შესავალი ტერმინი ფილატელია ბერძნული სიტყვებისაგან philos (სიყვარული) და ateleia (გადასახადისაგან განთავისუფლებული) მომდინარეობს და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საფოსტო მარკით წერილის მიღების გადასახადი წინასწარ არის დაფარული და შესაბამისად წერილის მიმღებს რაიმე დამატებითი თანხის გადახდა არ უწევს. ტერმინ ფილატელიას ჰობის აღმნიშვნელადაც იყენებენ. ფილატელია გაცილებით უფრო ფართო სფეროა, ვიდრე მხოლოდ მარკების კოლექციონერობა და შენახვა. იგი გულისხმობს მარკებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესწავლას, მათ შორის, საფოსტო ისტორია, მარკების დიზაინი, წარმოება და ა.შ.
სიტყვა „ ფილატელია “ პირველად ფრანგმა კოლექციონერმა ჟორჟ ჰერპინმა [George Herpin] 1863 წლის 3 ნოემბერს ფრანგულ ფილატელისტურ გამოცემაში „ Collectionneur de Timbre-Poste “ გამოიყენა. მანამდე ამ სიტყვის მაგივრად ფრანგულ სიტყვას Timbromanie-ს იყენებდნენ, რაც ითარგმნებოდა როგორც „ მარკების მანია “ . კოლექციონერებს ეს სიტყვა არ მოსწონდათ, რადგან არ სურდათ ისინი „ მანიაკებად “ მოეხსენებინათ. ახალმა ტერმინმა სწრაფად სწორედ ამიტომ დაიმკვიდრა ადგილი.
ფილატელია ფართოდ გავრცელებული და კარგად დამკვიდრებული ჰობია და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უკვე 170 წელზე მეტია რაც მარკებს აგროვებენ. აშშ-ის საფოსტო სამსახურის ცნობით 22 მლნ ამერიკელი აგროვებს მარკებს. მათი უმრავლესობა მარკებით სისტემატურად არ ინტერესდება, არ ინახავს ყველა მარკას და არ ეკუთვნის რომელიმე ფილატელისტურ საზოგადოებას. 22 მლნ-დან მხოლოდ 250 ათასს შეიძლება ვუწოდოთ სერიოზული კოლექციონერი, რომელიც ფლობს ალბომებს, გაწევრიანებულია ერთ-ერთ ფილატელისტურ საზოგადოებაში და გამოწერილი აქვს ფილატელისტური ჟურნალები.
მარკების შეგროვება ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია, განურჩევლად ინტერესის, ბიუჯეტისა თუ ადგილმდებარეობისა. სტუდენტს, რომელიც სწავლობს გეოგრაფიას, მშობელს ან მასწავლებელს, რომელიც ისტორიისა და კულტურის გაგების ახალი გზების მოძიებას ცდილობს, საქმოსანს, რომელიც სტრესის შესამსუბუქებლად ორიგინალურ ხერხს მიმართავს ან პენსიონერს, რომელიც ახალ გამოწვევებს ელის, მარკების შეგროვება უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებს.
საფოსტო მარკები ისტორიის ვიზუალური ასახვაა. მარკები ერების გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების მაჩვენებელია. იგი ხელს უწყობს ვაჭრობასა და ტურიზმს, პატივს მიაგებს ეროვნულ გმირებს, აქცენტს აკეთებს სოციალურ საკითხებზე, აგროვებს ფულს ღირშესანიშნავი მოვლენებისათვის.
რატომ უნდა შეაგროვო მარკები?
მარკების კოლექციონერები დაინტერესებული არიან ადამიანებით, გეოგრაფიული ადგილებითა და საგნებით, რომლებიც მარკებზეა გამოსახული. მათ უნდათ მეტი იცოდნენ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ მარკებს გამოსცემენ, ვინ არიან მათი დიზაინერები, როგორ დაბეჭდეს და როგორ გამოიყენეს. ეს ელემენტები მარკების კოლექციას აქცევს ჰობად, რომელიც ყველა ადამიანის გონებას იპყრობს. ბოლოს და ბოლოს, მარკების შეგროვება გართობაა, რასაც ბევრ სხვა ჰობთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს. მას შეიძლება მისდიო ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში. ცნობილია, რომ ზოგიერთი მარკა ასეულ ათასობით დოლარად გაყიდულა, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.