გივიზე ვინ იცის, აქამდე რამდენ და რაოდენ რამს მივდებ-მოვდებივარ, მათგან ზოგიერთს შესაძლოა ეგებ საგულისხმიეროსაც, ზოგსაც, ალბათ, არც ისე, მაგრამ აი ეს მოთხრობა მინდა იყოს სინამდვილის გარდა მისაღებიც, კი, რადგან მე მგონი ნამდვილი და მისაღებია... - ყოველგვარი ჩემეული შელამაზებისა და ჩუქურთმების გარეშე.
მაშ ასე, ვიწყებ.
ამ მოთხრობის დაწერა ჩემს ხუთ უახლოეს მეგობართაგან, რომელთაგანაც დღეს აღარც ერთია აქ, ამ ქვეყანაზე, ერთ-ერთმა მიბიძგა, ჩემი და არა მარტო ჩემთვის, სუყველასთვის სათნო, კეთილმა, ყოვლად უბოროტომ - როგორ იცოდა მიტევება... - გურამ ჩხაიძემ შემახსენა ჩვენი თანაკურსელი გივი, დვალი, რომლის მიმართ მთელი ჩვენი კურსელები, ოთხმოცამდე სტუდენტი, სუყველანი გაუგებრობამდე დიდ სითბოს ვგრძნობდით, მაგრამ ეს როგორღაც შორიდან, რადგან გივის ჩვენგან განსხვავებით ასე ვთქვათ „გადაბმული ძმაკაცი“ არასოდეს ჰყოლია. სუ-ცოტა 30-35 წელი არ მყავდა ნანახი, გურამმა კი ამ ორიოდ წლის წინ თავისი მეტადაც კი შემთბარი ხმით მიამბო გივისაგან, გივის მიერ როგორც იქნა და სასურველი თავშესაფრისა, ანუ ნავთსაყუდელის პოვნაზე და, მეც-შეძრულმა, მერეღა მოვინახულე კიდეც. სწორედ იქ, იმ საბინადარში...
როცა გურამი აქ აღარ გყავდა.
ისე კი, მკაფიოდ მახსოვს, გივი პირველად რომ ვნახე, დავინახე.
ჩვენ, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები, როგორც მოგახსენეთ ოთხმოცამდე ვიყავით, ძირითადად სკოლა-ახლად-დამთავრებულები, ჯერ კიდევ ბავშვები (ჩვენ დროს ბავშვობა, საბედნიეროდ, გაცილებით მეტხანს გრძელდებოდა, ვიდრე ახლაა), ვიყავით, როგორც გვჩვევია, განსხვავებულები - ზოგი როგორი და ზოგიც როგორი ყმაწვილები, ხოლო ერთი ომშიაც კი იყო ნამყოფ-გამოვლილ-გადატანილი, ანუ როდესაც ჩვენი უმრავლესობა 2-3 წლისა იყო, ის ფრონტზე იბრძოდა; კეთილი, მუდამ კეთილად მომღიმარი კაცი, ზალიკო ჭანკვეტაძე.
ჩვენი კურსის სული და გული კი იშტარა იყო, მთელ თბილისში ასე ვთქვათ „გამოსული ბიჭი“, როგორი სხარტად ნიჭიერი, საუცხოო ხუმრობებისა და გამონაგონების შემძლე, ყოვლად უბოროტო (- რა კარგია რომ ამ დღევანდელ დღეს ხშირად მიწევს ამ სიტყვის ხმარება), და მაინც თანაც როგორი მშვენიერი მოჩხუბარი და კეთილი, კეთილი, და როგორღაც დიდად უცნაურად ანუ თქვენ წარმოიდგინეთ მთელი პასუხისმგებლობით უდარდელი... ერთი „შეყვარებულობანა“სი, გარდა... 26 წლისა დანით მოიკლა, რარიგ ორომტრიალებს გადარჩენილი, ყოვლად მოულოდნელად და უსამართლოდ.
იშტარამ ხელათ, ეგრევე იცოდა ადამიანის გამოცნობა, და თუ თვალსა და გულსა და ამიტომ გუნება-განწყობაშიც მოუვიდოდა ჯერ გინდაც უცნობი, ისეთს ეტყოდა, სხვას რომ ეთქვა ზუსტად იგივე, დიდად-ძალიან აღშფოთდებოდა „ადრესატი“, ხოლო იშტარას სიტყვიერად როგორღაც მუდამ საღ, იშკილზე კი გულიანად და თან უილაჯოდ - ერთდროულად, ეს! - იღიმებოდნენ.
იშტარას აუარება ერთი-ერთზე და „მასობრივიც“ ჩხუბ-მუშტი-კრივი ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ არ მახსოვს, ჩხუბისას ოდესმე გამწარებულიყო, ჩხუბი - ეს რაღაც არალეგალური სპორტისა ყოჩაღ-ბიჭური სახეობა იყო მისთვის, ისე კი, უცნაურია და, ნამდვილი კრივის ნამდვილი ხელთათმანები რომ ვიშოვნეთ სადღაც, და იმ ხელთათმანებით ძმაბიჭები ერთმანეთში რიგრიგობით რომ ვიცემ-ვიტყეპავებოდით, იშტარა, ამგვარ საქმეში ჩვენში ყველაზე მეტად გამოჯეკილი, ამ „სამოყვარულო“ (ისემც...) სპორტისას როგორღაც უმწეოვდებოდა, ხოლო ნაღდ ჩხუბში? - გაგიხარია იმან იცოდა მოწინააღმდეგის ყბების პოვნა სწრაფად და ზუსტად - რაღა თქმა უნდა ყოვლად უკომპასოდ და თუკი ვინმე ძაან-ზე ჯანიანიც შემოხვდებოდა, ისე მოექცეოდა თავდაჯერებულ მოწინააღმდეგეს ზურგს უკან, ვერავინ ვხვდებოდით, ჩვე-გაფაციცებულად მაყურებლებიც კი, მერე კი, ერთ-ორს უზუსტესად გამოზომილად კი-რომ შვლეპდა და, თავჩაგრულს, ბეჩავ ცხვირ-პირზე ხელებს რომ ააფარებინებდა, წასული იყო იმ გინდაც-როგორი ჯანიანის უკუღმართულად უიღბლო, საქმე, თუმცა დამარცხებულ მოწინააღმდეგეზე შედგომა არა სჩვეოდა კი არა, თავისი ალალი ბუნებით ეს ვერც წარმოედგინა ხოლმე. მაგრამ გალახულა კიდეც ხოლო ეს ძალიან იშვიათად, ასე ერთ-ორიოდჯერ, მაგრამ მაინცდამაინც არ შეწუხებულა და შედარებით არაფრად ჩაუგდია ეს, გადაკიდებული მტრობის ხინჯი არასოდეს ჩაუდვია და ჩარჩენია გულში.
ახლა არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩემი ამსიბერისა-პირიქითულ წლებში იყო რაღაც ღვარჭნილი უნდობლობა და ამით რაღაც წინააღმდეგობა-რამსავით, ჩამოსულებსა და თბილისელ მკვიდრ-დამხვდურთა შორის, იშტარას კიდე? - ოდნავადაც არ გააჩნდა ეს. ასე მაგალითად, სტუდენტობის დასაწყისშივე, ოთხ-ხუთ სექტემბერს, შეხედა ერთხელაც ჩვენს ერთ-ერთ კურსელს, და
საიდანა ხარ, ბიჭო,ო,
ხოლო ამ „ბიჭო“-ში აბუჩად აგდების მისხალ-ნატამალიც არ ერია; იშტარა? - მაშინვე უახლოვდ-უძმაკაცდებოდა იმას, ვინც მართალ თვალში მოუვიდოდა.
ჭოპორტიდანა,ო, იმან.
ვაჰ, ეგ რომელი ჭოპორტიდან, კარგი კიტრი და პამიდორი რომ იცისო? - იშტარამ,
რავი, ეგრე კი ამბობენო;
იშტარამ ისევე ახედ-დახედა, ჰკითხა:
რა გქვია, ძმაკაც,ო,
იოსებიო, იოსებმა,
და, რა გვარის ხაარ,ო,
და,
ფერხულიო, იოსებმა,
ვაჰ, თქვა იშტარამ და ჯერ გაუღიმა, მერე კი დიდად საზეიმოდ გამოაცხადა:
- ვიწყებთ, კონცერტს!, ცეკვა ხორუმი!!, ასრულებს ფერხული!!!, -
და, მხარზე