1
ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაეწყო. უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა. წურავდა ნელა, დიდი მონდომებით: ერთი და ორი, ორი და სამი, სამი და ოთხი... ბოლოს ისე მოუჭირა ხელი, ისე დაწურა, სისხლის ნატამალიც აღარ დაუტოვა შიგ და ასე გამომშრალი და დაჭყლეტილი მიაგდო სადღაც კუთხეში, - გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარი ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა, მაგრამ გულის გაჩერება სიკვდილი არ ყოფილა, ეს ყოფილა უზომო შიშისაგან ფართოდ გახელილი თვალები და დაუსრულებელი მოლოდინი იმისა, ამუშავდება თუ არა ისევ წყეული გული, ამუშავდება თუ არა?!
- გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით.
- ჭირსა შიგან გამაგრება... - თქვა ექთანმა.
- ქალბატონო, რა დროს მხატვრული ლიტერატურაა, მიშველეთ!
- ნადია, ანალგინი, ახლავე დაგიყუჩდებათ!
- ნასვამია, ექიმო!
- კარდიოგრამა! - ავადმყოფი გაკოჭეს.
- რა ხდება? - იკითხა ექიმმა.
- ძალიან ღრმაა, ბატონო, ამას რა აკრეფს?!
- გტკივათ?
- ან გამიყუჩეთ, ან მომკალით!
- პრომიდოლი!
* * *
ხუთი წუთის შემდეგ:
- გაგიყუჩდათ? - ავადმყოფმა თვალის გახელა დააპირა, რათა დაენახა ამ გულუბრყვილო შეკითხვის პატრონი, მაგრამ ქუთუთოებზე ტყვიის მძიმე და ცივი ფირფიტები ეწყო.
- მორფი! - თქვა გაწბილებულმა ექიმმა და ტელეფონს ეცა.
- მე ვარ, ანთელავა, მონიტორი გაანთავისუფლეთ და დეფიბრილატორი მოამზადეთ, სწრაფად!
- მომკალით! - ისევ ითხოვა ავადმყოფმა.
- აზოტი! - ბრძანა ექიმმა.
ავადმყოფმა იგრძნო, როგორ დაადეს სახეზე სველი დოლბანდი, როგორ აიყვანეს ფრთხილად, ნავში ჩააწვინეს და ზღვაში შეაცურეს...
ზღვა ოდნავ ღელავდა და ნავი ზანტად ირწეოდა. უცებ მენავემ მკერდზე უზარმაზარი ბრტყელთავიანი ბლაგვი ლურსმანი დაადო და ნავის სკამზე დააჭედა მუშტის ძლიერი დარტყმით.
- რატომ დამაჭედე, შე უღმერთო? - დაიკვნესა ავადმყოფმა.
- რომ არ გადმოვარდე ნავიდან, - უპასუხა მენავემ.
და ახლა ხელ-ფეხი დაუჭედა ისეთივე ბრტყელთავა და ჟანგიანი ლურსმნებით, მერე ადგა და ნავის კიჩოდან წყალში გადაეშვა.
- არ მიმატოვო, ძვირფასო, თორემ ამ ლურსმნებს ვინღა ამომაძრობს? - შესტირა მარტოდ დარჩენილმა და გაკვირვებულმა ავადმყოფმა მენავეს.
- იქ, იმ ნაპირზე, ამოგიღებენ! - უპასუხა მენავემ და გაცურა. მისი ხმა შორიდან მოისმა. ახლა ნაპირიდან ესმოდა ავადმყოფს ყრუ შეძახილები, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ემშვიდობებოდნენ, აფრთხილებდნენ, ამხნევებდნენ, ანუგეშებდნენ თუ მოთქვამდნენ...
ბოლოს ყველა ხმა მიწყნარდა, დადნა, დაიკარგა და დარჩა მხოლოდ უსაშველო ტკივილი, მოლოდინი, უსაზღვრო ზღვა და თვითონ - ნავზე მილურსმული და ყველასგან მიტოვებული.
- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე! - თქვა ავადმყოფმა, თქვა და იმავე წამს მიხვდა, რომ ეს სიტყვები მას არ ეკუთვნოდა, ამიტომ არც ღმერთისაგან მათი გაგონების იმედი უნდა ჰქონოდა. ნავი კი ირწეოდა და ირწეოდა ზანტად ლურჯ ტალღებზე.
ზუსტად ათასი წლის შემდეგ ბიძგი და ამ ბიძგისაგან გამოწვეული აუტანელი ტკივილი იგრძნო ავადმყოფმა. ნავი მეორე ნაპირს მიადგა.
უამრავი ხალხი შემოეხვია ნავს:
- ეს რა უქნიათ, როგორ მიულურსმავთ საწყალი! - შეიბრალა ვიღაცამ და ნავი ნაპირზე ამოაჩოჩა.
- ამომაძვრეთ ლურსმნები, თორემ მოვკვდები! - ითხოვა ავადმყოფმა.
- იაშვილი სად არის? - იკითხა ერთ-ერთმა დამხვდურმა.
- აქ ვარ, ბატონო!
- ამოაძვრე ლურსმნები! - ბრძანა იმ დამხვდურმა.
- ძალიან ღრმადაა, ბატონო!
- მაშინ ყველამ ერთად ამოვაძროთ... აბა, ერთი, ორი და სამიიი!!!
- ღმერთო, ნუთუ ვერ ამოაძრობენ? - გაიფიქრა ავადმყოფმა და ხელი შეაშველა დამხვდურებს.
- არ გაინძრე! - გააფრთხილა ავადმყოფი ერთმა დამხვდურმა, მერე ისევ თავის ამხანაგებს მიუბრუნდა, - აბა, კიდევ ერთხელ, ერთი, ორი და სააამიიი!!!
კიდევ ათასი წელი გავიდა. კბილებით ექაჩებოდნენ ლურსმნებს დამხვდურები.
- ამოვიდა? - იკითხა უფროსმა.
- ამოვიდა! - თქვეს მისმა ქვეშევრდომებმა.
- რამდენზე?
- სამოცზე ამოვიდა, ბატონო!
- წნევას მოეშვით, ახლა გულს მიხედეთ!
- მაჯა ორმოცდაათია.
- მგონი, გამოძვრა, - თქვა იმან, რომელიც მონიტორს უყურებდა.
- გადაგორდა! - თქვა ავადმყოფმა.
- რა გადაგორდა? - იკითხა გაკვირვებულმა ექიმმა და ავადმყოფს შიშველ მკერდზე ყური დაადო.
- ბორბალი გადაგორდა! - გაიმეორა ავადმყოფმა.
- საიდან? - ჰკითხა ექიმმა ათრთოლებული ხმით.
- აი, აქედან გადაგორდა, ბატონო, - თქვა ავადმყოფმა, მარცხენა მხარეს გულთან ხელი დაიდო