ერთი ტყის ამბავი "ტყე ჩვენთვის მთელი სამყაროა, ყმაწვილო. ეგაა დედაც, მამაც... სახლიც ეგაა ჩვენი...", - მითხრა გვერდით მჯდომმა მოხუცმა სანდომიანი ხმით.
დღე სულ უფრო მეტად ეხვეოდა ბინდში, გარშემორტყმული ველები დასაძინებლად უხმობდნენ მზეს. აზიდულ ხეებზე ფარდაგივით დაშვებულ სიწითლეს ნიავი არხევდა მსუბუქად. ცოტა ხანში ეს მეწამულიც გაქრა და ყველაფერმა, რაც ირგვლივ იყო, ერთბაშად იცვალა სახე. თეთრ ნისლში გახვეული დაბლობი დასაძინებლად გაიტრუნა. მცონარე ბუნებას ჯიბრში ჩაუდგაო თითქოს, ზანტად მთვლემარე ტყემ მოფხიზლება დაიწყო. აქოთქოთდნენ ერთმანეთისკენ ხელებგაწვდილი ხეები. ჯერ ფოთლები აჯანყდნენ, მერე ბალახები. ბუჩქი, ტოტი, ბებერა სოკო, რაც კი იყო და არ იყო ირგვლივ, ყველაფერმა გამოიღვიძა ერთბაშად. ქაოტურმა ხმაურმა, ბრძოლის ყიჟინას რომ წააგავდა, ტყის კიდიდან ნელ-ნელა გამოაღწია გარეთ. ისე იზმორებოდა ბუნება, გეგონებოდათ ვეებერთელა ქალაქი იღვიძებსო. ქაოსის ამ რიტმულ ჰარმონიას ჯერ ფრინველები შეუერთდნენ, მერე ნადირიც აჰყვა. ტორებ ქვეშ ტოტები ილეწებოდა და გამაყრუებელი ხმა, ჩვენამდე რომ აღწევდა, საშიშ ელფერს სძენდა იქაურობას.
მოშორებით ჩემმა ცხენმა დაიჭიხვინა. ჯერ იყო და შემობრუნდა, თითქოს რაღაც შემომჩივლაო. მერე ერთიც დაიფრუტუნა და ისევ ბალახის ძოვა განაგრძო ნება-ნება. მოხუცს მოღლილ მუხლებზე იდაყვები დაეყრდნო და სიგარეტს ეწეოდა. გამომშრალი ტუჩის კიდიდან წამოსული კვამლის ზოლი უცნაურ ელფერს მატებდა ჟღალ წვერს. ფეხებიდან მზერა ჯერ ჩემკენ გადმოიტანა, მერე თვალები მოჭუტა და მძიმედ დაიწყო: "ტყე ჩვენთვის ყველფერია. ჩვენი ყოფნა-არყოფნის ამბავი... ალბათ სახლზე მეტიც. ამ ხეებიდან ნებისმიერი არაერთხელ გამხდარა ჩვენი დარდისა თუ უბედურების მოწმე. კაცმა რომ მკითხოს, საკუთარ დედებზე მეტადაც გვიცნობენ.
ჩვენი სოფელი ტყის შუაგულში იყო გაშენებული და ხეების გალავანი იცავდა. აქაურებმა ისიც არ ვიცოდით, ამ გალავანს მიღმა სიცოცხლე რომ არსებობდა. პატარაობისას ხის ტოტებისგან დამზადებულ კუსტარულ ურემს გამხმარი ფოთლებით ვავსებდით და "მეურმეობანას" ვთამაშობდით ბავშვური ხალისით. რომ წამოვიზარდეთ, მამების დასახმარებლად დავეხეტებოდით ტყე-ტყე. გოჯი მიწა არ დაგვიტოვებია, დაკარგული კოზაკების საპოვნელად ფეხით რომ არ გვქონოდა შემოვლილი. წარმოუდგენელი ამბავი იყო ჩვენი აქ დაკარგვა. უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს იქაც კი, სადაც მანამდე არასდროს დაგვედგა ფეხი. დამტვრეული ტოტები და წამოქცეული მორები იყო ჩვენთვის გზის მანიშნებელი. თანაც, ხომ არ შეიძლება საკუთარ სახლში დაიკარგოს ადამინი. მერე, როცა წამოვიზარდეთ, იმასაც მივხვდით, რომ ტყე ჩვენთვის ბევრად მეტია. ის გვაცმევს, ის გვაჭმევს, საცხოვრისიც მისი წყალობით გვაქვს. და ფრაზა "ტყის გარეშე ცხოვრება" გონებაშიც კი არ გაგვივლია არასდროს."
მოხუცი მკლავზე მომეჭიდა. ხელები უთრთოდა. პატარა, იმედგაცრუებული თვალები წლებს ამოევსო. მომღრალ სახეს უფრო მკაფიოდ დასტყობოდა უმისამართო ხაზები. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გათვალულივით გახევებული იჯდა, ამოსუნთქვა უჭირდა. სახეზე, ტუჩის კიდეზე, თვალებში დაბუდებულმა ტკივილმა თითქოს ჩემკენ გადმოინცვლა, მკლავები შემომხვია. მერე, ტყვეობიდან თავდახსნილივით ერთბაშად ამოისუნთქა და ხმამაღლა წამოიძახა: "ყმაწვილო, ტყე ხელიდან გამოგვგლიჯეს, წაგვართვეს და ასე დაგვტოვეს". ქუდი კეფაზე გადაიგდო, ათრთოლებული ხელი ჭაღარაზე გადაისვა. ცოტა ხანს ასე გაჩერდა. ვაკვირდებოდი. მისი სხეულის ენის წაკითხვა მინდოდა, მისი შინაგანი ხმის გაგონება. შევატყვე, როგორ მშვიდდებოდა ნელ-ნელა. ზუსტად ისე, ახალმომართული კედლის საათის მექანიზმს რომ სჩევია ხოლმე.
როცა ნამწვის სიმხურვალე ტუჩთან იგრძნო, სიგარეტი მოისროლა, შეყვითლებული წვერიდან ფერფლი ჩამოიფერთხა და ისე, რომ არც კი შემოუხედავს, მშვიდი, მონოტორული ხმით განაგრძო: "რაც გაგვაჩნდა, ყაბულს ვიყავით. სხვა ცხოვრება რომ არსებობდა სადღაც, არც კი ვიცოდით. ჩვენმა მამებმა ბაბუებისგან, ჩვენ კი მამებისგან, რაც გვინახავს და გაგვიგია, ის ვაკეთეთ. როგორც გვასწავლეს, ისე ვიცხოვრეთ. ბედნიერებიც ვიყავით. რატომაც არა, ჩვენი მოვალეობა მობარებულის შვილებისთვის გადაცემა იყო და ვალსაც პირნათლად ვიხდიდით. ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს, გარედან გამოწვდილი უცხო ხელი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. ამას ვერც კი წარმოვიდგენდით.
არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი დილა იყო. ამბავი მოგვივიდა, ხელისუფლებამ ერთ-ერთი საწარმოს სახელზე სატყეო სამუშაოების ნებართვა გასცაო. იმ იმედით, რომ ტყის განაპირას მიმდინარე სამუშაოები უშუალოდ არ გვეხებოდა, ახალ ამბავს გულგრილად შევხვდით. ვერც მოსალოდნელი შედეგები გავთვალეთ სწორად.
მოგვიანებით, ერთმანეთის მიყოლებით წაქცეული ხეების რაოდენობამ მიიქცია ჩვენი ყურადღება. ჭრის პროპორციულად გაზრდილმა მოედნებმა საფრთხე ნათლად დაგვანახა. უკვე ვიცოდით, რომ თადარიგის დასაჭერად რამე უნდა გვეღონა. თავ ზემოთ ძალა არააო ამბობენ და ჩვენც ვცდილობდით შესაძებლობის ფარგლებში მოგვექცია ჩვენი ძალისხმევა. ვხედავდით, რომ ტყის გულში გაჩენილმა იარამ უფრო და უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. ერთმანეთის მიყოლებით იჭრებოდა ის მრვალწლოვანი ხეები, აქამდე რომ წინაპრებივით დაგვსდგომოდნენ თავს... მოკვეთილივით ეცემოდა ბებერი სხეულები და დღითიდღე მატულობდა გულისმომკვლელი სიცარიელე. წვალებ-წვალებით რომ გავდიოდით,