ნუ გეშინია, დედა!.. უკანასკნელი ვარსკვლავი ჩაქრა. მამლებმა და ძაღლებმა შეთქმულებივით უცებ შეწყვიტეს ყივილი და ყეფა. ხეებმა სუნთქვა შეიკრეს. ზღვა ისე დადუმდა, თითქოს არ არსებობდა. მთებზე სქელი ნისლი გაფერმკრთალდა და ღამეს დაზაფრული კაცივით სიფითრემ გადაჰკრა. ყოველივე ეს რამდენიმე წამში მოხდა. მთელი სამყარო თითქოს აღმოსავლეთისაკენ შემობრუნდა და უნაგირა მთას მიაშტერდა რაღაცის მოლოდინში. საოცარია ეს სურათი და ჟამი, ვინც შესწრებია. ცაზე რომ უკანასკნელი ვარსკვლავი ქრება და მზე ჯერ არ ამოსულა, დედამიწა ობოლს ჰგავს, უპატრონოს.
- ეი, შერბინა, ამოდი!
- რა გინდა?
- ამოდი, მზის ამოსვლას ვუყუროთ!
- გააჭირე საქმე, არ გამიგია ყოველდღე მზის ამოსვლის ყურება!
- ამოდი, უბედურო, ამაზე უკეთესს რას ნახავ!
- კარგი, თუ ძმა ხარ, თავი დამანებე!
- ამოდი, გეუბნები!
- ახლა ჩვენი ცვლა მოვა. ამოდი, ჩამოდი, ამოდი, ჩამოდი, ღმერთი არა გწამს? არ შემიძლია!
- აბა, ეგდე მანდ და უყურე, როდის აძვრება ის დაფეხვილი მოლა მინარეთზე და ატეხავს ყროყინს!
- ვერ ამოვალ!
- პარხომენკო სად არის?
- საფარშია!
- უთხარი, ის მაინც ამოვიდეს!
- ძაღლით?
- ძაღლი შენ დაიტოვე.
- სულელი ხომ არა ხარ, გინდა შემჭამოს?!
და უცებ ამოვიდა მზე - ლამაზი, მაღალი, თბილი, ოქროსფერი, ცოცხალი და მაცოცხლებელი. თქვა თავმდაბალი სალამი, მერე გაიღიმა, გაიცინა, გადაიხარხარა და აშრიალდა ტყე, აყივლდა მამალი, აყეფდა ძაღლი, ამოძრავდა ზღვა, დადნა ნისლი და მიწამ ძალიან ძლიერად, ძალიან მძიმედ, მაგრამ შვებით ამოისუნთქა. გათენდა. ღამის სათვალთვალო ხელსაწყოს ბუდე ჩამოვაცვი და ცვლას დაველოდე.
- აღარ მოდიან? მოვკვდი კაცი შიმშილით და უძილობით! - ამომძახა შერბინამ. ბილიკს გავხედე. აღმართს სამი მესაზღვრე მოჰყვებოდა ზანტად.
- მოდიან!
- მადლობა ღმერთს! - შერბინა საფარიდან გამოძვრა, ავტომატი კოშკის კიბეს მიაყუდა და გემრიელად გაიზმორა.
- ესეც ასე! წუხელ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საგუშაგოს სახელმწიფო საზღვარზე არაფერი მომხდარა. შაბაშ! - თქვა და „პრიმა“ გააბოლა.
ნელ-ნელა დავეშვი სათვალთვალო კოშკის საფეხურებზე. ნალებით დაბეჭდილ ჩექმებს წკაპაწკუპი გაჰქონდა. ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი, - ვითვლიდი გუნებაში. რა უბედურებაა ეს ჯარი, ოთხამდე რომ გინდოდეს დათვლა, მაინც სამზე გაჩერდები. ერთი, ორი, სამი... ვერ მოგართვეს, ოთხი, რაღაც დამოუკიდებელი ციფრივით ჰკიდია ჰაერში. ოთხი საზღვარია, შლაგბაუმი, და თუ მოახერხე და თქვი ოთხი, მერე მიდი, თუ გინდა, მილიონამდე ითვალე: ერთი, ორი, სამი...
პარხომენკო და შერბინა დაბლა მელოდებოდნენ.
- პარხომენკო, რაა, თვალები რომ დაგსიებია, გეძინა? - ვკითხე ორმეტრიან პარხომენკოს.
- დაგაძინებს ეს შობელძაღლი? როგორც კი თვალს მილულავ, იმ წუთში ყურის ძირში გჩხაპნის თათით. ზუდოვის დედა ვატირე. ეს რა უსწავლებია! - თქვა პარხომენკომ და, რაც შეიძლება, ფრთხილად ამოჰკრა ჭიტლაყი ერთი წლის ნათმენ ბუღასავით ენაგადმოგდებულ ტანგოს.
- შენ გგონია, იმიტომ ასწავლა ზუდოვმა ფხანა, პარხომენკოს არ დაეძინოსო? ზუდოვს ქეცი აქვს და ძაღლს აფხანინებს, თვითონ ეზარება! - თქვა შერბინამ.
- ძნელაძის უძლეველ არმიას გაუმარჯოს! - მივესალმე ახალ ცვლას.
- ჯაყელო! წესდების მიხედვით, კოშკზე უნდა დამხვდე, მომახსენო ვითარება და მორიგეობა ისე ჩამაბარო, - შემახსენა სალმის მაგივრად ძნელაძემ.
- ყველაფერი ჟურნალში წერია, ამხანაგო ძნელაძე, და ბევრს ნუ ტლიკინებ!
- წესი წესია, ჯაყელო! მაგას მოვახსენებ ჩხარტიშვილს!
- ვიდრე შენ მოახსენებ, ისეთ რამეს მოვახსენებ, ნაობახტში ამოგალპობს! - დავემუქრე ძნელაძეს.
- რას მოახსენებ? - დადარაჯდა ძნელაძე.
- რას, ჩემო შალვა, და იმას, ალი ხორავას მკვახე მანდარინებმა რომ დიზენტერია დაგმართათ შენ და შენს არწივებს.
- ვინ, ვინ გითხრა? - დაება ენა ძნელაძეს.
- ვინ და ამან, თვალები რომ აქვს ამოღამებული და ჭიპი ხერხემალზე მიკრული. ვერ ხედავ, ძლივს დაათრევს ავტომატს?
- გაგვყიდე, უდღეურო? - მიუბრუნდა იგი მიკნავებულ პეტროვს.
- რა მექნა, შალვა, ჩაიკეტა ეს ვირიშვილი გუშინ საპირფარეშოში და სანამ ყველაფერი არ მოვუყევი, კარი არ გამიღო, - ამოიკვნესა პეტროვმა.
- გასაგებია, ძნელაძე?! - ვკითხე მკაცრად.
- გასაგებია, გასაგები! - ჩაიქნია ხელი ძნელაძემ და კოშკის საფეხურებს აჰყვა, ეტყობოდა, არც მას ჰქონდა მთლად დალაგებულად კუჭის საქმე.
- დივიზიააა, სწორდი! - გავეცი ბრძანება. წინ პარხომენკო დადგა ტანგოთი, უკან - შერბინა.
- სმენა! საგუშაგოსკენ ნაბიჯით იარ! ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი. პარხომენკო, დაიწყე!
„პასტროილის ვდვა რიადა
გორი კავკასიონა...“
დაიწყო ზარივით წკრიალა ხმით პარხომენკომ.
„ვდვა რიადა,
გორი კავკასიონა...“
აჰყვა შერბინა, და შემდეგ სამივემ ერთხმად დავჭექეთ:
„ნაშა როტა