შესავალი
საქართველოსათვის 1921 წ. 25 თებერვალი ორმაგი ტრაგედიის დღე იყო. ჯერ ერთი და, რაც მთავარია, რუსის ჩექმისაგან სამი წლის წინ თავდახსნილმა ქვეყანამ დაკარგა სანუკვარი თავისუფლება. მეორე და არანაკლებ მძიმე კი ის გახლდათ, რომ საბჭოთა წყობის დამყარებით მას თავს მოახვიეს ხელოვნური სისტემა, რომლის უაზრობაც ცხოვრებამ დაადასტურა. ამ უტრადიციო, ყოვლად გაუმართლებელმა წყობამ, კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით, დიდხანს ვერც გაძლო 70 წელი, ისიც მხოლოდ ძალადობისა და რეპრესიების წყალობით. ქართველი ხალხი ამ უბედურებას თავიდანვე ვერ შეეგუა და მას შემდეგ ქვეყანაში დაიწყო აშკარა თუ ფარული წინააღმდეგობა კომუნისტური რეჟიმის მიმართ, რაც საბჭოეთის ჩამოყალიბების ყოველ ეტაპზე გრძელდებოდა და რაც მუდმივი რეპრესიების ფონზე მიმდინარეობდა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ზრდიდა სიძულვილს არსებული წყობისადმი. ამდენად, ეს ტოტალიტარული რეჟიმი როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად უმძიმესი იყო იმ თაობებისათვის, რომელთაც საბჭოეთის ქვეყნებში, კერძოდ კი საქართველოში მოუხდათ ცხოვრება.
ამ ეპოქის საქართველოში ოფიციოზის მიერ მხოლოდ დადებითი ითქმოდა და იწერებოდა იმდროინდელი სინამდვილის შესახებ, ამდენად ამ პერიოდის რეალური სურათის აღდგენა დღეს შეუძლებელია იმ შეფასებების გაუთვალისწინებლად, რომელიც ხალხში თავის დროზე ჩურჩულით ვრცელდებოდა. ეს შეფასება კი მეტად უარყოფითი და დამაფიქრებელი იყო. საბჭოთა სისტემაზე სიმართლის ცოდნა დღეს აუცილებელია. ჯერ ერთი, ქვეყნის ისტორიის სწორად გასააზრებლად და, რაც მთავარია, იმიტომ რომ მსგავსი საშინელება აღარასოდეს არსად განმეორდეს. ეს სინამდვილე კი ძირითადად ზეპირმა გადმოცემებმა, ანეკდოტებმა თუ სიტყვიერების სხვა ნიმუშებმა შემოგვინახა. ამდენად, დღეისათვის უკვე აუცილებლობამ განაპირობა მოძიება და დაფიქსირება იმ ანტისაბჭოური სიტყვიერებისა, რომელშიც ასახულია საქართველოს რეალური ყოფა მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე. ეს ის პერიოდია, როცა 1918 წ. განთავისუფლებულ საქართველოს რესპუბლიკაში ომის გამოუცხადებლად შემოიჭრა რუსეთის მე-11 არმია და, ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელმეორედ მოხდა ქვეყნის ანექსია, რის შესანარჩუნებლადაც დამპყრობელი უმძიმეს რეპრესიებს ახორციელებდა.
საბჭოთა წყობის არა მხოლოდ დამყარების, არამედ მისი განმტკიცების ყოველი პერიოდი მეტად რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რადგანაც ხალხის წინააღმდეგობას ხვდებოდა. ანტისაბჭოური გადმოცემები და სიტყვიერების სხვა ნიმუშები ყოველ ეტაპზე იჩენდა თავს საზოგადოებაში, მაგრამ საყოველთაო შიშიანობის პირობებში ვერ ვრცელდებოდა. მით უმეტეს რაიმე ფორმით მათი დაფიქსირება არ ხდებოდა და მხოლოდ ახლობლების ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი.
დღეს უკვე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებამ ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სერიოზული მუშაობა ჩაატარა, რისთვისაც მოვიძიეთ ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშები, რომლებშიც მოთხრობილია საქართველოში ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმისათვის ნიშანდობლივი ამბები.
ამავე თვალსაზრისით დავამუშავეთ ქართული პრესაც, სადაც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული უკვე გამოჩნდა ჩვენთვის საინტერესო მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით არაერთი საყურადღებო მოგონება. ეს საკითხები აისახა ცნობილ ქართველ მოღვაწეთა მოგონებათა წიგნებშიც. ამ პერიოდის სრული სურათის წარმოსაჩენად, რასაკვირველია, ვისარგებლეთ სამეცნიერო ლიტერატურითაც, რომელიც ასევე ამ წლებიდან მოყოლებული მუშავდებოდა და ქვეყნდებოდა სტატიებისა და მონოგრაფიების სახით.
იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ადრინდელი პერიოდის რეპრესიებს, დღეს ცოცხლები აღარ არიან და ამ პერიოდის ამბები მათი აწ უკვე მოხუცებული შვილების მონათხრობით ჩავიწერეთ. შევკრიბეთ საბჭოეთის ჩამოყალიბების სხვა პერიოდების ამსახველი გადმოცემებიც, რომელთა მიხედვითაც მთელი მასალა შემდეგ ჯგუფებად შეიძლება დავყოთ:
1919-1921 წწ. საქართველომ დაკარგა სოჭის ოლქი, მოგვიანებით კი საინგილო (ზაქათალას ოლქი), ლორეს რ-ნი, ართვინისა და არგაანის ოლქები; კიდევ უფრო მოგვიანებით ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვარი იწევდა ხან იქით და ხან აქეთ.
ბოლშევიკური რუსეთის საქართველოში შემოჭრის ამსახველი გადმოცემები წითელი არმიის შემოსვლისა და მასთან ქართველი ხალხის მედგარი დაპირისპირების ისტორია.
თავადაზნაურობის აწიოკებისა და დახვრეტების ამსახველი ამბები.
სისხლით მოსულმა ხელისუფლებამ სისხლითვე როგორ ჩაახშო სახალხო გამოსვლები მის წინააღმდეგ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ანტისაბჭოურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული გადმოცემები.
როგორ არბევდნენ და ანგრევდნენ ეკლესიებს, როგორ იყენებდნენ მათ არადანიშნულებისამებრ, როგორ აწიოკებდნენ სამღვდელოებას; როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივი პარტიული და კომკავშირელი აქტივისტები ამ საქმეში.
იძულების წესით როგორ ქმნიდნენ სოფლის მეურნეობის წარმოების ახალ ფორმას კოლექტივიზაციას და მასთან დაკავშირებული გადმოცემები.
განკულაკებასთან დაკავშირებული გადმოცემები, ე. ი. იმ გლეხებისა და მათი ოჯახების აწიოკების ამბები, რომლებმაც დაუღალავი შრომით მოახერხეს ეკონომიკურად გაძლიერება.
30-50-იანი წლების დაჭერებთან დაკავშირებული გადმოცემები როგორ დაერივნენ ხალხის მტრებად წოდებულ ინტელიგენციას, როგორ მოაცილეს ერს ნაღები: მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები, სამხედრო ელიტა; როგორ წვავდა შეშინებული ხალხი საკუთარ წიგნებს, რომელთა ავტორებიც რეპრესირებულნი იყვნენ, მათ ხელნაწერებს; ასევე მათი არისტოკრატიული წარმომავლობის დამადასტურებელ საბუთებს; როგორ აფუჭებდნენ ფოტოებს, რომლებზედაც „ხალხის მტრებიც“ იყვნენ აღბეჭდილნი.