ტკბილი საღამო უცნაური ამბავი გადახდათ თავს მოხეტიალე დურგალ ჟორა პირადოვს* და ბორცვეთელ მემაწვნეს, სახელად შოველს.**
*პირადოვი ჟორა, ევენგესის ძე _ ტომით ტფილელ მუშათაგანი. მამამისი ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდა და როდესაც გარდაიცვალა, წინ გვირგვინი წაუმძღვარეს: `საყვარელ ევანგესას მთელი ნახალოვკის მუშა ხალხისაგან~. ეს იყო 1930 წელს, დეკემბრის თვეში, იმგვარ სიცივეში, რომ დაკრძალვის ჟამს ზურნა ვერ აკვნესეს, რახან შინაარსი სულ გამოყინვოდა და ერთმა დამკვრელმა რომ ჩაჰბერა, ჰანგები ყინულის ნამტვრევებად გადმოცვივდა იქიდან. ზურნა გაყინა და კაცს რას უზამდა? პლატონას დუქნიდან წამოსული ევანგესა ელექტრობოძთან ჩამომჯდარიყო სულის მოსაბრუნებლად, გართობილიყო შუქით განათებულ თოვლის სილამაზის ცქერით და იქვე დასძინებოდა. დილით კი რაღას გააღვიძებდნენ, ლურჯი ეპოვნათ. იანვარში კი დაიბადა ჟორა და ობლად იზარდა. მსახურობდა ჯარში, იმიერპოლარეთში, სადაც გადაურჩა შუქით განათებული თოვლის ცქერისგან სიკვდილს და თბილისში მობრუნდა გულისფიცარზე ბელადის ლილისფერი მოხაზულობით. მუშაობდა თამბაქოს პირველ ფაბრიკაში, სვამდა უქმეებზე და თითები ჩაყვითლებოდა, მთელი სამოსი კი თამბაქოს მტვრით მოფიფქვოდა. ჟორა პირადოვი იყო სკკპ წევრი და გაბრაზებული იკითხავდა ხოლმე: `ეს ქვეყანა ვისია? თუ მუშისაა, მუშა არა ვარ?~1 იგი ოცნებობდა ახალ ბინაზე, რომელიც მრავალწლიანი ბეჯითი შრომისთვის უნდა მიეღო და რომელსაც საპირფარეშო ეზოში არ ექნებოდა. ბინა არ ჩანდა, ამიტომ პირადოვმა სამჯერ დაახეთქა კომუნისტური პარტიის წევრის მანდატი ქარხნის პარტკომის მაგიდაზე.2 მის შეკითხვას, ვისია ეს ქვეყანაო, ფერებით და მსუბუქი დაშინებით პასუხობდნენ. როცა, უკვე მოხუცებულმა, მეოთხედ გადაწყვიტა მანდატის დახეთქება, აღმოჩნდა, რომ თამბაქოს ფაბრიკა დაიკეტა, მანდატებს კი ყველანი რკინის კასრებში ყრიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.3
ამის შემდეგ პირადოვმა დურგლობა დაიწყო და ცდილობდა, თავისი ნახელავი (იატაკის საწმენდი ჯოხის ტარები, უზურგო სკამები, ღომის სარევი ციცხვები და სხვა) ბაზრების შემოგარენში და თბილისის ახლომახლო სოფლებში გაესაღებინა.
**შოველი (სახალხოდ _ შოულა) _ ბორცვეთელი გლეხი, მეშვიდე შვილი ბაღდო იაშაღაშვილისა, რომელსაც პირველი ექვსი ჩვილობაში გარდაცვლოდა. აკვანში მწოლარე შოველს პირში ხაშხაშის ნამცეცს ჩაუგდებდნენ ხოლმე, რათა ბევრი არ ეტირა. ამიტომ, მთელი სიცოცხლე, ლაპარაკი უჭირდა და იყო გიჟივით მშრომელი, თუმცა, ამით რომ ვერ გამდიდრდები, ვეღარა ხვდებოდა. შოველი სწორუპოვარი იყო საქონლის დაკვლასა და აქნაში, ჰქონდა მზით დამწვარი სახე და დაუჯერებლად თეთრი, მელოტი კეფა, რადგან უქუდოდ ცოლს თუ ენახა სახლში.
შოველს უყვარდა კურდღელზე ნადირობა და ერთი კარგი ძაღლიც ჰყავდა. გაზაფხულზე პარკეტი დაეგო ზედა სართულში, მაგრამ იმავე ზამთარს აეყარა და ბუხრისთვის ეჭმია, გაძვირებულ შეშას ვერ გამოჰკიდებოდა. საერთოდ, შოველმა ყველაფერი იცოდა, ამათ შორის _ დურგლობაც, არყის ხდაც, და გული გაზეთის კითხვისკენ მიუწევდა, თუმცკი, გაზეთს რომ გაშლიდა, იმწამს კისერი მოსწყდებოდა ხოლმე. ყველა ქელეხში და ქორწილში ხორცს შოველი ხარშავდა. ოხშივრის სიჩქარით ხვდებოდა ხორცის საჭირო მოხარშულობას და ჩქარი ხელი ჰქონდა. ლაპარაკობდა თათრულსაც, რადგან ადრე ბევრი ევლო ბორჩალოში და იქ მამედას პავილიონში პოვრადაც ემუშავა. თათარზე უკეთ ახერხებს ფითს, ყაურმას და ქაბაბსო, უკვირდა ყველას. დედაჩემს ხაშხაშით რო არ დავებანგე, გაზეთის კითხვისას ხომ არ ჩამომეძინებოდაო, ასეთი იყო შოველის აზრი. ამ მძიმე დროს, როცა რომ ქვეყანა ირეოდა და კაცი ვერ გამოთვლიდა ხვალის ამბავს, შოველს ძროხა ჰყავდა და მაწონი დაჰქონდა სოლოლაკში. ამით ორი კაპიკი შემომივა და ზემო სართულზე იატაკს დავაგებო. მიწებს რომ ხელახლა ანაწილებდა ახალი მთავრობა, მიმხვდარიყო, რომ რახან ქრთამი ვერ მისცა, დაეჩაგრათ და ერთი მიწის მოხელისათვის ეთქვა, მოგკლავო. მოხელე სიცილით მომკვდარიყო ამ გულიან ნათქვამზე და მერე ერთ სუფრაზეც მოეყოლა ეს ამბავი, იქ კი ვიღაც სხვანაირად განათლებულ კაცს სიცილი წაერთმია, ემაგეთებმა, შენ რომ ჰყვები, ილია ჭავჭავაძე მოკლეს ასი წლის წინათ და ერთი მიწის მოხელე რა გაუხდებათო. მოხელეს თავისი იაფი ცოდნით ეპასუხა, ილია სოციალ-დემოკრატებმა მოკლესო, მაგრამ იმ მეორეს ჩაეჩუმებინა, უფრო კი ღარიბმა ქართლელმა გლეხებმაო.
ჟორა პირადოვმა ორი პატარა, ბუხართან ჩამოსაჯდომი სკამი გაუკეთა შოველს, რომელსაც ცოლი ორბეთში გაეშვა, სიმამრიშვილთან სასტუმროდ.
შოველი მარტო იყო შინა და რახან ძროხა მოსვლოდა, მოეწველა და მზეც ეგრე კოხტათ ჩადიოდა, რომ ხელისგულების ფხანა ასტეხოდა. სხვისთვის თუ ხელისგულების ფხანა ფულის მოლოდინს ნიშნავდა, შოველისთვის ოდენ შიმშილის მაუწყებელი იყო.
შოველი იჯდა და უყურებდა: პირადოვი ეზოშივე საქმიანობდა; ხმადაბლა აგინებდა თეთრ, ლამაზ ფიცრებს და გამეტებით სცემდა ჩაქუჩს უთუსბირად ნაშოვნ ლურსმნებს.
დიახ, შოველმა თავადაც იცოდა დურგლობა, მაგრამ განა მოიცლის მაწონს შეჭიდებული გლეხკაცი? ამიტომ შოველი გაახარა ჟორა პირადოვის გამოჩენამ. რუსულ ფულზე მორიგდნენ: ორი სკამი – ოცი ათას მანეთად, და