უხმოდ „დავდივარ, ვწუხვარ და მენანება“
გალაკტიონი
ჩემთვის ცხადია ყველაფერი, – იმ დაულეველ
ზაფხულის დღეებს სიზმრად ვხედავ, განმეორებით –
ჩიჩახვს ივსებენ კალიებით ინდაურები,
ორღობეებში, თბილ გუბეში წვანან ღორები,
მწიფე ტყემლებქვეშ. დედა ნამდვილ სიზმარს მიყვება,
წყალს ვერ გაატან, ისეთია – არც ცეცხლზე იწვის,
უკვე მამლებმა დაიყივლეს, ძაღლმაც იყეფა,
ღია სარკმლიდან ქარს სურნელი შემოაქვს მიწის.
სველ სიმინდებში მელანდება მამის თითები,
ნისლში ყანას რომ ბუნდოვანი სიმწვანე დაკრავს,
ლურჯი პეპელა ამოფრინდა კვახის ყვითელი
ყვავილის ვიწრო ყელიდან და
უმალვე გაქრა.