დეიდაჩემი 17 წლის გარდაიცვალა. ყოველ კვირა საღამოს, ბებიაჩემს სასაფლაოზე მივყვებოდი. დაღლილი მარმარილოები ჩამავალი მზის პასუხად უხერხულად ელავდნენ. მარმარილოებს ღამე უყვართ. რატომღაც. ღამით ყველა სურათი ჭაღარავდება. ბავშვებიც კი. ეგ არის მარმალოზე დატანილი ფოტოს თვისება. ბებიაჩემი არასდროს უცდიდა ღამეს. მას ლელა შავი თმებით ერჩივნა. „ ლელას კლასელებისგან “ . სახეზე უყურებდა და საფლავზე ბალახებს ისე თხრიდა, თითქოს კაბაზე ამოწეწილ ძაფებს აცლიდა. „ ცაში შეხვდება თავის საბედოს “ - მითხრა ერთხელ. მე მაშინვე ვიცოდი, რომ ლელა ვერავის შეხვდებოდა. მისი შეყვარებული აქვე, გაღმა სოფელში ცხოვრობდა. სამი შვილი ჰყავდა. ბუღალტერი ცოლი ზეთიანი წარბებით, გზას აცდენილი ცხვირით და მონადირებული ბუს თვალებით. ხშირად მესიზმრებოდა, რომ ამ ქალს ვკლავდი, ცელოფანში გახვეულს სასაფლაოზე მივათრევდი და დეიდაჩემის ადგილას ვმარხავდი. უკან ლელა მომყვებოდა. მე მისი საქმროსკენ გზას ვასწავლიდი და მეღვიძებოდა. გვიან, სიზმარშივე მივხვდი, რომ ცოცხლები არასდროს უცვლიან ადგილს მკვდრებს, თუნდაც მკვდრები ათასჯერ უკეთესები იყვნენ. ეს არის სიცოცხლის უსამართლო უპარიტესობა.
პირველი ამბავი: სახურავი
ეს ადამიანები ჩვეულებრივი შეშლილები იყვნენ. ყოველდღე მოდიოდნენ და სამსახურს მთხოვდნენ. ერთხელ ვიფიქრე: ამათი დედ-მამაც. ავიყვან. ავიყვანე. გსმენიათ ახლოდან აფეთქების ხმა? ალბათ არა. ეგეთი არავინაა. ამ დროს თქვენ უცაბედად ყრუვდებით. შეიძლება სამუდამოდ. ასე დაემართა ლელა იმნაძესაც. ყვავილების გამყიდველს. მისმა მეგობარმა – ლიანა გოგიბერიძემ იქვე დალია სული. რაც მთავარია, გივი მრევლიშვილი ჩაძაღლდა. ეს ტერაქტის მაგვარი ამბავიც ხომ მას ეძღვნებოდა. სამწუხაროდ, სამივე მოხუცი მოკვდა. გამოგიტყდებით, ძალიან აკვიატებული ხალხი გამოდგა. მე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახლდით. ესენი – გათავისუფლებული თანამშრომლები. აღდგენა უნდოდათ. საჩივრების დასტა მოჰქონდათ. ძველი ხელმძღვანელობის დარღვევები. ბოლოს იქამდეც მივიდა საქმე, რომ ყოფილ უფროსს, სამსახურიდან მათი დათხოვნის მიზეზთა მიზეზს, მამათმავლობის მომაკვდინებელი ცოდვაც კი დასწამეს. ეგ არაფერი. პროფესორებს ხომ უწრფელესი განზრახვა ჰქონდათ: ქართული ფიზიკა უნდა გადაერჩინათ. აბა, მათი რა ბრალი იყო, თუ გივი მრევლიშვილმა ჩვენი საძმოს ყველაზე უმცროსი წევრი საკუთარი დის წინ ჩაცხრილა. და რატომ? ეგონა, მის ცხრატონიან ცოლს ეფლირტავებოდა. რა ფეხებად სჭირდებოდა ბექას სხვისი ცოლი. თან ბეჰემოტისმაგვარი. ახლა მათი სულები ცაში შეხვდებიან და დაე, იქ გაირჩეს მტყუან–მართალი. მაგათი არ ვიცი და მოხუცები აუცილებლად სამოთხეში დაიდებენ ბინას. თუმცა, შეიძლება მათთვის სამოთხეც ჯოჯოხეთი იყოს. აბა, რა უნდა ედემის ბაღში საბჭოთა ფიზიკის სახელმძღვანელოებს?! იმ დღესაც, ყუთებით რომ გავატანეთ, წიგნები ეგონათ და ასაფეთქებელი რამე-რუმეები ყოფილა. ტკივილს ვერ იგრძნობდნენ. ან ვის ეცალა ტკივილისთვის. ოთხმოცდაათიანი წლები იდგა. თბილისი. შემოდგომის პირი. მე ლანჩხუთში დავიბადე. სკოლაც იქ დავამთავრე. სხვათა შორის – ფრიადებზე. განსაკუთრებით კარგად ფიზიკას ვსწავლობდი.
მაშინ შუაღამისას გამეღვიძა. ერთხანს ბებიაჩემის სუნთქვას ვაკვირდებოდი – ორი, სამი, ოთხი წლის შემდეგ ის აღარ იქნება, მაგრამ აი, ახლა ხომ სუნთქავს. იშვიათად, ფრთხილ ხვრინვასაც ურევს. ორი, სამი, ოთხი წლის შემდეგ მე გავიხსენებ, რომ ბებიაჩემი სუნთქავდა. ახლა ვაკვირდები, რომ შემდეგ გავიხსენო, რომ მაშინ ვაკვირდებოდი. ბევრი „რომაა“ – ასე მოსაყოლად დიდად გაუგებარი და ისე, საგრძნობად დიდად ფილოსოფიური რამ. სიკვდილის და სიცოცხლის საქმე. წამოვდექი და გავედი. ხოლო მაღლა მავთულივით მთვარე და შესუნთქული ვარსკვლავები – ცის ძვლივსშესამჩნევი, თითქოს ცუდად ნამკურნალევი გამონაყარი. ეზოში ყველგან ჩალა. მიყუდებული. შეკრული. მოფანტული. პირში ჩალაგამოვლებული ღამე. ეს ალბათ ზღარბია. ეს შემთხვევით გარეთ დარჩენილი ქათამი, მანდარინის ხეზე რომ თვლემს. ცხოველები და ადამიანები ხშირად ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ძილით განსაკუთრებით. სიზმრები ხომ საერთოდ – ბიძაჩემი და ბიძაჩემის ძაღლი, კოშმარებს თუ ნახულობდნენ, ერთნაირად წკმუტუნებდნენ და ცალ ფეხს იქნევდნენ.
ეს დასაწვავად გამზადებული ფოთლის გროვაა, ეს ფოთლის გროვაში ჩატანებული სპრაიტის ბოთლი – პოლიეთილენის. ასეთი ბოთლები უცნაურად იწვიან, ძველ რუსულ ფილმებში ჯადოქარს რომ მოკლავენ, იკლაკნება, იკეცება და მიწაში მიძვრება – ისე. ეს მე ვარ. მე სუნთქვა მიჭირს. აი, უცებ – მოულოდნელად და ძლიერად. არც შეყვარებული დამშორებია, არც კუდიანი ვარსკვლავი მინახავს, არც ჯინსის შარვალი დამხევია. არც უყიდიათ. ძალიან ჩვეულებრივი ეზოა – შემოდგომის პროლოგის ნაცნობი წინადადებით. მე კი ვღელავ, ვღელავ და ვღელავ. დილით დავწექი. და მაშინ მივხვდი, რომ არსებობს უმიზეზო აღელვებები. სიხარულზე და დარდზე უფრო ძლიერი აღელვებები. მათ ყველაზე ადვილად სექტემბრის თხელ ღამეებში შეამჩნევ. თუ მოულოდნელად გაგეღვიძება და გარეთ გახვალ.
თუ მოულოდნელად გაგეღვიძება და გარეთ გახვალ – შეიძლება მამაჩემიც ნახო. ის შარშანწინ გაგიჟდა და ახლა გარეთ დარჩენილი ქათმის მაგივრად რომ იჯდეს საქათმეში, ნუ გაიკვირვებთ. ორი კვირის წინ სწორედ იქ მივაგენით. საშინლად მახსოვს ის ძებნა. თბილი ქარი ქროდა. ღრმად ჩაისუნთქვისას ჰაერს მოტკბო გემო დაჰკრავდა და ჩვენ გვეგონა კაშუტიმ თავი მოიკლა. დედაჩემი ხმამაღლა ეძახდა, ოდნავ კივილსაც ურევდა და მე ვემზადებოდი, როდის გადაიქცეოდა ეს კივილი შეცხადებად, როცა თოკზე ჩამოკიდებულ მამას ვნახავდით. მაგვარი ამბის ბედნიერებაც მქონდა. სამი წლის წინ დედაჩემის დეიდა ვნახე თხილის ხეზე. აი, ასე მარტივად. მითხრეს, წადი, დაუძახე, ჭამის დროაო. მივედი და სულ არაფერი ეტყობოდა შიმშილის. ქვევით დახრილი, დაღონებული და შეშუპებული სახე ჰქონდა და ქარი ისე ფრთხილად აქანებდა, როგორც საქანელაზე პირველად შემომჯდარ ბავშვს მშობელი. სახლში დავბრუნდი და ბაბუას ვუთხარი. ზაქარია გავარდა და ცოტა ხანში საშინელი ღრიალის ხმა მოისმოდა. ზაქარია იგინებოდა. გაგიკვირდებათ და ჩამომხრჩვალი ელიჩკას მისამართით. ისე სასტიკად და განწირულად ისმოდა ეს გინება, რომ იქვე გადავწყვიტე, მაგ საქმით არასდროს გამომეჩინა თავი. ჰა-ჰა, ისე, როგორც ზემოთ მოგახსენეთ – „მაგათი დედ-მამაც“ და არასდროს დავასრულებ ხოლმე. „ჰო, მაგათი დედ-მამაც“. რაც შეეხება ჩემს მამას, ის მაშინ საქათმეში აღმოჩნდა და მეზობლების დიდი დახმარებით გამოვიყვანეთ.
მეზობლები. მათგან უმეტესი სკოლაში მუშაობდა. მასწავლებლად, დამლაგებლად, კაჩიგარად. რა ჰქვია კაჩიგარს ქართულად? არ მახსოვს. ახლა აქ არც ლექსიკონი მაქვს. ერთი მეზობელი ბოზი იყო. პაჟალუსტას ეძახდნენ. უკვე ორმოცდათოთხმეტი წლის. ძალიან მაგრად იღებებოდა, მაგრამ მარტო ღებვა რას იქმს, თუ ბუნებამც არ უშველა? ეყო მარცვლები? ბავშვობაში ლექსებს ვწერდი, ეგ ტექნიკა მესმის ასე თუ ისე. ერთი მეზობელი ინტრიგანი გახლდათ, ეზოს ზომას გვედავებოდა. ღობე ცოტა გადაწიეთო. მეფის დამტკიცებული რუკა მაქვსო, განსხვავებული საზღვრებით. მართლა ჰქონდა რაღაც ქაღალდი. ჩვენს დროში თუთუნს თუ გაახვევდი, მაგრამ ჰა! რომ მოკვდა, მგონი სასაფლაოს განაპირას დამარხეს, იქაც ტერიტორიული ომები რომ არ წამოეწყო. ერთი მეზობელი ამ ინტრიგანზე ადრე მიიცვალა, სიმსივნე კი ჰქონდა, მაგრამ მეტასტაზებს დაასწრო და ხიდან ჩამოვარდა. მისი შვილი, ვაჟიკია პატარა იყო და ქელეხის სუფრა ქორწილი ეგონა, გახარებული დარბოდა, ხელში ქვაბის თავსახური ეჭირა, საჭესავით ატრიალებდა და პიიი-პიიის გაიძახოდა. რა აღარ უთხრეს – ვერაფრით გააჩერეს. ნამეტნავად ჯიუტი გამოდგა.
მოგვიანებით, ვაჟიკია ჩემი ძმაკაცი გახდა. ერთი წლით უმცროსი და ბარემ ოცი კილოთი მსუქანი. ერთად ვთამაშობდით, ერთად ვჩხუბობდით, ერთად ვხოცავდით ხვლიკებს – მათი სისხლით მინის ნატეხი უნდა შეგვეღება და გოგოები შიშვლად დაგვენახა. ისე, მაგ საქმისთვის ის სათვალე ჯობდა, მოსკოვში რომ უყიდა ბიძამისმა ჩემს კლასელს და არავის ახედებდა. ამ ხვლიკებით კი არ გამოდიოდა. ნამდვილი ხვლიკოციდი მოვაწყვეთ და სრულიად ამაოდ. გოგოებს, შიშველ გოგოებს, ცხადია, ვნახულობდით. გაცილებით მარტივად, ამდენი წვალების და მკვლელობების გარეშე – სახლში, როცა ლოგინში ვწვებოდით და თვალს ვხუჭავდით. მოკლედ. ეს სხვა საქმეა. მე სულ სხვა რამის მოყოლა მინდოდა. ერთხელ ბირჟაზე ვიდექით. ჩვენ და უფროსები. ეს უფროსები ლაპარაკობდნენ ტალონებზე, რამკიან ქურდებზე და გორბაჩოვზე. გორბაჩოვის ტყლიპზე. რაისაზე. გამსახურდიაზე. პლანზე. პრისტავკაზე. ერთი ქუთაისელი იყო. ოდნავ წითური. იმან თქვა, ჭორიაო ეგ – ევროპაში ადვილი წასვლა და გულავი. სავეტსკი საიუზი არ დაიშლებაო. კაგებე და ქურდები ერთად მართავენ და ვარიანტი არ არის ამ რასკლადის დარღვევისო. ძმები მყავს ლენინგრადში და ორენბურგშიო. მაგათმა მითხრესო. ჰოდა, პარიზი კი არა, მთვარეზე კოოპერატივი არ გინდათო?
სავსე მთვარე ეკიდა. გამაღიზიანებლად ყვითელი. ხის ძირას ნაგდები კარალიოკივით. უკან ვბრუნდებოდით. ვაჟიკიას ვუთხარი, იქ კოოპერატივს რა უნდა-მეთქი. მითხრა, კოოპერატივი კი არა, ამერიკელებს მთვარეზე უკვე ქარხნები აქვთო. კომპიუტერებს უშვებენო. კომპიუტერზე ვიცოდით – ისეთი ტელევიზორი ჰქონდათ, დააჭერდი თითს და დედამიწაზე რამდენი ჭიანჭველა დადიოდა, იმას დაგითვლიდა. ზოოლოგიის მასწავლებელმა გვითხრა. რატომ არაფერი არ ჩანს აქედან-მეთქი? თუ იმ შავ ზოლებს ვამჩნევთ, ეგ ქარხნები თუნდაც წერტილად რატომ არ მოჩანს-მეთქი. სახურავიდან შევხედოთო, ვაჟიკიამ. მის სახლზე ავძვერით, უფრო ადვილი იყო – კედელს კიბე ასდევდა. მუხლები სულაც არ გვიკანკალებდა. იქ ხშირად ვყოფილვართ. ხან თოვლის გადმოსაყრელად, ხან მოსაწევად. აბა, ახედე შენც – მითხრა ვაჟიკიამ. დიდხანს ვაკვირდებოდით. მხოლოდ ნაცნობი ზოლები ჩანდა. როგორც სკოლაში გვითხრეს, მთები. სხვა ახალი არაფერი. არც ქარხნები. არც კოოპერატივი. მხოლოდ თხელი, მოძრავი ღრუბელი. გამჭვირვალე და სუფთა. იმ ნაჭრებივით, დახოცილებს რომ გადააფარეს, ლელა იმნაძის გარდა. ის მალევე შეირხა, უცებ რობოტივით წამოჯდა და დასახმარებლად მისულ მოქალაქეს კისერზე ხელები წაუჭირა. დასახრჩობად. მე და ვაჟიკია ცოტა შორს, ჟიგულიში ვიჯექით. უკვე ბავშვები აღარ. დიდები. ღილაკს ვაჟიკიამ დააჭირა. სექტემბრის ათი იყო. შეიძლება თერთმეტიც. ცამეტი ნამდვილად არა – ცამეტში ნატა გავიცანი.
მეორე ამბავი: მოკლე დანების ღამე
დილით დაზაფრულს გამეღვიძა. სიზმარს ვერ ვიხსენებდი ან შეიძლება არაფერი მინახავს. თვალი გავახილე თუ არა, უცებ ძალიან შემეშინდა სიკვდილის. ის, რომ გავქრებოდი და ვეღარაფერს დავინახავდი. ვერც იმ ფარდას. მაცივარს. საკუთარ ფეხებს, ახლა საბნიდან გარეთ დარჩენილს რომ მივშტერებოდი. მერე წარმოვიდგინე, როგორ ვლპებოდი გაპრიალებულ კუბოში, როგორ იქერცლებოდა კანი გალურჯებულ ფეხებზე. თან ეს გარდაუვალია. გარდაუვალია. გარდაუვალია. ყველანი დავლპებით! უკეთეს შემთხვევაში, დაგვწვავენ! როგორც იმ ფილმში. რა საშინელებაა ადამიანად ყოფნა. ისე შევშინდი, რომ ცოტა ხანში მეგონა სიკვდილი არ არსებობდა, რომ ეს ყველაფერი მესიზმრა. სიზმარი იყო. აბა, როგორ შეიძლება ყველაფერი გაქრეს? ერთ წუთში და სამუდამოდ! წყალი მოდიოდეს, წყალს გავაყოლებდი. კვირაზე მეტია, რაც მეოთხე სართულამდე ძალა აღარ ჰყოფნის. გადავბრუნდი. ისე, გუშინაც ხომ ვიცოდი ეს ამბავი, გუშინწინაც და საერთოდ, სოფელში, როცა მომაკვდავ, ჭირიან წიწილებს ვუყურებდი, როგორ ახელდნენ წირპლიან თვალებს, ხუჭავდნენ, ახელდნენ და ბოლოს ისევ ხუჭავდნენ, იქიდან მოყოლებული. მაგრამ ახლა შემეშინდა. შენა და, მორწმუნე ხომ არ გავხდე? სამოთხე. სითბო. ნაკლები შიში. სულის უკვდავება. მეტი სინათლე. ფილარმონიასთან რომ ხალხი დგას, მივალ და ვეტყვი: ჰარე რამა, ჯეი ჰანუმან! ვინ ვიქნები მე შემდეგ ცხოვრებაში? კატა, მატლი, ფიცარი? მთავარია ვიყო, მთავარია არ გავქრე! კრიშნას ცნობიერების საზოგადოებავ, შრილა პრაბჰუპადას ქართველო სანიასებო! არაფერმა გაჭრა. არც სკოლაში ნასწავლმა საზეპიროებმა: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, ადექი და შხაპი მიიღე“. შხაპი მიიღე – მეტაფორული ნათქვამია, უფრო დაწვრილებით ნიშნავს – კერასინკაზე გუშინ დაგროვებული წყალი გააცხელე, მერე გაანელე, მერე გაჭირვებით დაისხი. მაგას სიკვდილი სჯობდა. თან სიკვდილი ხომ ყველაზე ადვილად გვავიწყდება. მართლა რომ ვკვდებოდე, სულ მემახსოვრებოდა. აგერ ჩუსტებიც ჩავიცვი – მე უკვდავი ვარ! მაკანკალებდა.
ტელეფონთან მივღოღდი და ფიზიკის ინსტიტუტში დავრეკე. ჩვეულებრივი ამბავია – პარალელური ხაზები. ვიღაც ქალი ჩაჰკივის, ვალი დამიბრუნოს, ოქროები გაყიდოს ან თურქეთში წავიდეს ან ტრაკი ხომ აქვს, ტრაკი მისცესო. მოკლედ. ას დოლარზე იყო ლაპარაკი.
გამარჯობა, ბატონო ჰამლეტ.
კეთილი სალამი.
დღეს სამსახურში ვერ მოვალ, სიცხე მაქვს.
არა უშავს, ასპირინი მიიღეთ და თუ მოიხელთებთ, თხის რძე დააგემოვნეთ.
ჰამლეტ გელაშვილი. ფიზიკის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტია. ჩემი ხელმძღვანელი. ბატონი ჰამლეტი იმთავითვე ტრაგიკული კაცი გახლდათ – ბავშვობაში დედამისმა შემთხვევით მდუღარე წყალი გადაასხა და მთელი ტანი დამწვარი ჰქონდა. როცა ცოტა მოუშუშდა, მისი სხეული პლანეტა მარსის ზედაპირს ჰგავდა, ასტრონომიის სამი თაობის ნახმარ სახელმძღვანელოში. ერთხელ დასცხა, ღილები შეიხსნა და ასე შევამჩნიე. ცუდი არაფერი იფიქროთ. მე პირწავარდნილი ქალთმოყვარე ვარ. როგორც ლექსიკონებში წერია: ჰეტეროსექსუალი. კაცმა რომ თქვას, ისიც. ოღონდ ჰამლეტი ფორმალურად. არ მგონია, გოგოები მასთან იმ ხალისით წვებოდნენ, როგორც ამას ჩემი დევიატის კაპოტზე აკეთებენ. კი მივეცი აღთქმა საკუთარ თავს, ამბავს გამართული ქართულით მოვყვები-მეთქი, მაგრამ ზოგი სიტყვა დღემდე არ ვიცი, დეიდაჩემის სულს გეფიცებით. კაპოტი, ბაგაჟნიკი, პაკრიშკა. ჰამლეტი კი მოწესრიგებულ მარტოხელებს მიეკუთვნება. სულ გარეცხილი პერანგი აცვია, ნასკებს ჩემგან განსხვავებით, ყოველდღე იცვლის. მგონი ტრუსიკსაც. ორი მონტანას შარვალი აქვს. თავს სახლში იპარსავს რაპირათი და მერსედესი ჰყავს. დიახ, მერსედესი. იმ პლანეტასთან მისი კავშირი კიდევ ეგ არის, რომ მანქანში მარსის მოელვარე დინამიკები აქვს. შეიძლება მისი მფარველიც მარსია. რა ვიცი. „ეძიე ვარსკვლავი შენი“ – მგონი ასე ეწერა იმ წიგნს. ზოდიაქოებზე.
ბატონი ჰამლეტი განა მართლა ბატონია. ეს შეთანხმებაა, მენტებისთვის მოგონილი თამაში. ასეთი თამაშები ჩემმა თაობამ ამერიკული ფილმებიდან ისწავლა. იქ აგენტები და დამნაშავეები, ძირითადად მექსიკელები და კოლუმბიელები, ტელეფონში კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებივით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სასკოლო ღონისძიებაზე ქართულის მასწავლებლის მიერ მომზადებულ ხუთოსნების თეატრალურ დასს.
შენ ძალიან გულისხმიერი ხარ, პატარა მეგობარო. მეიმედები.
მადლობა. ჩემთვის ეს სასიხარულოა. მოტივაციასა და ხალისს მმატებს. დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ.
ის ურჩევნია მამულსაო – ალბათ გსმენიათ, ყმაწვილო.
მე ჯერ მხოლოდ ახლა დავადექი ამ გრძელ და არც ისე მოკირწყლულ გზას. თქვენს მიერ ანთებული ცოდნის ლამპარი მომავალს მიჩირაღდნებს და იმედი მაქვს, ნდობას გავამართლებ. ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ.
დაიჭი დედა-ენა. ეს იქნება ამიერიდან შენი ლამპარი.
და ასე შემდეგ.
მე და ჰამლეტი დიდი ხანი არაა, რაც პარტნიორები ვართ. ერთხელ სახლში დამპატიჟა. პეკინზე. დიდი ბინა ჰქონდა, მაგრამ წლების ურემონტო. აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი. აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო. ეს რომანტიკოსები ხომ ვერ ამოვიგდე გონებიდან. ცირა მასწავლებლის სასტიკი მზერის ბრალია – აბა, დღეს ვის დაავიწყდა საზეპირო? ვის აქვს მზად კეფაზე თმა ასაგლეჯად? ჰამლეტის სახლში ზუსტად ეგრე იყო აგლეჯილი შპალერი. განსაკუთრებით დენის გაყვანილობის მიმდებარე კედლის ნაწილზე. ხაზის რადიო ორ ოთახში ეკიდა. წითელი და თეთრი. თეთრზე რემბოს ნაკლეიკა იყო მიკრული. ჯონ რემბო. სტალონე მოერევა თუ შვარცნეგერი? რატომ ავირჩიე ეს არიფული პროფესია? – მკითხა ჰამლეტმა. პირველი კითხვა საზოგადო იყო და რიტორიკული. მეორეზე გამეღიმა და მივანიშნე: მეც ხომ ფიზიკოსი ვარ. სწორედ ამიტომაც ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემი საკურსო შენ გაბარია. შენვე მითხარი, რომ თქვენობით ლაპარაკი არ გვინდა.
შარშან მამაჩემი დაიბრიდა. კიბოთი. რა მორფიც მორჩა, მეზობელ ნარკუშებს მივყიდე და მერე ვაფშე დამენძრა. 90 მანეთი მეყოფა, ტო? ეს მათხოვრული ხელფასი. შენ ბავშვი ხარ. მიდგები-მოდგები...
შენც შეგიძლია მიდგე-მოდგე...
რანაირად?
მე ჰამლეტს ვუთხარი, რომ მართალია, ჩემგან არ ესწავლება, მაგრამ ახლა მძიმე დროა. არეული. ერთი მხრივ, ეს ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ – მეტი ფანტაზიის მქონე ხალხისთვის დიდებული ასპარეზი. რომ გაჭირვება არის საზღვარი, რომლის ჩამოცდენის მერე, სხვა დანარჩენ საზღვრებზე ვიზა აღარ გჭირდება – სახლის საკეტს მანქანის ძველი, წამახული გასაღებით ათვინიერებ, უთო თურმე მარტო ტანსაცმელს კი არა, ტანსაც აუთოებს, რომ მორალი, პირობითი ცნებაა და ჩვენ, მოლეკულების დროებით შეკოწიწებულ კრებულს, არავითარი ვალდებულება არ გვაქვს ამ პირობითობისადმი, რომ ნიცშე ჯიგარი იყო, რომ ლენინისთავებიანი თევზისსუნიანი კუპიურების გარდა არსებობს მწვანე ფულიც, რომ სპეკულანტმა ვალოდიამ ოფტამ ჯინსები და მოხერის ზედები ჩამოიტანა და ვალოდია იცნობს ტიპს, ვინც ფირმა მანქანებს ყიდის.
ჰამლეტი ჩაფიქრდა. იმ, ძველ ჰამლეტზე უფრო მერყევი მზერით შემხედა, ბოლოს გაიღიმა და მითხრა:
წინა კბილი დასაპლომბი მაქვს.
არ ვიცი, რისი ალეგორია იყო ეს ფრაზა, მაგრამ ფაქტია: ჰამლეტმა ორ კვირაში სამი შეძლებული მეზობლის ნაკოლი მოგვცა. ოპერაცია ლალა ყველაზე უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან გამოცდილი მუსიკის მასწავლებელი სახლში დაგვხვდა. მახსოვს, რიჟას თავი ჰქონდა შავად გადაღებილი, დედამისის უზარმაზარი სათვალეები ეკეთა, მოდნი, ესენტუკში ნაყიდი. ვაჟიკიას პარიკი ეხურა, რინგო სტარს ჰგავდა, მით უფრო, რომ ხელში იმხელა ატვიორტკა ეჭირა, ნებისმიერ ბარაბანშჩიკს წაადგებოდა. ჩემი პისტოლეტი თაობების ნახმარი იყო, მაგრამ დამიზნების შემთხვევაში, რომელიმე თაობის წარმომადგენელს ადვილად მოუღებდა ბოლოს. მე და ნოდარიკო მანქანაში ვიჯექით, როცა ფანჯრიდან კივილის ხმა გაისმა. ორ წუთში ვაჟიკია ჩამოვარდა, ღობეს გადაახტა და გაიქცა. ხუთ წუთში რიჟაც მოჰყვა. ის არ მორბოდა, სახეზე დაპორჭყნილს სისხლი სდიოდა და იგინებოდა. რიჟა გამოცდილი გახლდათ – იცოდა, მილიციაში დარეკვას ვერავინ გარისკავდა, ამიტომაც მუსიკის მასწავლებელს, კივილის აკომპანიმენტით, მშვიდად წაგლიჯა ოქროს ჯაჭვი და ცალი საყურე. მუსიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ლალამ, თავის მხრივ, ფრჩხილები რიჟას რამდენიმე გრამი სისხლით შეიღება. იმ დღეს მანიკური აღარ დასჭირდებოდა. ბარტერი შედგა.
რიჟა მანქანების სამრეცხაოზე მივიყვანეთ და თავი დავბანეთ. საღებავი ჭრილობებში ჩაუვიდა, მაგრამ რიჟას მედიცინა არ უყვარდა, არაყი იყო მისი დეზინფექციაც და გამაყუჩებელიც. ჰო, გაიცანით. რიჟა, იგივე ილო ლაშქარაშვილი, ფიზიკის ინსტიტუტის დაცვის ერთადერთი თანამშრომელია. ფეხმძიმე ცოლი ჰყავს. ნუნუკა. ნუნუკა მანამდე სამჯერ ასრულებდა ორსულის როლს და სამივეჯერ წარმატებულად. შესაბამისად, რიჟა სამი შვილის მამაა.
ვაჟიკია გვიან დაბრუნდა. ის მშიშარა არ იყო. უბრალოდ, რაც ვასწავლეთ, ის გააკეთა. საფრთხე, და გაიქცა. სულ ფეხით ერბინა. ქუჩები აერია. გრძელი გზით დაბრუნდა. მშვიდობით. ვაჟიკია ხომ ლანჩხუთელია. ჩემსავით. მაგრამ მე ერთი უცნაური თვისება მაქვს: წყალში თევზი მაქვს, ცაში ფრინველი, მიწაზე ჭიანჭველა, ვაკეში ვაკელი. ეს წარმოუდგენელია? სულ უკანასკნელზე მეუბნებით ალბათ. თქვენ მე არ მიცნობთ. მე ლევან ბარამიძე ვარ. ფიზიკის ინსტიტუტის ასისტენტ-თანამშრომელი.