მამიდა
კახამბლის ხმელ ტოტზე მამალი ჩხართვი იჯდა და ისე გალობდა, მამიდამ საქმეს თავი დაანება, სამფეხა სკამი ეზოში გამოიტანა, დაჯდა და სმენად იქცა, მე კოინდარზე დავწექი და თვალები დავხუჭე. ჩხართვი გალობდა სულმოუთქმელად, გულში ხმას ვაყოლებდი და ვცდილობდი არ მესუნთქა, ვიდრე ჩხართვი სულს არ მოითქვამდა, მაგრამ სუნთქვა არ მყოფნიდა. ჩხართვი გაბმულად სტვენდა. იშვიათად თუ შეჩერდებოდა, ჩამავალი მზისკენ გაიხედავდა და ისევ განაგრძობდა სტვენას. სპილენძის ლანგარივით წითელი უზარმაზარი მზე ზანტად ჩადიოდა და სუფსის ჭალაში დაბნეულ სოფლებს ცეცხლს უკიდებდა.
– ქეთო! – მოადგა ვიღაც ჭიშკარს. ჩხართვმა სტვენა შეწყვიტა.
– სოსო, სოსოია ბიჭო! – ახლა მე დამიძახა სტუმარმა.
– მობრძანდი! – გავძახე უკმაყოფილომ და წამოვჯექი. ეზოში ჩვენი ბრიგადირი დათიკო ჩამოვიდა.
– გამარჯობათ თქვენი! – მოგვესალმა იგი.
– გაგიმარჯოს! – უპასუხა მამიდამ, მერე ადგა და სტუმარს სამზარეულოში შეუძღვა.
კოინდარზე წამოვწექი და დაველოდე, როდის დაიწყებდა ჩხართვი გალობას ისევ, მაგრამ აღარ გალობდა. ავდექი და სამზარეულოში შევედი. ბრიგადირი რაღაცას ეუბნებოდა მამიდას, მე რომ შევედი, გაჩუმდა. მამიდა უხმოდ იჯდა, მუხლებზე ხელი შემოესალტა და ბუხარში ჩაფერფლილ ნაკვერჩხლებს ჩასცქეროდა. ბრიგადირმა ქისა ამოიღო ჯიბიდან, თუთუნი გაახვია, ბუხრისკენ დაიხარა, ცეცხლმოკიდე- ბული ფიჩხი აიღო, თამბაქოს მოუკიდა და გააბოლა. ოთახში მყრალი თუთუნის სუნი დატრიალდა.
– სოსოია, წყალი დამალევიე, შენს გაზრდას. – მთხოვა მან.
დოქთან მივედი.
– მაგი არა, ცივი მოიტანე.
დოქი ავიღე და ეზოში გავედი. როდესაც შემოვბრუნდი, ბრიგადირი რაღაცას ამბობდა. ჩემს დანახვაზე ისევ დადუმდა. წყალი მივაწოდე.
უგემურად მოსვა.
– კიდევ დაგისხა? – მადლობელი ვარ, მეტი არ მინდა.
– დაგელია კიდევ ერთი ჭიქა, შე კაცო! – შევეპატიჟე მე. მამიდას გაეღიმა.
– სოსოია, გახედე ერთი, რა აყეფებს იმ ძაღლს?.. – მითხრა ბრიგადირმა დუმილის შემდეგ.
– თუ ვინმეა, დაიძახებს. – ვთქვი მე. ბრიგადირი უხერხულად შეიშმუშნა.
– გადი, ბიჭო, ერთი წუთით გარეთ, სიტყვა მაქვს სათქმელი ქეთოსთან. – შემევედრა ბრიგადირი.
– თუ რამე გაქვს სათქმელი, ჩემთან უთხარი, – ვუპასუხე და ისე მოხერხებულად დავჯექი, ვინმე სკამიანად თუ გამიტანდა გარეთ, თორემ ისე ვერაფრით ვერ ამაგლეჯდა ადგილიდან.
– უფროსი და უმცროსი, სტუმარი და მასპინძელი არ იცი, ბიჭო, შენ? – მკითხა ბრიგადირმა და ისე შემომხედა, მივხვდი: მამიდაჩემის რიდი რომ არა, სიამოვნებით ამახევდა ყურს.
– ყოველ ღამე სტუმარი არ გამიგია მე! – გაჩერდი, ბიჭო! – გამიჯავრდა მამიდა.
– მე ბრიგადირი ვარ და ყველას ოჯახში ასე დავიარები. – ამიხსნა დათიკომ.
– ჰოდა, ბრიგადირი თუ ხარ და ყველას ოჯახში თუ ასე დაიარები, გადადი ახლა სხვის ოჯახში! – რა უნდა, ქეთო, ამ ბიჭს, რომ მჭამს ცოცხლად? – ჰკითხა ბრიგადირმა მამიდაჩემს.
– თქვი, დათიკო, რა გინდა! დათიკო შეიშმუშნა და ხრინწიანი ხმით დაიწყო.
– ხვალ მერიაში მივდივართ ყანის სათოხარად და ბიჭი დაგვახმარე, ჩემო ქეთო. გაიგე ახლა რა საქმეზე ვარ მოსული? – შემომიღრინა მან.
– გავიგე! – შევუღრინე მეც. მამიდას გაეღიმა. იგი ადგა, ბუხართან მივიდა, კეციდან ნაკვერჩხლიანი თუნუქი გადმოიღო, ჭადზე თითები დააკაკუნა, თუ გამოცხვაო, მერე არეკა, ტილოში გაახვია და მაგიდაზე დადო. ახლა დერგთან მივიდა, შიგ ხელი ჩაყო, დიდი წველა ყველი ამოარჩია, მაგრად დაწურა და ჭადს ზევიდან დაადო. ბრიგადირი მიხვდა მამიდა საგზალს მიხაზირებდა და სახე გამოედარა.
– წადი ახლა, დათიკო, – სთხოვა მამიდამ. დათიკო კარისაკენ წავიდა. ზღურბლთან შემოტრიალდა და თქვა: – ალიონზე ფოსტის წინ მოვიყრით თავს, იქ მოდი, ჩემო სოსოია, არ გრცხვენია, რომ მეჩხუბები?! რა გვაქვს მე და შენ გასაყოფი? შევრიგდით, ხომ? თავი დავუქნიე.
– შრომადღეს, როგორც კაცებს, ისე დავუწერ, – უთხრა ახლა მამიდას.
მამიდამ თავი დაუქნია და ბრიგადირი წავიდა. ეზოში გავედი, ზღმარტლზე აყუდებული ახალმოპირული თოხი ღარზე ჩავიტანე და ყუით წყალში ჩავდე. მამიდამ ლამპა გარეთ გამოიტანა, კარი მიიხურა, ურდულში ჯოხი გაუყარა და დასაწოლად ოდაში ავედით.
* * *
მამიდაჩემი ქართულის მასწავლებელია. იგი ყველაზე განათლებული და ლამაზი ქალია ჩვენს სოფელში. მამიდა, ბაბუაჩემის სკივრში რომ ხატი დევს, იმაზე გამოსახულ ღვთისმშობელს ჰგავს, მარიამს, და ქეთევანი ჰქვია. ალბათ ამიტომ ვერ გაუბედა ვერავინ სიყვარული ეთქვა, და არის მამიდა გაუთხოვარი. მე ძალიან მიყვარს მამიდა და სულ მეშინია, არ გათხოვდეს. მამიდა გრძნობს ამას და ალბათ ამიტომ არ თხოვდება, თუ არა და რა უშლის აბა, ხელს?! ვწევარ ჩემს საწოლზე გულაღმა, თვალგახელილი და მამიდას ჩურჩულით