"კორექტორთა ამბოხი და დარბაზში შემოჭრილი ტექსტი ეველინ ცენტერაძე (უეცრად გამოჩნდება დარბაზის ბოლოში, მარცხენა ხელზე ნაბეჭდი ფურცლების დასტა აქვს გადასვენებული და ყურებზე ჩამოკონწიალებული, თასმიანი სათვალე მკერდზე უელვარებს. გაწითლებული და გაოფლილია) - ბოდიში! დიიდი ბოდიში, მაგრამ დავიხრჩეთ! ფანჯრებს ვეღარ ვაღებთ, ეზოდან მსახიობების ღრიანცელი შემოდის! ზედ ჩვენი ფანჯრების წინ იღებენ! რაღაცას! გიჟურს! ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები! მირბიან და მორბიან! ვიღაცას კლავენ ვითომ! ვიღაცეებს იჭერენ! რატომ დაგვატეხეს თავზე ეს?! ფანჯრებს ვეღარ ვაღებთ! უჰაეროდ კი თვით კორექტორებიც დაიხრჩობიან! (""თვით კორექტორებიც"" გამომწვევად წარმოთქვა). ასე რომ, სხვა გზა არ არის, ეს კარი უნდა გავაღოთ! დიახ... და არც ის არის ჩვენი ბრალი, რომ აკადემიურ კორექტურას ორი კორექტორი სჭირდება, რომელთაგან ერთი ხმამაღლა კითხულობს, მეორე კი იმავე ტექსტს ჩუმად მიჰყვება. კორექტურული შეცდომები თუ გაიპარა, მაშინ ვახსენდებით ყველას! და დიდი თუ პატარა ქოქოლას გვაყრის! თუ შეცდომები არ გაიპარა, მაშინ ცალი თვალითაც არ გამოიხედავენ ჩვენსკენ! რა, პირობები არ სჭირდებათ კორექტორებს? მარტო იმათ სჭირდებათ, ვინც წერს? ოთხი წიგნი დაგვიხვავდა. ოთხი! რატომ, არ ვიცი. ადრე საერთოდ არ გვიგროვდებოდა. და ახლა წამსაც კი ვერ დავკარგავთ! მოკლედ, კარი უნდა გავაღოთ... მადლობა. ვეცდები, ძალიან ხმამაღლა არ ვიკითხო! გივი ემრალიძემ ხელები შუბლზე შემოიდო და თვალები დახუჭა. მერე კი წამოხტა, ელვის სისწრაფით მიაწვა ერთ კარადას და ლამის მიახეთქა მეორეს, ის ბედკრული ღიობიც ამოავსო, კარადებს შორის რომ რჩებოდა ხოლმე, დასწვდა იქვე დაკეცილ ბრეზენტს, გააფთრებულმა გადააფარა სამივეს და ასე გამოეყო გარესამყაროს. გამოეყო და გაისმა კიდევაც ეველინ ცენტერაძის ძლიერი ხმა: ""ვლადიმირ ველიჩკო.… კავკასია. თავი ""ძმები - ქართველები~, 1900 წელი~. "