სპაუ „ ერთი ამსვა, დამსვა და
ამსტერდამში ჩამსვა... “
გიორგი ნაკაშიძე
იმ პატარა მოედანს, რომელსაც ჩემი სახლის ფანჯრებიდან გადავყურებ ხოლმე, სპაუ ჰქვია და ეს მშვენიერი ბინა ჰოლანდიის საერთაშორისო ლიტერატურულმა ფონდმა წიგნის დასაწერად დამითმო. ამ სახლში სამუშაოდ (ან, უბრალოდ, დასასვენებლად), ჰოლანდიელები იმ უცხოელ მწერალს ეპატიჟებიან ხოლმე, რომლის წიგნიც უკვე გამოცემულია ჰოლანდიურად, მაგრამ მე ამ ქვეყანაში უცხოდ თავს ნამდვილად არ ვგრძნობ – ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, სწორედ აქ (სადღაც ამსტერდამის მისადგომებთან), ბაბუაჩემი თავგანწირვით იბრძოდა. თუმცა ბაბუაჩემის ჰოლანდიური წარსულის შესახებ ბევრი დეტალი აუცილებლად დასაზუსტებელი მაქვს და შეიძლება სწორედ ამიტომაც ვარ ამსტერდამში; მაგრამ შეიძლება იმ ქართველი გოგოს მოძებნა მინდა, რომელმაც შარშან წერილი მომწერა და ვიცი, რომ ისიც აქ, სადღაც ზღვის პირას, რომელიღაც კუნძულზე ცხოვრობს. თუმცა ჰოლანდიის შესახებ წიგნის დაწერა ყოველთვის მინდოდა, რადგან ეს ქვეყანა არაფრით ჰგავდა საქართველოს და ეს განსხვავება ბავშვობიდანვე მიზიდავდა. პირველი განსხვავებაც (ქართველებსა და ჰოლანდიელებს შორის), ბავშვობაშივე აღმოვაჩინე და საერთოდ, ჰოლანდიელები იყვნენ პირველი უცხოელები, რომლებიც ცხოვრებაში ვნახე. პატარაობიდანვე თბილისის პიონერთა სასახლეში გამწესებულს (მშობლების მიერ), ისინი შემხვდნენ სასახლის მეორე სართულზე, სარკეებიანი დარბაზის გვერდით და მათი დანახვისთანავე გაოცებისაგან პირი დავაღე. სწორედ ასე, ჩემსავით პირდაღებული აკვირდებოდა თანატოლი ჰოლანდიელების ჯგუფს კიდევ რამდენიმე ქართველი ბავშვი, რომელთა შორისაც ჩურჩულით ვრცელდებოდა სიტყვა „ უცხოელები “ . როცა პირი დავხურე და იმის გარკვევა ვცადე, თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, აღმოვაჩინე, რომ იმ უცხოპლანეტელებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ჰოლანდიელები, არამედ ბელგიელებიც, მაგრამ ჩემთვის ჰოლანდია მაინც უფრო ჯადოსნურად ჟღერდა. სრულიად იზოლირებულ საბჭოთა მოქალაქეს, მაშინ, სამოცდაათიან წლებში, მაქსიმუმ (და ისიც შემთხვევით), შეიძლება ბულგარელი ან რუმინელი ტურისტი ენახა სადღაც კუს ტბის მისადგომებთან, მაგრამ ცოცხალ ჰოლანდიელთან შეხვედრა თბილისში ისეთივე ზღაპრული ამბავი იყო, როგორც მფრინავი ჰოლანდიელის არსებობა. სხვათა შორის, მფრინავი ჰოლანდიელი არა, მაგრამ ჰოლანდიელი მფრინავი მართლა ნახა ბაბუაჩემმა მელენტი მასხულიამ სწორედ იმ ტყეში, რომელიც მათ ბანაკს საფრანგეთის ქალაქ პერიგეს მახლობლად ესაზღვრებოდა. ეს იყო ალბათ არა განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის ტყვეთა ბანაკი, საიდანაც საბჭოთა სამხედრო პატიმრებს ახლომახლო ტყეებშიც კი უშვებდნენ ხოლმე სამუშაოდ და ეს ამბავი კი (ალბათ) 1943 წლის ბოლოს ან 44-ის დასაწყისში მოხდა, რადგან ფანჯრის რაფაზე გაშლილი ძველი წერილების მიხედვით უფრო ზუსტი თარიღის დადგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. ასტრონომიაში (ისევე, როგორც სხვა მეცნიერებებში) ძალიან ცუდად ვერკვევი, მაგრამ იმედია, მაინც სწორად მახსოვს, რომ პერიგე ყველაზე მოკლე მანძილს ნიშნავს მზესა და სხვა პლანეტებს შორის.
ფანჯარასთან კი იმიტომ ვზივარ ხოლმე წერის დროს და სპაუს პატარა მოედანს იმიტომ გადავყურებ (წერის პარალელურად), რომ ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩეს – ამსტერდამი გამუდმებით მოძრაობს ამ სიტყვის როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური და თუნდაც თბილისური გაგებით. თუმცა დიდი განსხვავებაც არის და პირადად მე, მაგალითად, თბილისში არასოდეს მინახავს ქუჩაში ისე მოძრავი ბიჭი და გოგო, როგორც ეს აქ ჩვეულებრივი მოვლენაა – როცა ერთმანეთის გვერდიგვერდ, ველოსიპედებზე შემოსკუპებული შეყვარებულები ხელებჩაკიდებულები მიუყვებიან ამსტერდამის მოკირწყლულ ქუჩებს. შეყვარებულ ადამიანებზე ლამაზი სანახავი მაინც არაფერია და შეიძლება სწორედ იმის დადგენა მინდა, მართლა შეუყვარდა თუ არა ბაბუაჩემ მელენტი მასხულიას მაშინ ჰოლანდიელი ქალი, რის გამოც ბებიაჩემმა იგი საჯაროდ დაწყევლა. წყევლა პირადად არ მომისმენია, მაგრამ კარგად მახსოვს ის 9 მაისი, როცა ვაკის პარკისკენ საზეიმოდ მიმავალ, მედლებითმკერდდამშვენებულ ბაბუაჩემს ბებიაჩემმა უცნაური ფრაზა მიაყოლა: ვაკის პარკში იმ ვეტერანებმა თუ იციან, რომ ჰოლანდიაში ჰიტლერს კი არ ებრძოდი, იმ ვიღაც ჩათლახთან იმალებოდი ამსტერდამის რომელიღაც სხვენშიო. მაშინ ხუთი წლის ვიყავი და ის ცხრა მაისი კი უკანასკნელი აღმოჩნდა ბაბუაჩემისთვის, რომელმაც საქართველოში დაბრუნებამდე თერთმეტი წელი გაატარა ციმბირში (როგორც პოლიტპატიმარმა) და როგორც ჩანს, ბებიაჩემის წყევლამ მას მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე უწია. უფრო სწორად კი, მოსკოვში და უფრო კონკრეტულად კი – კრემლში, სადაც ბაბუაჩემსა და კიდევ ათასობით ყოფილ ტყვეს საბჭოთა ხელისუფლებამ ციმბირში გადასახლება მიუსაჯა და 1941 წელს ფრონტზე გაწვეული მელენტი მასხულია სახლში მხოლოდ 1956 წელს დაბრუნდა – ომის დამთავრებიდან თერთმეტი წლის შემდეგ. ბებიაჩემს, ალბათ ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, რომ სტალინი ასეთი დაუნდობელი კაცი იყო და ამიტომაც ემხრობოდა ჰოლანდიური სხვენის ვერსიას, სადაც მისი აზრით, ბაბუაჩემი წარმატებით იმალებოდა. სანამ აქაურ არქივებში სიმართლეს დავადგენ, რამდენჯერაც ჩემი ჰოლანდიური სახლის ფანჯრიდან ველოსიპედებზე ამხედრებულ წყვილებს ვხედავ, ბებიაჩემის ვერსია მახსენდება და