მცირე ნაკადულებისაგან წარმოქმნილი მძლავრი მდინარე
როგორც მდინარე განუწყვეტლივ აგროვებს თავის წყალს პატარ-პატარა წყაროებიდან, ნაკადულებიდან, შენაკადებიდან და მათ ერთ დიდ, ძლიერ დინებად აქცევს, რომელსაც ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა შეუძლია, ასევე განუწყვეტლივ აგროვებს ორგანიზაციული სტრუქტურა კონკრეტული ადამიანების შემოქმედებით ენერგიას და ძალისხმევას ჯგუფებად, სამსახურებად, დეპარტამენტებად და მათ ორგანიზაციის მიზნებისაკენ მიმართავს. რაც უფრო მძლავრია და მჩქეფარე თითოეული ნაკადული, რაც უფრო დიდ ენერგიას ატარებს ის, მით უფრო ძლიერია მდინარეც და მით უფრო მეტი სარგებელი შეუძლია მოუტანოს საზოგადოებას.
ადამიანების შემოქმედებითი შესაძლებლობები განუსაზღვრელია. თუ ძალიან მოინდომებს თითოეულ მათგანს უდიდესი ღირებულება შეუძლია ორგანიზაციისათვის შექმნას. სამწუხაროდ, ჩვენი ორგანიზაციები ამ შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილსაც ვერ იყენებენ. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი კი ის არის, რომ ამოცანა, რომელსაც ჩვენ მათ ვუსახავთ, ხშირად ჩვენთვისაც არ არის ნათელი, ან სტრატეგიას არ შეესაბამება. პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაკისრებთ, ასევე ძალიან ბუნდოვანი და ორაზროვანია და ძალაუფლება, რომელსაც ვანიჭებთ, საკმარისი არ არის იმისათვის, რათა ამოცანის მნიშვნელობის ადექვატური მხარდაჭერა მიიღონ დანარჩენი ორგანიზაციისაგან.
ორგანიზაციული სტრუქტურა, განსაზღვრავს რა თითოეული ადამიანისთვის ამოცანას, რომლის გადაჭრასაც მისგან ვითხოვთ და აკისრებს ამ ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭირო ძალაუფლებას, ადამიანების ამოუწურავ შემოქმედებით პოტენციალს ორგანიზაციის ერთიანი მიზნების სამსახურში აყენებს და ეხმარება მათ ერთობლივად, ყოველდღიურად დიდი და მნიშვნელოვანი ღირებულება შექმნან. რაც უფრო კარგია სტრუქტურა, ანუ რაც უფრო სწორად შლის ის ორგანიზაციის დიდ ამოცანებს თითოეული ქვედანაყოფის და თანამშრომლის ამოცანებად და პასუხისმგებლობებად, მით უფრო მძლავრია ამ მდინარის თითოეული შენაკადი, შესაბამისად ძლიერია და სასარგებლოა მდინარე, რომელიც ამის შედეგად ყოველდღიურად იქმნება.