი, მაგიდაზე ასულიყო, გიჟურად ცეკვავდნენ და უკანალის ქნევით საზარდულს აქეთ-იქით აქანავებდნენ, დანარჩენებს კი ერთი ამბავი აეტეხათ, კიოდნენ, ხარხარებდნენ, ტაშს უკრავდნენ, რაღაცნაირად ადგილზე შევქანდი, უკვე მართლა დროის შეგრძნება დაკარგული, მობილურს დავაშტერდი, საიდანაც ჯერაც ისმოდა დედის ყრუ, სუსტი ხმა, ვიყავი გაშტერებული და მეგონა დედაჩემს კი არა ჩემს ძალიან შორეულ წინაპარს ვეხმიანებოდი საუკუნეების გაღმიდან.
ყნოსვითი მეხსიერება
ზოგჯერ, ისე განცდა თუ შეგრძნება გეუფლება ადამიანს, საკუთარის ნაცვლად, ვაიმარელი მოგვის თავი რომ გებას, შეიძლება ახსნა ვერ მოუძებნო. ჩემს ყმაწვილკაცობაში (მანამდეც და მერეც) თითქმის მთელ ზაფხულს მთაში ვატარებდი,