მენეჯერი რომ ლიდერი გახდეს
ადამიანებს, როგორც წესი, არ უყვართ, როცა მათ მართავენ. მათ ბევრად უფრო მეტად ურჩევნიათ მუშაობა იქ, სადაც ლიდერი ჰყავთ. აქ ისინი ბევრად მეტის გაკეთებასაც ახერხებენ და ბევრად მეტ სიამოვნებას იღებენ მუშაობის პროცესიდან. შესაბამისად, თუ მენეჯერებს უნდათ, რომ მათმა თანამშრომლებმა ბევრად უფრო მეტი აკეთონ ამისათვის მათ მოუწევთ იქცნენ ლიდერებად.
ლიდერებსა და მენეჯერებს შორის მთავარი განსხვავება იმაშია, რომ მენეჯერებს ზევიდან ნიშნავენ, ლიდერებს კი გუნდის წევრები ირჩევენ. ეს ნიშნავს, რომ თუ მენეჯერს უნდა მის ორგანიზაციაში ლიდერიც გახდეს, მან მისი გუნდის წევრებისგან შესაბამისი მანდატის მიღებასა და შენარჩუნებაზე ფაქტიურად ყოველდღიურად უნდა იზრუნოს.
ამის მიღწევა კი საკმაოდ მარტივია. ყველაზე მნიშვნელოვანი სამი მთავარი რამის კეთებაა ამ დროს:
ა) უნდა დაეკითხო შენი გუნდის წევრებს რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება ბევრი. ყურადღებით უნდა მოუსმონო და ეცადო მათთან ერთად მიიღო, რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით ამან, შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება დროში გაწელოს და გაართულოს, მაგრამ სანაცვლოდ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების ვადები ბევრჯერ შემცირდება.
ბ) უნდა მოახერხო მაქსიმალურად დამუხტო შენი გუნდის წევრები მათში მომხმარებელებზე ზრუნვის გაჩენით, ორგანიზაციისათვის მათი როლის მნიშვნელობის ცხადად ახსნით, პირადი ყოველდღიური მაგალითით.
გ) მაქსიმალურად დაეხმარო მათი პირადი ინიციატივების, მიღებული გადაწყვეტილების, აღებული პასუხისმგებლობის რეალიზაციაში კონტაქტებით, რესურსებით, რჩევებით.
მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებთ გააჩინოთ ნაპერწკალი თქვენი გუნდის წევრების თვალებში, გახადოთ ისინი ბევრად უფრო ინიციატივიანები და ჩართულები საქმიანობაში. ამის გარეშე კი სულ უფრო რთული ხდება, მიაღწიო წარმატებას და შეინარჩუნო ის დიდხანს.