რესტორანი „მადა“
– გამარჯობა, ზაზა! – როსტომს გაუმარჯოს, – როსტომმა ჯერ მაგრად ჩამომართვა ხელი, მერე ის ხელი ლოყაზე მომითათუნა.
– როგორ ხარ? – ისე რა. შენ როგორ ხარ? – ვკითხე მე და საათზე დავიხედე.
– გეჩქარება? – კიროვის ბაღში „სიცილიის ცის ქვეშ“ გადის, ხომ არ წამოხვალ, კარგი ფილმია. – ვუთხარი მე და ისევ საათზე დავიხედე.
– კარგი, თუ ძმა ხარ, ერთი წელია არ მინახიხარ! წამო, თითო დავლიოთ. – მთხოვა როსტომმა.
– არა, ფილმი უნდა ვნახო! – ხომ ვიცი, მეასედ ნახულობ, წამო! უსაშველოდ ღონიერია როსტომი. ისე მომიჭირა მკლავზე ხელი, პატიჟი აღარ დამჭირვებია, ჩემით ჩავირბინე რესტორნის კიბე და იქვე თევზების აუზთან, ცარიელ მაგიდას მივუჯექი, როსტომი დახლთან მივიდა.
არა მგონია, რესტორან „მადაზე“ ბინძური, უგემური, ბნელი, ძვირი და მადის წამრთმევი რესტორანი არსებობდეს ქვეყანაზე, და თუ მუშტარი ჰყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ღიაა, დილის 7 საათიდან მეორე დილის 7 საათამდე, წინა კვირის ორშაბათიდან მეორე კვირის ორშაბათამდე და ასე მთელი წლის განმავლობაში. „მადას“ ოფიციანტები ისეთი ჭუჭყიანი ხალათებით დადიან, რომ უბნის სანინსპექციის ექიმს შიგ შესვლა არ ჭირდება, დახლიდარი პირდაპირ კიბეზე აძლევს ანტისანიტარიისათვის გადადებულ ქრთამს. „მადას“ დახლიდარს, არქიფოს, მთელი თბილისი იცნობს და, რა თქმა უნდა, მეც ვიცნობ.
– რაა, არქიფო, ასე ბინძური რესტორანი, არ გრცხვენიათ? – ვკითხე ერთხელ.
– რესტორანი არ გახლავთ, ეს, ჩემო ბატონო, მუშათა სასადილოა! – მომიჭრა სიტყვა არქიფომ. იმ დღიდან მე, როგორც მომხმარებელი, „მადას“ ისეთ მაღალ მოთხოვნილებებს აღარ ვუყენებდი, როგორც წინათ, როდესაც იგი რესტორანი მეგონა.
დღეს რაღაც მეჩხრად ჰყავს მუშტარი „მადას“. ბნელი დარბაზის ბოლოში რვა-ცხრა კაცი ქეიფობს, შეზარხოშებულები ჩანან, უკვე ყაყანებენ და ისე ხშირად მიმართავენ ერთმანეთს: „თქვენი სახელი მაჩუქეთ, პატივცემულოო“, ეტყობა, ადრე ცალ-ცალკე ქეიფობდნენ და შემდეგ შეაერთეს მაგიდები.
როსტომი მოვიდა, ათი ხინკალი, ნახევარი ლიტრი არაყი თავისი ხელით მოიტანა და მაგიდაზე დადგა.
– მგონი, კონსერვიდან არის გაკეთებული, ისეთი სუნი აქვს! – თქვა როსტომმა, ცხვირი აიბზუა და ხინკალს, რაც შეიძლებოდა, ბევრი შავი წიწაკა მოაყარა, – მე გამითავდა, დამატება რომ დაგვჭირდეს, შენ რამდენი გაქვს? – მკითხა როსტომმა.
– სამი მანეთი! – უხერხულად გავიღიმე, გულის ჯიბეში ხელი ჩავაცურე, ფული ამოვიღე და მაგიდაზე დავდე. როსტომმა ფულს ხინკლიანი თეფში ისე დაადგა ზემოდან, ყური რომ გამოსჩენოდა, თან არაყი დაასხა.
– გინდა, გასწავლო, როგორ უნდა დალიო ასი გრამი არაყი უფასოდ? – მკითხა როსტომმა.
წინასწარ ვიცოდი, რასაც მომიყვებოდა, მაგრამ არ გავაწბილე.
– მიდი! – ვუთხარი.
– გუშინ მასწავლეს. – თქვა როსტომმა და გაიღიმა. – ესე იგი, უნდა მიხვიდე დახლთან და მოითხოვო არაყი, მერე ხინკალი, ხინკალი კი არა, ჯერ უნდა ჰკითხო დახლიდარს, რა ღირს არაყიო, მერე უნდა ამოიღო ფული და... დამავიწყდა! – თქვა მან, – ისე კი ძალიან სასაცილოა, თუ გამახსენდა, მერე მოგიყვები, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს! – როსტომმა ჭიქა მომიჯახუნა. არაყი გადაჰკრა და, ვიდრე სულს მოითქვამდა, ხინკალი მიაყოლა.
– არ ჯობია ახლა ეს კინოს? – მკითხა, სული რომ მოითქვა. მეც გადავკარი და ძარღვებში რომ სითბო ვიგრძენი, მგონი კი ჯობია- მეთქი, გავიფიქრე.
– გინდა, გასწავლო? – ვკითხე ახლა მე როსტომს.
– რა? – მკითხა როსტომმა და ისევ დაასხა.
– აი, ის, წეღან რომ არაყის უფასოდ დალევას მასწავლიდი.
– მოდი რა, თუ ძმა ხარ! – შემევედრა როსტომი.
– უნდა მიხვიდე დახლთან, – დავიწყე მე, – და ჰკითხო დახლიდარს: – რა ღირს ხუთი ხინკალი? – ათი შაური! – გიპასუხებს ის.
– მოიტა! – ეტყვი შენ. ის მოგცემს.
– არაყი რა ღირს ასი გრამი? – ჰკითხავ ისევ შენ.
– ათი შაური! – გიპასუხებს ის.
– არ მინდა ხინკალი, მოიტა არაყი! – ეტყვი შენ და ხინკალს დაუბრუნებ. ის წაიღებს ხინკალს და დაგისხამს ას გრამ არაყს. თრუხ! გადაჰკრავ შენ და წამოხვალ! – ეე! სად მიდიხარ! – გამოგეკიდება დახლიდარი.
– სახლში! – ეტყვი შენ.
– ფული? – გკითხავს ის.
– რისი ფული? – ჰკითხავ შენ.
– არყის ფული! – გეტყვის ის.
– ხომ მოგეცი ხუთი ხინკალი? – ეტყვი შენ.
– ხინკლის ფული? – გკითხავს ის.
– ხინკალი ხომ არ მიჭამია? – ეტყვი შენ.
– არა! – გეტყვის ის.
– მაშ, რა გინდა? –