ღობე ჩუმად მივაბიჯებდი სიბნელეში. რაღაც უცნაურად გარინდულიყო ტყე. ხმელ ფიჩხს დავაბიჯე, გატყდა და მისმა ტკაცანმა მეხივით გადაუარა იქაურობას. მარცხნიდან წყლის ხმა მომდიოდა. ვიცოდი, თუ უკან გამოსვლა მინდოდა მისკენ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი გზას. რაღაცას დავეჯახე, დიდი იყო და მაგარი, ხელით მოვსინჯე - ღობე. თითების ცეცებით გავყევი და ძალიან დიდი ხანი დავდიოდი, სანამ არ მივხვდი რომ წრეზე ვმოძრაობ, რომ კარი არ არის. ღობის იქით, კი ისევ ტყე იყო, კიდევ უფრო დაბურული და ჩუმი. მომბეზრდა სიარული, ხელით დავეყრდენი და ერთი ნახტომით გადევევლე. ღობის იქით ციოდა. ცოტაც გავიარე, მაგრამ უეცრად საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, იქვე, დიდი ჭადრის ქვეშ ჩამოვჯექი, სული მოვითქვი და ფიჩხის შეგროვება დავიწყე. შორიახლოს დაჩეხილ შეშას გადავაწყდი, ლამაზად რომ ეწყო ხის ძირში. “ალბათ ვიღაცა ცხოვრობს” გავიფიქრე და უფრო დაკვირვებით დავუწყე სიბნელეს თვალიერება. არაფერი, არც ერთი ჩქამი, არც ფოთლის შრიალი, მხოლოდ წყლის ხმა, სადღაც შორიდან.
ფიჩხს შევუნთე, შემდეგ შეშა დავაყარე და გავშეშდი. ხეების უკან ვიღაცა იდგა. ცეცხლის ალის დანახვაზე შეინძრა და გამოვიდა. ის იყო. საერთოდ არ შეცვლილა, უბრალოდ რაღაცნაირი დაღვრემილი და ფერმკრთალი მეჩვენა. ნელა მოდიოდა ხეებს იქედან, მომიახლოვდა, ჩემს პირდაპირ ცეცხლთან დაჯდა და გათოშილი ხელები მიაფიცხა მოუსვენარ ალს.
დიდ ხანს ვისხედით ჩუმად, ის ცეცხლს აკვირდებოდა გაშეშებული, არაფრის მთქმელი თვალებით, მე მას. რამოდენიმე ნაოჭი გასჩენოდა შუბლზე. ისევ ის შარვალი და ნაცრისფერი მაიკა.
- გახსოვს? – მეკითხება უეცრად.
- ისე რა, ცუდად, – ვპასუხობ.
იმ ღამეს სამნი მივდიოდით. ორნი უკან და ის წინ, თუ ორნი წინ და ის უკან, ან შეიძლება სამივე ერთად, აღარ მახსოვდა, და რომ არა.... რა? ამაზე ბევრი მიფიქრია საფლავთან მჯდომს, უკვე, როდესაც ორნი დავრჩით, სწორედ ის ორნი, ან წინ რომ მივდიოდით, ან უკან და ან ამასთან ერთად, რომ ყველაფერი სხავანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო, სიგარეტის გამყიდველს მალბორო ლაითი რომ არ ჰქონოდა, ან ძირს დავარდნოდა ხურდა უკან დაბრუნების დროს, ან ფეხი დაგვცდენოდა ჭუჭყიან ასფალტზე, ან მე რომ წვეთი გამბედაობა მქონოდა და იმას კიდევ წვეთი სილაჩრე. ეხლა კი ყველაფერი იცის და მაინც არაფერს მეუბნება.
- დავიკარგე? – ვკითხე და მივხვდი როგორი საცოდავიც გავხდი.
- დიდი ხანია, – მპასუხობს ის.
- უკან ვეღარ დავბრუნდები?
- ვერა, მაგრამ ნუ გეშინია, ხელს არაფერში შეგიშლის.
მე თავს ვქინდრავ, ნაკვერჩხალს დავცქერი და ჩუმად ვამბობ:
- ვიცი.
ის დგება ზურგს მაქცევს და მიდის, ნელა, ძალიან ნელა. ცეცხლის ალი კარგად ანათებს იქაურობას და მეც ნათლად ვხედავ ღრმა და ასე ნაცნობ ჭრილობას მარცხენა ბეჭზე, საიდანაც ჯერ კიდევ ჟონავს სისხლი. თვალს ვაყოლებ და ვერ ვხვდები, რატომ ვარ ჩუმად, ამდენი წელი ველოდებოდი, ვცდილობდი წარმომედგინა რას მეტყოდა და რას ვუპასუხებდი, ის კი არ მოდიოდა, ერთხელაც არ დაურღვევია ჩემი მყუდრო ძილი, არც მთვრალს მომლანდებია არსად და იმ ერთადერთი ფოტოდანაც ძველებური, უდარდელი ღიმილით შემომყურებდა ყოველთვის. ახლა ის მიდის, სადღაც სიბნელეში იკარგება და მე მარტო ვრჩები დანთებულ ცეცხლთან. ხეებიდან კი უხმოდ გამოდიან, ერთად გროვდებიან და ჩემსკენ მოიწევენ, ჩემი, ჩემს მიერ დადებული და შემდეგ მოტყუებულ-დავიწყებული დაპირებები თუ ფიცები, რომლებსაც დამცინავი ღიმილით წინ მოუძღვის სადღაც, მტვრიანი საავადმყოფოს ჭუჭყიან, ბინძურ კუთხეში დადებული შურისძიების ფიცის ფერმკრთალი და შემზარავი ლანდი.